4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნო. განაჩენი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.

მან ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და შემდეგი სასჯელი მიუსაჯა:

ალექსანდრე ჩილაჩავას – 5 წელი;

ზურაბ ჭავჭანიძეს – 5 წელი;

გენადი კუპრეიშვილს – 5 წელი;

ვლადიმერ გველესიანს – 5 წელი;

ამირან დოლიშვილს – 5 წელი;

რამაზ მამულაძეს – 5 წელი;

სულხან ტუღუშს – 5 წელი;

ანტონ ვარდანიძეს – 5 წელი.

პროკურატურა მათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

4 ოქტომბრის საქმის აღნიშნულ ეპიზოდს 14 ბრალდებული ჰყავდა. დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჭავჭანიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მას განუმარტა, რომ თუკი, ვინმეს საპროცესო შეთანხმება სურდა, ეს კონკრეტული შედეგით დასრულდა.

„თუ ვინმეს სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ასეთი შუამდგომლობები განიხილა კოლეგა მოსამართლემ… ვისაც სურდა [საპროცესო] ამის თაობაზე ორივე მხარემ მიაღწია კონსესუსს და გარკვეული შედეგით დასრულდა ვისაც ინტერესი, სურვილი და მზაობა ჰქონდა“, – თქვა მოსამართლემ.

დანარჩენმა 6-მა პირმა – გიორგი ქორქიამ, გიორგი რურუამ, ხვიჩა გოგოხიამ, ლევან ჯიქიამ, ლაშა ივანაძემ და სერგო მეგრელიშვილმა საპროცესოს საფუძველზე საპატიმრო 10 ივნისს დატოვა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა. პირობების თანახმად, მათ 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედოთ.


4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.