პროკურატურის განცხადებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.
„გამოძიებით დადგენილია რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა გართულდა. აღნიშნულის გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ: ყალბი ე.წ. „ქეისის“ შედგენის სანაცვლოდ 1 000 – 1 500 აშშ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3 000 აშშ დოლარს. გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის, თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6 000-8 000 აშშ დოლარამდე თანხას”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც პროკურატურა ამბობს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი აშშ-ში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულებმა 4 მოქალაქის კუთვნილი 10 000 აშშ დოლარი მიიღეს, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს.
უწყება ამბობს, რომ გარდა ამერიკისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით, 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოსდა, ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
რაც შეეხება მეორე ორგანიზებული დანაშაულებრივ ჯგუფს, პროკურატურის თქმით, აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის ფარგლებში გამოვლენილი მორიგი ჯგუფი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა.
უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც აშშ-ში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ. ისინი მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა, ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადათ.
„ჯგუფის წევრებმა 65 საქართველოს მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს.
მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო”, – ამბობს პროკურატურა.
უწყების ცნობით, გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო.
„ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილით (პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის ან/და პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის, დამზადება, გასაღება) ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ცხრავე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ, ხოლო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება როგორც ამ და სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით გრძელდება.