TI: „ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას ეკისრებათ“

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გასულ სიუჟეტს, რომელიც პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემისა და მათზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ეხება.

„ … მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამან პრობლემა თვისობრივად ვერ მოაგვარა. უფრო მეტიც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, კოკა კაციტაძე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „მაგნიტსკის“ სანქციების სიაში აღმოჩნდა, სწორედ იმ საფუძვლით, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი სისტემური წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიება არ მოხდა.

იმის ნაცვლად, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეს უმძიმესი პრობლემა მოეგვარებინათ, მათ საერთოდ გააუქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამასთან, არამხოლოდ პოლიტიკური რიტორიკისა, არამედ პრაქტიკის დონეზე დაამკვიდრეს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების იგნორირების, დაზარალებულთა მიმართ ნულოვანი თანაგრძნობისა და დაუსჯელობის პოლიტიკა.

ამის დასტურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2026 წლის თებერვალში არასრულწლოვანის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით დაკავებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, შესაბამისად მან პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა. გარდა ამისა, დღემდე არ მომხდარა 300-მდე პირის მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან განხოციელებული წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება.

სწორედ მმართველი პარტიის ეს მიდგომა და ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ გამოხატული ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკა განაპირობებს იმ მძიმე სურათს, რომელსაც საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღიურად ხედავს. წლებია უკვე ეს არ არის ცალკეული პოლიციელების თვითნებური ქმედებები, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას ეკისრებათ“,- ნათქვამია გავრცელებულ განცახდებაში.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ შსს-მ კადრების ავთენტურობა დაადასტურა და აცხადებს, რომ კადრები 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა ეს დანაშაული თითქმის 4 წლის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და ისინი პროკურატურამ დააკავა.

„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი,  იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული“, – აცხადებს შსს.

სისხლის სამართლის არაერთი სპციალისტი კადრებში ასახულ პოლიციელების ქმედებებს წამებად აფასებს.