სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის ჯილდო გადასცეს

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის მარკ პალმერის ჯილდო გადასცა.

პრესსამსახურის ცნობით, ჯილდოს გადაცემის სპეციალური საზეიმო ცერემონია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის,  სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ვაშინგტონში გამართა. 

ორგანიზაციის განმარტებით, ეს ჯილდო ბოლო წლებში სალომე ზურაბიშვილის განსაკუთრებული როლის ხაზგასმაა  საქართველოს ევროპული კურსისა და დემოკრატიული განვითარების დაცვის საკითხში. ასევე, პრეზიდენტ ზურაბიშვილისათვის 2026 წლის მარკ პალმერის პრემიის გადაცემა, მისი პრინციპული ლიდერობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების აღიარებაა.

მარკ პალმერის პრემია გადაეცემა დიპლომატებსა და მთავრობათაშორის ორგანიზაციებში მომუშავე ოფიციალურ პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში. ჯილდოს მიმღები უნდა გამოირჩეოდეს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი არჩევნების, სამოქალაქო თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერით

„მინდა, მადლობა გადავუხადო მარკ პალმერის პრემიის კომიტეტს, მინდა მადლობა გადავუხადო Freedom House-ს. არ ვიცი, რამდენად ვიმსახურებ ამ ჯილდოს, მაგრამ რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, ვინც ნამდვილად იმსახურებს ამ პრემიას.

ესენი არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც უკვე 18 თვეა სრულიად უსაფუძვლოდ სხედან ციხეში. მხოლოდ იმისთვის, რომ ხმამაღლა ამბობდნენ და იცავდნენ საქართველოს გზასა და დამოუკიდებლობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯილდო ასევე ეკუთვნით იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ციხეში იმყოფებიან და რომლებსაც სასტიკად, არაადამიანურად ეპყრობიან.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრემიას იმსახურებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც დღეს საქართველოში მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ.

ზოგადად, საქართველო მეტ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული რეჟიმი ნამდვილად არ იმსახურებს არც თანაგრძნობას და არც განსაკუთრებულ ყურადღებას.

ორ რამეს გაუსვამდი ხაზს. პირველი: ეს ნამდვილად არის დემოკრატიის უკუსვლა. თუმცა ეს სიტყვა არ მიყვარს, რადგან იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ უკუსვლა; ეს არის დემოკრატიის ნგრევა, რღვევა… მეორე კი ის არის, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ დიქტატურისა და ავტოკრატიული რეჟიმის აღზევება. ეს არის რუსეთის მიერ მართული, კარგად ორგანიზებული და დახვეწილი გეგმა. მოდელი შექმნილია რუსეთში და ჩვენ უბრალოდ ამ მოდელს მივყვებით. 

ყველა რეპრესიული კანონი რუსული კანონების ზუსტი ასლია… ამ სფეროებში რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა, რომლის მეშვეობითაც ისინი ახლა ცდილობენ არა მხოლოდ საზოგადოების რეპრესირებას, არამედ საზოგადოების დეპრესიაში ჩაგდებას.

ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. რადგან სრულიად გაუგებარი და მოსკოვისთვის არასწორი სიგნალის გამგზავნი იქნება, თუ მოსკოვი ასე მარტივად შეძლებს კავკასიაში დაბრუნებას. სადაც, მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს, ეს მათ არც სჭირდებათ. დღევანდელი მიზანია შექმნან არასახელმწიფო, არადემოკრატია, სულ მცირე, ისეთი ადგილი, სადაც ევროპასა და ამერიკას აღარ დაედგომებათ“, – განაცხადა დაჯილდოების ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილმა.