შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
უწყების ცნობით, ამ საქმეზე დამატებით ბრალი კიდევ 9 პირს წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს.
„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, ფინანსური დავების მოსაგვარებლად, აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა.
ასევე დგინდება, რომ ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი უკავშირდებოდა საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც, როგორც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ, ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს გარკვეულ ვადებში, კუთვნილი ბიზნესიდან, დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ”, – განაცხადა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობდა თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, „ქურდული საერთოსთვის” შეგროვებული, 62 000 დოლარზე მეტი თანხა, ბრალდებულების კუთვნილი ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.