ცხინვალი შეშფოთებულია საქართველოში გატაცებების ფაქტების განახლებით – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა, კონსტანტინ კოჩიევმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული სააგენტო Рес ავრცელებს.
„სტუდენტი თამაზ გოლოევი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში მეზობელ ქვეყანაში გამგზავრებისას გაიტაცეს და ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ მისი ბედით. ეს ძალიან ნეგატიური სიგნალია ჩვენი პროცესისთვის, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებისთვის“, – განაცხადა კოჩიევმა.
სააგენტოს ცნობით, როგორც მედიის წარმომადგენლებთან კონფერენციაზე ევროკავშირის თანათავმჯდომარემ, მაგდალენა გრონომ განაცხადა, სტუდენტ თამაზ გოლოევის საკითხი ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო 67-ე რაუნდზე.
„ეს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზეც განიხილებოდა. ჩვენ ის ასევე დავაყენეთ თბილისში გამართული კონსულტაციების ფარგლებში და სამხრეთ ოსური მხარის მიერ დასმული კითხვებიც გადავეცით. ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარს არ ვაპირებთ, თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ როდესაც საქმე კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევებს ეხება, ისინი განიხილება როგორც ამ შეხვედრებზე, ისე ჟენევის დისკუსიების ფორმატშიც“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაგდალენა გრონომ.
27 წლის თამაზ გოლოევი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 აპრილს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.
სუსის თქმით, საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება; – საქართველოში სტრატეგიული ობიექტების – მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.
თამაზ გოლოევის დაკავებას რამდენიმე დღეში გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიც. ამის თაობაზე განცხადება 25 აპრილს გავრცელეს, სადაც გოლოევის ბრალდებას „მოგონილი“ უწოდეს.