ადვოკატი: ირაკლი ჩიხლაძის სურვილია, რომ გასაჯაროვდეს სისხლის სამართლის მასალები

პუბლიკა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა,

გიორგი გელხაურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ბრალდება აბსურდი, მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და დაცვის მხარის მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს საქმისთვის გრიფი საიდუმლოს მინიჭება, როცა ბრალდების მხარისგან განსხვავებით, დაცვა ვერ საუბრობს საქმეში წარმოდგენილი მასალების შინაარსზე.

„ამდენი წლის პრაქტიკა მაქვს ადვოკატობის და ასეთი დაბალი სტანდარტის გამოძიებული საქმე მე ჯერ არ შემხვედრია, გულწრფელად გეუბნებით.

ასე ნებისმიერ პიროვნებას, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან კომუნიკაცია და კონტაქტი, დაიჭერ ამ კვალიფიკაციით და სამშობლოს ღალატს დააბრალებ. კატასტროფა ხდება.

სამწუხაროდ, არ შემიძლია საქმის მასალებზე საუბარი. იცით, როგორი გარემოებები მაყენებს რთულ ვითარებაში? აი, დღეს პირველი სასამართლო სხდომის შემდეგ რომ გამოვედი, ჟურნალისტებმა მკითხეს, პროკურორი იყო ჩაწერაზე და თქვა, რომ საქმეშია კადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ჩიხლაძე თანხას იღებსო… თქვენ რა შეგიძლიათ, რომ თქვათო.

სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვუთხარი ერთი რამ, თუ არსებობს ფულის გადაცემა, იქ ხომ ისიც არსებობს, რა ინფორმაციის მიწოდებაზეა საუბარი. მაშინ მოდი, გაასაჯაროონ რა ინფორმაცია მიაწოდა, რომელი იყო საიდუმლოების შემცველი და ამ ინფორმაციამ დააზიანა თუ არა ქვეყნის ინტერესები.

სხვანაირად პირს პასუხისგებაში ვერ მისცემ, თუ ეს კრიტერიუმები არ არსებობს, ან უნდა მისცე დოკუმენტი, რომელიც საიდუმლოა, ან უნდა დააზიანო ქვეყნის ინტერესები.

თუ იმას ამბობ, რომ ჩანს ფულის გადაცემა, თქვი რა ინფორმაცია მიაწოდა, რატომ არ ამბობ?

ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო სხდომები დაიხურა. გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს, ოჯახთან კონტაქტიც აუკრძალეს“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

გიორგი გელხაურმა ირაკლი ჩიხლაძის საქმეზე საუბრის დროს მოიყვანა მაგალითი მისი საადვოკატო გამოცდილებიდან.

„ამ სისხლის სამართლის საქმეს ძალიან ჰგავს ჩემი გამოცდილებიდან ერთი საქმე.

საქართველოს სახელმწიფომ ინტერპოლის ოფისს მიმართა და უთხრა, რომ ამ პირის მიმართ გამოაცხადე ძებნა წითელი ცირკულარით და რომ დააკავებ, გადმოგვეციო. ეს პირი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი იყო. ჩვენ მივმართეთ ინტერპოლის ბიუროს. ბიურომ საკონტაქტო პირი გამოგვიყო და ამ პირთან კომუნიკაცია დავიწყეთ.

ამ პირთან კომუნიკაცია რომ დავიწყეთ, მოგვთხოვა საქმის მასალების გაგზავნა, ასევე მართლმსაჯულების პოლიტიკის ანალიზი – როგორია მართლმსაჯულება ბოლო წლებში, ასევე მოსამართლეთა სანქცირების დოკუმენტები. ჩვენ ეს მასალები ყველაფერი შევაგროვეთ, გავაკეთეთ ანალიზი, როგორ დეგრადირდება მართლმსაჯულების სისტემა. გავაგზავნეთ ეს მასალები, განიხილეს და უარი უთხრეს საქართველოს სახელმწიფოს, რომ ეს პირი დაესვათ ინტერპოლის ძებნაზე.

ახლა ნახეთ, სად მივდივარ, აი, ზუსტად ამ საქმეზე, რომელიმე კონტრდაზვერვის თანამშრომელს რომ დაეწერა პატაკი და ეთქვა, რომ ის პირი, რომელიც ინტერპოლმა გამოუყო გიორგი გელხაურს, დაზვერვის თანამშრომელიაო [მზვერავია], ეს ინფორმაცია რომ საქმეში ჩადოს, მე უკვე ვარ ამ მუხლისთვის გამზადებული, ზუსტად ერთი ერთშია.

უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა სხვადასხვა პროფილით, ზოგი ეკონომიკის, ზოგი სოფლის მეურნეობის, პოლიტიკის და სხვადასხვა დარგებში საქმიანობს. რა ევალებათ ამათ? ანგარიშების წერა, თუნდაც იმ ეკონომიკური, ან პოლიტიკური დარგის მიმართულებით. უამრავი ასეთი კვალია, მათ რა ევალებათ? რომ მოამზადონ ეს ანგარიშები, მოამზადონ ეს ყველაფერი და გაუგზავნონ ანგარიშის სახით უცხო ქვეყნის წარმომადგენელს. ასეთ ვითარებაზე კონტრდაზვერვის თანამშრომელმა რომ დაწეროს, რომ ის [ვინც მიიღო ეს ანგარიში] მზვერავი არისო, რის გადამოწმებაც მერე არ ხდება, იმიტომ, რომ ვერ გადაამოწმებ, მაშინ გამოდის, რომ უნდა წარუდგინო მათ ეს ბრალი“, – განაცხადა გელხაურმა.

მისივე თქმით, ამ საქმეს გულბაათ რცხილაძის საქმესთან კავშირი არ აქვს, სხვა სისხლის სამართლის საქმეა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ორი სხვადასხვა საქმეა.

„ირაკლი მხნედ არის და მოწოდებულია ბრძოლისკენ. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზიანი არ მოუტანია და ეს მას ძალას და მხნეობას აძლევს, რომ იბრძოლოს. წუხს, რას ამბობს საზოგადოება, ხომ არ მთვლის ირანის, ან რუსეთის ჯაშუშად. ეს წუხილები აქვს. მისი სურვილია, რომ გასაჯაროვდეს სისხლის სამართლის მასალები, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ის ჯაშუში არ არის. მიზეზი რატომაც დააკავეს, ამაზე ჯერ არ საუბრობს. ის ისაუბრებს და იტყვის, რეალური მიზეზი რა არის, მაგრამ წუხს, რას იტყვის საზოგადოება მაშინ, როცა ვერ ვაწვდით ინფორმაციას – რას ედავებიან და რისთვის ედავებიან. არანაირი შემხებლობა ჯაშუშობასთან და ქვეყნის ღალატთან ამ საქმეს არ აქვს“, – ამბობს გელხაურმა.

ირაკლი ჩიხლაძე 30 მაისს დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ის „მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნების დაზვერვის დავალებით, სისტემატურად აგროვებდნენ და აწვდიდნენ მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას“.

ასევე „ონლაინპლატფორმის საფარით სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს მართავდა. კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.“ – ვკითხულობთ ბრალდების ტექსტში. 1 ივნისს ირაკლი ჩიხლაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.