ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს შეკითხვები დაუსვეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე.
რუბიომ გუშინ თქვა: „[ქართულმა მხარემ] გვკითხა, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია — არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც“, – განაცხადა რუბიომ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ ამერიკული მხარისთვის ასეთი შეკითხვით არ მიუმართავთ:
„ჩვენ არასდროს, არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ”, – თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტი: „აბა იტყუება რუბიო?”
კობახიძე: „არა ტყუილი რა შუაშია კაცო, ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით, რაღაც თქვას. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. შეიძლება ადამიანი რომ საუბრობს, რაღაც ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რა იყო ფაქტი. ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. ….საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან“, – თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ „იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს“, თუმცა ამ საუბრის დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
„მთავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში. რამაც გააფუჭა ურთიერთობები გასული წლების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. ძალიან კარგად გახსოვთ, რას აკეთებდა წინა ადმინისტრაცია, როგორ უჭერდა მხარს რადიკალიზმს, სიძულვილს, სიცრუეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ წაახალისებდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟს, მათ შორის, როგორ უბიძგებდა რადიკალურ ოპოზიციას არ ესარგებლათ მანდატებით.
ეს მოხდა, როგორც 2020 წელს, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შეცვლილი, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება ამერიკული მხარისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ დასმული შკიტხვის პასუხად ამბობს, რომ ინარჩუნებენ ოპტიმიზმს სწორედ ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომ პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენით.
„თქვენ [ჟურნალისტს] რაც გინდათ კონკრეტულად, იმას ვერ ნახავთ. თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას, სამართლის უზენაესობის ხელყოფას, ამას თქვენ ვერ ნახავთ. რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით” – თქვა კობახიძემ.
გუშინ, 3 ივნისს მარკო რუბიო წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს სახელმწიფო დეპარტამენტის 2027 წლის ბიუჯეტის მოთხოვნა წარუდგინა.
სხდომაზე მას კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჰკითხა:
„ირანის მომხრე რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და თეირანისთვის სანქციების გვერდის ავლას. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა უწყობს ხელს საქართველოს რესპუბლიკაში?”.
ჯო უილსონს სახელმწიფო მდივანმა უპასუხა:
„მართალი ხართ, ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ეს იყო ჩვენი შეშფოთების საგანი. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ შევძლებთ ტრაექტორიის ცვლილების დანახვას საქართველოს შემთხვევაში იმასთან შედარებით, სადაც ის დღეს იმყოფება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რაც ახლა წარმოადგინეთ, ჩვენთვის მანამდე არსებულ პრობლემებს შეადგენს. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია — არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც“, – განაცხადა რუბიომ.
30 მარტს მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესის სფეროებს, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას.
კობახიძის თქმით კი რუბიოსთან განიხილეს პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობა.
25-28 მაისს საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია.
შემაჯამებელ განცხადებაში დელეგაციამ აღნიშნა, რომ მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას.
„დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს, 3 ივნისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ურთიერთობების გადასატვირთად სამართლიან მიდგომებზე დაბრუნებაა საჭირო.
„იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ეს დისკუსია განვაგრძოთ. მთავარი, რითაც შეიძლება, გადაიტვირთოს ურთიერთობები, ეს არის სამართლიან მიდგომებთან დაბრუნება.
იცით, რაც კი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის უსამართლო მიდგომების გამო. რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე, შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე.
ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას, ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რასაც არ ითვალისწინებდა წინა ამერიკული ადმინისტრაცია. ისინი არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სცემდნენ პატივს და არც არჩევნების შედეგს სცეს პატივი, შესაბამისად არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები“, – განაცხადა კობახიძემ.