„დაგვიბრუნეთ მამიკო“ - თბილისში დაბადებულ ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში აღარ უშვებენ

პუბლიკა

47 წლის მუსიკოსს, ერნესტ ავაქიმიანს 8 თვეა, საქართველოში არ უშვებენ. ის საქართველოში დაბადებული სომეხია და საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ აქვს ჩამორთმეული, მას შემდეგ, რაც სომხეთის მოქალაქეობა მიიღო.

ერნესტ ავაქიმიანს ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მოხუცი დედა და ძმა, რომელიც საავადმყოფოშია. ის თავს სიმღერით ირჩენდა. ოჯახი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და მათი ერთადერთი მარჩენალი სწორედ ერნესტ ავაქიმიანია.

როგორც ერნესტ ავაქიმიანის ცოლი ინა სნიკოვა „პუბლიკას“ ეუბნება, მის მეუღლეს საქართველოში ყოფნის ვადა დარღვეული ჰქონდა.

მან სომხეთის მოქალაქეობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო, იმისთვის, რომ რუსეთში სამუშაოდ უფრო ადვილად წასულიყო. ამის შემდეგ ერნესტს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს.

ინა სნიკოვას თქმით, მისი ქმარი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ცდილობდა და მზად იყო, სომხეთის მოქალაქეობა დაეთმო. როგორც 2025 წლის სექტემბერში მას იუსტიციაში უთხრეს, იმის გამო, რომ საქართველოში ყოფნის ვადა დარღვეული აქვს, საქართველოს საზღვარი უნდა გადაკვეთოს, დაბრუნდეს და ამის შემდეგ დაწეროს განცხადება.

ინა სნიკოვას თქმით, ერნესტმა საქართველო-სომხეთის საზღვარი გადაკვეთა, ჯარიმაც გადაიხადა, თუმცა უკვე მე-9 თვეა დაწყებული, საქართველოში აღარ უშვებენ.

„რაც გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ, ნაქირავებში ვცხოვრობთ, ვართ სოციალურად დაუცველები. ვითხოვ, ჩემი მეუღლე შემოუშვან საქართველოში, რომ თავის ოჯახს მიხედოს“, – ამბობს ინა სნიკოვა.

საზღვრის კვეთაზე უარი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. ორივე უწყებამ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ინა სნიკოვამ გუშინ, 2 ივნისს, პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა.

„ვაცხადებ შიმშილობას! ოჯახის გაერთიანებას მოვითხოვ!„

„დაგვიბრუნეთ მამიკო“ – წერია ერნესტ ავაქიმიანის ოჯახის წევრების საპროტესტო ბანერებზე.