საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 ადამიანი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 ადამიანი) შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 ადამიანი) მეტია.
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 331 485 ადამიანით განისაზღვრა, რაც 2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ მონაცემებს 20.1 პროცენტით (222 768 ადამიანი) აღემატება.
2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, თბილისის გარდა, დაფიქსირდა აჭარის ა.რ.-ში (20.7 პროცენტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (4.2 პროცენტი). დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირდა, კერძოდ: ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა გურიის რეგიონში – 9.7 პროცენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7.6 პროცენტი.
მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (6.8 პროცენტი), კახეთში (4.6 პროცენტი) და იმერეთში (4.3 პროცენტი).
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 47.9 პროცენტს კაცები შეადგენენ (1 881 004), ხოლო 52.1 პროცენტს – ქალები (2 048 577).
2014 წელთან შედარებით 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 3.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.6 პროცენტი შეადგინა (692 700 კაცი).
0–14 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.6 პროცენტი შეადგინა (770 823 კაცი). 15–64 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 4.3 პუნქტით შემცირდა და 62.8 პროცენტი შეადგინა (2 466 058 კაცი).
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა და 3 775 415 ადამიანი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 პროცენტიდან 96.1 პროცენტამდე შემცირდა.
საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხოვნობამ 133 857 ადამიანი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის პირველ ხუთეულს წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის (37 715 ადამიანი), ინდოეთის (23 925 ადამიანი), უკრაინის (11 542 ადამიანი), აზერბაიჯანის (8 309 ადამიანი) და სომხეთის (5 381 ადამიანი) მოქალაქეები.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა და 3 304 075 კაცი შეადგინა.
თუმცა, მთლიან მოსახლეობაში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი 86.8 პროცენტიდან 84.1 პროცენტამდე შემცირდა.
მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს 268 832 კაცით (6.8 პროცენტი) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომელთა რიცხოვნობა 15.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მესამე ჯგუფს 169 296 ადამიანი (4.3 პროცენტი) ეროვნებით სომეხი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთა რიცხოვნობა 2014 წლის აღწერასთან შედარებით 0.7 პროცენტითაა გაზრდილი.
ეროვნებით რუსი მოსახლეობის რაოდენობა აღწერათაშორის პერიოდში 60.8 პროცენტით გაიზარდა და 42 545 ადამიანი შეადგინა.
ინდოელი ეროვნების მოსახლეობა 446 ადამიანიდან 23 996 ადამიანამდე გაიზარდა. უკრაინელთა რიცხოვნობა 139.4 პროცენტით გაიზარდა და 14 443 ადამიანამდე შეადგინა.
არაბი ეროვნების მოსახლეობა 609 ადამიანიდან 12 533 ადამიანამდე, ბელარუსელთა რიცხოვნობა 431 ადამიანიდან 4 558 ადამიანამდე, ხოლო ირანელთა რიცხოვნობა 217 ადამიანიდან 4 304 ადამიანამდე გაიზარდა. აფხაზი ეროვნების მოსახლეობა 5 პროცენტით გაიზარდა და 907 ადამიანი შეადგინა.
ამავე პერიოდში ოსი ეროვნების მოსახლეობა 12.3 პროცენტით შემცირდა და 12 611 შეადგინა, ხოლო იეზიდთა რაოდენობა 7.0 პროცენტითაა შემცირებული და 11 324 ადამიანი შეადგი.
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82.0 პროცენტს (3 223 206 კაცი) მართლმადიდებლები შეადგენენ, რაც 2014 წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია.
თუმცა, აღწერათაშორის პერიოდში, მთლიან მოსახლეობაში მათი წილი 83.4 პროცენტიდან 82.0 პროცენტამდე შემცირდა. მუსლიმური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვმა 437 458 შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 11.1 პროცენტი), რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 9.7 პროცენტით აღემატება.
სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევართა რაოდენობა 6.7 პროცენტით შემცირდა და 101 736 ადამიანი შეადგინა.
კათოლიკური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვი თითქმის უცვლელია, ხოლო იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა 13 პროცენტით შემცირდა და 10 787 ადამიანი შეადგინა.
2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85.1 პროცენტისთვის (3 343 987 კაცი) მშობლიური ენა ქართულია.
2014 წელთან შედარებით, ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 2.7 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში 87.6 პროცენტიდან 85.1 პროცენტამდე შემცირდა.
მშობლიური ენის მიხედვით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული ენა – მას მშობლიურ ენად 265 534 ადამიანი (6.8 პროცენტი) მიიჩნევს. 2014 წელთან შედარებით, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 14.7 პროცენტით გაიზარდა.
სომხური ენა მშობლიურად 139 438 ადამიანს (3.5 პროცენტი) აქვს მითითებული, რაც წინა აღწერით მიღებულ მონაცემებს 3.7 პროცენტით ჩამორჩება.
ამავე პერიოდში, რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 54 460 ადამიანმა შეადგინა.
ოსური ენა მშობლიურ ენად მიუთითა 3 839 ადამიანმა, რაც წინა, 2014 წლის აღწერის შესაბამის მონაცემებზე 32.6 პროცენტით ნაკლებია.
370 კაცისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენს აფხაზური, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (272 ადამიანი) შედარებით 36.0 პროცენტით მეტია.