ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა

პუბლიკა

ევროკომისიამ ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Temu €200 მილიონით დააჯარიმა.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ კომპანიამ „ვერ შეძლო პროდუქტების სისტემური რისკებისა და იმ ზიანის გულმოდგინედ იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება“, რომელიც მათ მომხმარებლებისთვის შეიძლება მიეყენებინათ.

Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს იმის დასადგენად, ასრულებდა თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს.

კომისიის განცხადებით, ე.წ. „მისტიური შეოპინგის“ შედეგად გამოვლინდა, რომ შერჩეული დამტენების ძალიან მაღალმა პროცენტმა ვერ გაიარა უსაფრთხოების ბაზისური ტესტები.

ამასთან, შემოწმებული საბავშვო სათამაშოების დიდმა ნაწილმა საშუალო და მაღალი სიმძიმის უსაფრთხოების რისკები გამოავლინა, ვინაიდან ისინი შეიცავენ კანონით დადგენილ ზღვარზე მეტ ქიმიურ ნივთიერებებს ან მოხსნადი ნაწილების გამო დახრჩობის საფრთხეს ქმნიან.

ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ Temu-მ სათანადოდ არ შეაფასა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი სერვისის დიზაინს, მათ შორის, სარეკომენდაციო სისტემებსა და პარტნიორი ინფლუენსერების მიერ პროდუქციის პრომოუშენის პროგრამებს გაეზარდა უკანონო პროდუქტების გავრცელების რისკები.

„ციფრული მომსახურების შესახებ აქტის“ (DSA) თანახმად, „ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებად“ მიჩნეულ სუბიექტებს მოეთხოვებათ, გულმოდგინედ შეაფასონ თავიანთ სერვისებთან დაკავშირებული სისტემური რისკები და მიიღონ შესაბამისი შემარბილებელი ზომები.

ევროკომისიის განცხადებით, დაკისრებული ჯარიმის ოდენობა გამოითვალეს დარღვევის ხასიათის, ევროკავშირის დაზარალებული მომხმარებლების რაოდენობის თვალსაზრისით მისი სიმძიმისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით. რისკების სათანადო შეფასების შეუსრულებლობა DSA-ის განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევაა.

Temu-ს 2026 წლის 28 აგვისტომდე აქვს ვადა, რათა კომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. მასში გაწერილი უნდა იყოს ზომები რისკების შეფასების ვალდებულებების დარღვევის გამოსასწორებლად.

ციფრული მომსახურების საბჭოს გეგმის მიღებიდან ერთი თვე ექნება თავისი დასკვნის გამოსატანად. ამის შემდეგ კომისიას კიდევ ერთი თვე მიეცემა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და იმპლემენტაციისთვის გონივრული ვადის დასადგენად.

შეუსაბამობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიოდული საჯარიმო სანქციების დაკისრება. კომისია აცხადებს, რომ აგრძელებს Temu-სთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილებასა და, ზოგადად, DSA-სთან შესაბამისობა.

თავად Temu-მ განაცხადა, რომ არ ეთანხმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევს და ამ ეტაპზე არსებულ სამართლებრივ გზებს განიხილავს.