აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოზე ორი შესწორება შედის

პუბლიკა

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება შედის.

ორივე შესწორების ინიციატორი MEGOBARI აქტის პროექტის თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. შესწორებები 4 ივნისს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა დაამტკიცა.

შესწორებები შემდეგია:

თავდაცვის დეპარტამენტის ურთიერთობები საქართველოსთან

„კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა იმ პირების მზარდი დაკავებებითა და პატიმრობით, რომლებიც ფართოდ მიიჩნევიან პოლიტიკურ პატიმრებად და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი თანმიმდევრულად და შესაბამის მაღალ დონეზე უნდა დაისვას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივი ურთიერთობებისას.

აქედან გამომდინარე, კომიტეტი ავალებს თავდაცვის მდივანს, არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა, წარადგინოს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს არაკლასიფიცირებული (ღია) ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგიას საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობებში პოლიტიკური პატიმრების საკითხის ინტეგრირების თაობაზე“.

ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევა კავკასიის რეგიონში

საქართველოს შესახებ შეტანილი კიდევ ერთი შესწორება აშშ-ის თავდაცვის მდივანს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო უჯრედების შესახებ.

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა აკობია NNDA-ში ინიციირებულ შესწორებებს აფასებს.

მისი განცხადებით, ეს განვითარება გულისხმობს შემდეგს:

„1. სადაზვერვო მონაცემების შეგროვება: 2026 NDAA-ს შესწორება ავალდებულებდა ეროვნული დაზვერვის დირექტორსა (DNI) და პენტაგონს, ზუსტად შეესწავლათ, თუ რამდენად ღრმად აქვთ შეღწეული რუსულ და ჩინურ საჯაშუშო ქსელებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების აპარატში. ახლანდელი შესწორება ერთი ტონით დაბალია, რაც ზრდის მისი ბოლომდე გატანის შანსებს.

2. დამოუკიდებელი კანონპროექტის გაჩერება სენატში ორი სენატორის და კორპორაციული ლობისტების გამო უკვე მოხდა. ამ ახალი ჩანაწერის NDAA-ში შეტანით, კანონმდებლები აიძულებენ თეთრ სახლსა და პენტაგონს, აქტიურად აკონტროლონ საქართველო და ეს ხერხდება სენატისგან ინდივიდუალური დაბლოკვის საფრთხის გარეშე.

3. ეს შესწორება გულისხმობს საქართველოსადმი აშშ-ის მომავალი სამხედრო დახმარების პირობითობას, ანუ უფლებების დაკავშირებას უსაფრთხოებასთან. აქამდე, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ აშშ-ის რეაგირება ძირითადად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებით შემოიფარგლებოდა. ახალი მექანიზმით, ამ დებულებების თავდაცვის ბიუჯეტში შეტანით, კონგრესი აგზავნის სიგნალს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მომავალი სამხედრო თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნები და ამერიკული თავდაცვის დახმარება სამართლებრივად იქნება დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ ეპყრობა თბილისი პოლიტიკურ პატიმრებს და როგორი ურთიერთობები აქვს ამერიკის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან.

markup language საბოლოო ჩასწორებას ნიშნავს შეიარაღებული ძალების კომიტეტის (რომლის გავლენიანი წევრია ჯო უილსონი) მხრიდან და მისი შეცვლა/ამოღება/ჩანაცვლება არ ხდება. ანუ, კომიტეტის დონეზე ეს ტექსტი გატანილია.

ეს დირექტივა მოითხოვს, რომ სამხედრო თანამშრომლობის წინაპირობად სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინოს საჯარო რეპორტი/სტრატეგია, თუ რა წინაპირობები დაედება სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, რომლის ნაწილი პირდაპირ წერია, რომ იქნება პოლიტიკური პატიმრების საკითხი. კომიტეტი ამ სტრატეგიას 2026 წლის 1 ოქტომბრისთვის ითხოვს. ეს არის 2027 წლის ფისკალური ბიუჯეტის პირველივე დღე. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი NDAA 2027 დამტკიცდება, სახ. დეპთან ერთად უკვე თავდაცვის დეპარტამენტი დაიწყებს მოკვლევას (ანუ 2026 წლის ოქტომბრამდე ბევრად ადრე), რომელიც მის ე. წ. Georgia strategy-ს დაედება საფუძვლად.

ეს განვითარება აჩვენებს, ჯო უილსონის აბუჩად აგდება რამდენად მიოპიური და შეუფერებელი საქციელი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან.

ეს ასევე ადასტურებს იმას, რაც არაერთხელ მითქვამს ტელეეთერებში: როცა საქართველოსთან დაკავშირებით ამხელა პროცესია ჩაშვებული (მეგობარი აქტი) ეს პროცესი უკვე ნიშნავს, რომ ყურადღება მიიპყარი უარყოფითად, და ამის დაძლევა თვითკრიტიკის, რეფლექციის და ძალმომრეობითი პოზიციების დათმობების გარეშე შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ სენატში ცალკე მდგომი დიდი კანონპროექტის (მეგობარი აქტი) დაბლოკვა წარმატებად შეაფასა, ამ ნაბიჯმა და წინაღობამ საპასუხო რეაქცია გამოიწვია და უილსონის ხელმძღვანელობით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში უფრო სახიფათო მექანიზმების ინიციირებას დაუდო სათავე.

ამ კანონპროექტს ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი დამტკიცებამდე. შესაძლოა, ლობიზმის და ბიზნესინტერესების წყალობით იგივე ბედი ეწიოს რაც შარშანდელ NDAA-ს, მაგრამ რისკები ნაკლებია, რადგან მოთხოვნა უფრო დაწურულია და მყისიერ ნაბიჯებს არ ითხოვს, არამედ ითხოვს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას და საჯარო ანგარიშს.

გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე, იკვეთება, რომ აშშ დაინტერესებულია საქართველოსთან ზოგ სფეროში თანამშრომლობით. განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობამ არ გადაფაროს ადამიანის უფლებების და მმართველობის ჩავარდნის საკითხები ამ ქვეყანაში. ამ კუთხით ჯო უილსონის ეს მორიგი მცდელობა „ქართული ოცნების“ მიერ ყველა უფლებაშელახული ადამიანისთვის გადაგდებული მაშველი რგოლია, განსაკუთრებით კი პოლიტიკური პატიმრებისთვის, რომლებიც უკვე თითქმის 2 წელია, საპატიმროში არიან და სამართალს ვერ პოულობენ.

წინ პალატის კენჭისყრა, სენატის ვერსია და შერწყმის ეტაპია. კონფერენციის დროს (როცა ხდება ორივე პალატის კანონპროექტების შერწყმა) შეიძლება ტექსტი შეიცვალოს, მაგრამ მძლავრი პოლიტიკური სიგნალი დღეს და ახლა უკვე გამოშვებულია. რაციონალური ადამიანი ამას უნდა აღიქვამდეს“.