ადვოკატი: ფოთელი პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო

პუბლიკა

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, დაკმაყოფილდა ფოთელი პედაგოგის, იგორ კეკელიას სარჩელი – კეკელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც ის სკოლიდან გაათავისუფლეს.

ადვოკატის თქმით, მოსამართლე ეკატერინე მაღრაძემ უკანონოდ და ბათილად ცნო სკოლის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება.

წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგი იგორ კეკელია ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში 2019 წლიდან ასწავლიდა. ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იყო. სკოლიდან 2025 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ბრძანებაში გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სკოლამ დისციპლინური გადაცდომა მიუთითა.

სკოლამ ჯამში გამოსცა 4 ბრძანება შესაძლო გადაცდომების შესახებ: მოსწავლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა; მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა; მოსწავლეზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და დასაქმებულის შეუფერებელი ქმედება.

თორინკე მიგინეიშვილის განცხადებით:

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „სკოლას დაევალა იგორ კეკელიასთვის ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, გადასახდელი თანხა მისი სრულად ანაზღაურების მომენტამდე ყოველდღიურად გაიზრდება.

იმის გამო, რომ სკოლამ უკვე სხვა პედაგოგი დაასაქმა, იგორ კეკელიას სკოლაში დაბრუნება გამოიწვევდა სხვა მასწავლებლის განთავისუფლებას, რაზეც არაერთხელ თქვა უარი იგორ კეკელიამ. ამიტომ, სასამართლომ დამატებითი კომპენსაციაც განსაზღვრა – რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით.

მხარეთა ახსნა-განმარტებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მასწავლებლებისა და მშობლების დაკითხვის შემდეგ, ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:

იგორ კეკელიას სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და პირდაპირ უკავშირდებოდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას.

პედაგოგს არ განუხორციელებია ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ უძალადია მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესში არასაგაკვეთილო თემებზე არ უსაუბრია“.

ადვოკატმა თქვა, რომ იგორ გეგელიას გათავისუფლებას წინ უძღოდა „ასეულობით მშობლის ერთიანი განზრახვა და იგორ კეკელიას წინააღმდეგ სტრატეგიული დევნის დაწყება მისი სკოლიდან გათავისუფლების მიზნით მას შემდეგ, რაც გაიგეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ“.

მიგინეიშვილი ამბობს, რომ მასწავლებელი პროფესიული ეთიკის სრული დაცვით, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. 2019 წლიდან მას არცერთი დისციპლინური გაფრთხილება არ ჰქონია.

„სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყვეს სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში გაგრძელება და ვითარების განმუხტვის ნაცვლად, უკანონოდ ჩატარებული დისციპლინური და სამეურვეო საბჭოს სხდომების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ეს იყო რამდენიმეთვიანი მძიმე და რთული ბრძოლა, რომლის განმავლობაშიც არაერთხელ სცადეს ზეწოლა როგორც პედაგოგზე, ისე ჩემზე.

დაუმსახურებელი ლანძღვა, დაცინვა და შეურაცხყოფა ამ პროცესის ნაწილი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ ფაქტებისა და ადამიანის მიმართ.

იმედს ვიტოვებთ, რომ იგორ კეკელია იქნება ბოლო ადამიანი, ვისაც მსგავსი ტრაგედიის გავლა მოუწევს.

გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მაგალითია ყველა უფლებადარღვეული მოქალაქისთვის – იბრძოლონ და დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე მიუხედავად მძიმე შინაგანი მდგომარეობისა.

მადლობა მოსამართლე ეკატერინე მაღრაძეს“, – დაწერა თორნიკე მიგინეიშვილმა.

იგორ კეკელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით აწარმოებს. უშუალოდ კადრების გავრცელებისთვის დაკავებული არავინაა. თუმცა, ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის საქმეზე დაკავებულია ახალგაზრდა კაცი.