4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 8 ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება. ინფორმაცია 15 პირის დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი.
საპროცესო შეთანხმების პირობა 3-წლიანი პირობითი მსჯავრი იქნება. შეთანხმება საბოლოოდ სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
ბრალდებულები, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო გაუფორმდებათ, არიან:
-
ალექსანდრე გოგოლაძე;
-
სულხან აბრალავა;
-
ევა შაშიაშვილი;
-
გოჩა ყატაშვილი;
-
დავით ღურწკაია;
-
ჯანდრი თირქია;
-
რამაზ ჯორბენაძე;
-
გენადი კელიხაშვილი.
პროცესზე ბრალდება არ აღიარეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან დავით ჟღენტი, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, დავით სტურუა, გოგი ჩახუნაშვილი. ია დარახველიძე პროცესს არ ესწრებოდა. ადვოკატის ცნობით, ის დუმილის უფლებას იყენებს.
„პროკურატურის პოზიცია ასეთია – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მოგვმართავს განცხადებით, რომ მას გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ მზად ვართ, მასთან ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. იმ დარჩენილმა შვიდმა პირმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თავს არ ცნობენ დამნაშავედ, შესაბამისად, მათთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესოს თაობაზე, თუმცა თუ შეიცვლიან პოზიციას, აღიარებენ ბრალს, თავს ცნობენ დამნაშავედ მთლიან ბრალდებაში… რა თქმა უნდა, მზად ვართ, მათთანაც განვიხილოთ შეთანხმების საკითხი“, – განაცხადა საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
ხინთიბიძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
ბრალდებულ დავით ჟღენტის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე მედიას უცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე დავით ჟღენტის უარის მოტივაცია იყო ის, რომ მას „შინაგანი მე კარნახობდა, რომ ვერანაირად ვერ აღიარებდა იმას, რაც არ ჩაუდენია“.
„მე არ მინდა, რამე ვთქვა ბრალდებულებზე, ვინც პოზიცია დააფიქსირეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმაჩნია, რომ არცერთ მათგანზე არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, თუმცა დავითის შინაგანი მე, მისი პრინციპული პოზიცია კარნახობდა, რომ იგი ვერანაირად ვერ აღიარებდა იმას, რაც არ ჩაუდენია“, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ბრალდებულ ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, მათ გარანტია არ აქვთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამიტომ მიიჩნიეს, რომ რისკზე წასვლა არ ღირდა და ბრალდებულისთვის მისაღები აღმოჩნდა პროკურატურის შეთავაზება.
„ადრე იყო საუბარი ერთ წელზე [ციხეში] და ამ პირობას არ დავთანხმდით. ახლა პირობა არის ის, რომ დაუყოვნებლივ განთავისუფლდება და ამ შემოთავაზებამ იქონია გავლენა… ეს პროკურატურისგან იყო დათმობა, კეთილი ნება და მისაღებია“, – განაცხადა ადვოკატმა.
4 ოქტომბრის 15-პირიან საქმეზე ბრალდებულები არიან დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.
მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ:
დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია.
- · სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; ·
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
ია დარახველიძე:
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;