ადვოკატი: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა გაუარესდა - აქვს მოძრაობის გართულება, სჭირდება ჯოხი

პუბლიკა

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ადვოკატის თქმით, ელენე ხოშტარიას აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ჯოხი სჭირდება.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, უკვე ორი კვირაა, რაც პენიტენციურ დაწესებულებას მიმართეს მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, თუმცა დღემდე ამ მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ.

„უკვე 10 თვეა, ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება.

ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია:

• სახსრების ძლიერი ტკივილი;
• მოძრაობის გაძნელება;
• პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.

ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.

ელენეს არანაირი პრეტენზია არ აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ ექთნებთან და ოფიცრებთან. თუმცა, აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი – მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები თუ პროცედურები სპორადული, არასისტემური და არაეფექტურია.

იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურქეთის კლინიკაში, ელენეს მკურნალ ექიმებთან.

თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.

ამასთან ერთად, უკვე ორი კვირაა, რაც ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ“, – აცხადებს შოთა თუთბერიძე.

პარტია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი, გიგა ლემონჯავა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

„ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა უკანონოდ, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში. მისი პოლიტიკური პოზიციაა, რომ ის არავის, მათ შორის, პენიტენციურ სამსახურს არაფერს სთხოვს, თუმცა ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქამდე განვითარებულ და მომავალში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. რეჟიმის წარმომადგენლები სრულად ფლობენ ინფორმაციას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ ადეკვატური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გაწევაზე…

ელენეს საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ლემონჯავამ.


კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ელენე ხოშტარიას 24 მარტს ერთი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა  570 ლარი შეადგინა.

2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

„დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის პატიმრობაში იმყოფება.