„მთლიანად განადგურებულია ქარელში ზღუდერის ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუში იყო… ძეგლის დანგრევა და ახალი მშენებლობა მოხდა უნებართვოდ”, – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი ეხმაურება ზღუდერის ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე ამბებს.
„შაბათს, 13 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ მთლიანად განადგურებულია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ზღუდერის ეკლესია – VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, გადაკეთებული X და შემდეგ XIV საუკუნეებში და ნაწილობრივ დანგრეული საბჭოთა პერიოდში. შენობა წარმოადგენდა ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშს და მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მის ნაფუძარზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც ახლა ირკვევა, ძველი ეკლესია ჯერ კიდევ შარშან დაუნგრევიათ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა. რომ არა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლის თამთა დოლიძის ჩასვლა ზღუდერში, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი ალბათ კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა უცნობი საზოგადოებისათვის.
კვირას, 14 ივნისს გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძეგლის დანგრევა და მის ადგილას ახალი მშენებლობის დაწყება მოხდა უნებართვოდ. განცხადებიდან ჩანს, რომ სააგენტო უკვე ერთი წელია საქმის კურსშია, მაგრამ ვერაფერი გააწყო აშკარა უკანონობის აღსაკვეთად. მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა თუ მითითებების სრული უგულებელყოფა, რასაც შეეწირა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი.
ეს ამბავი ცხადად გვიჩვენებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ბუნებრივია, სააგენტოს აქვს პასუხისმგებლობის თავისი წილი, მაგრამ ვითარება ვერ გამოსწორდება ვერც მარტოოდენ ამ ორგანიზაციის სისტემური რეფორმით (რომელიც თავისთავად აუცილებელია) და ვერც საკადრო ცვლილებებით, თუ კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ გახდება ისტორიული ძეგლების დაცვა ხელყოფის მცდელობებისაგან – დამოუკიდებლად იმისა, თუ ვისგან მოდის ეს მცდელობა”, – ვკითხულობ განცხადებაში.
რას ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო:
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის- წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა.
სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას. ვითარების თაობაზე, ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს”, – ნათქვამია განცხადებაში.