ECHR: კარვის გაშლის გამო პირის სამართალდამრღვევად ცნობა კონვენციას ეწინააღმდეგება

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

გადაწყვეტილება საქმეზე „ქარჩავა საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დღეს, 23 ივნისს, გამოიტანა.

მომჩივან ზურაბ ქარჩავას სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

საქმის თანახმად:

2022 წლის დეკემბერში ფსიქოთერაპევტი ზურაბ ქარჩავა დააკავეს და 24 საათის განმავლობაში არ გაათავისუფლეს – ქარჩავამ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე ერთ-ერთი ძეგლის მიმდებარედ სცადა კარვის გაშლა და შიმშილობის აქცია დააანონსა უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით. მან აქციის შესახებ ბათუმის მერია გააფრთხილა და მიუთითა, რომ არ აპირებდა სამანქანო გზის გადაკეტვას ან მოძრაობის რამე ფორმით შეზღუდვას.

პასუხად მერიამ ქარჩავას მისწერა, რომ ადგილზე საახალწლო ღონისძიებები უნდა გამართულიყო.

ვინაიდან დაგეგმილი აქცია ქანდაკებასთან ახლოს უნდა გაემართათ, მერიამ განმცხადებელს ურჩია, ამ ადგილზე კარავი არ დაედგა. ამასთან, მერიამ ასევე აღნიშნა, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის ფარგლებში მას კვლავ ჰქონდა უფლება, თავისუფლად გამოეხატა თავისი შეხედულებები.

იმავე დღეს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, ზურაბ ქარჩავამ კარვის გაშლა სცადა. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ეს არ გაეკეთებინა, თუმცა, მისი მტკიცებით, მათ ამის მიზეზი არ განუმარტავთ. განმცხადებელმა პოლიციის მითითებების შესრულებაზე უარი განაცხადა. შედეგად, დაახლოებით 11:00 საათზე, იგი უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ვინაობის დასადგენად.

ქარჩავამ პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 30-40 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, უარი ეთქვა საჯარო ქანდაკებასთან აქციის გამართვაზე, რადგან ეს ტერიტორია საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადდებოდა. მათ ურჩიეს, აქცია სხვა, უფრო შესაფერის ადგილას გადაეტანა. ამის შემდეგ განმცხადებელს განყოფილების დატოვების უფლება მისცეს და იგი დაახლოებით შუადღის 12:00 საათზე კვლავ დაბრუნდა ქანდაკებასთან, საპროტესტო ადგილზე.

როცა ზურაბ ქარჩავა ადგილზე დაბრუნდა, პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ ის კვლავ ცდილობდა კარვის დადგმას. მათ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს იგი და სთხოვეს, კარავი სხვა ადგილას გადაეტანა, რათა ხელი არ შეშლოდა საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს. მათ თქვეს, რომ ამ ადგილას ასევე შეიძლება გაეშვათ ფეიერვერკები.  განმცხადებელმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ჰქონდა უფლება, მშვიდობიანი შეკრება ჩაეტარებინა ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

შედეგად, დაახლოებით 12:45 საათზე, განმცხადებელი დააკავეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევაა. მან წინასწარი მოთავსების იზოლატორში 24 საათი დაჰყო.

23 თებერვალს ზურაბ ქარჩავა სასამართლომ გაამტყუნა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, თუმცა, მისი რეპუტაციისა და წარსულში დარღვევების არქონის გამო სასჯელისგან გაათავისუფლა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ ქართული სასამართლოს არგუმენტები დაუსაბუთებელი იყო და ვარაუდებზე დაფუძნებული. ECHR მიუთითებს, რომ ზურაბ ქარჩავას ქმედება სრულად არაძალადობრივი იყო და ეხებოდა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს.

ევროპულმა სასამართლომ არ მიიღო სახელმწიფოს მიერ წარდგენილი არგუმეტაცია პროტესტის შეზღუდვასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ შიდა ინსტანციებმა უგულებელყვეს და არ შეამოწმეს მტკიცებულება იმის შესახებ, კარავი სასამართლოს შენობიდან ნამდვილად კანონიერ დისტანციაზე (20 მეტრის მიღმა) იდგა თუ არა. გარდა ამისა, სრულად მშვიდობიანი პროტესტი არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა მემედ აბაშიძის ძეგლს.

კერძოდ, მომჩივანი არც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა და არც ძეგლის დაზიანების, განადგურების ან თუნდაც დროებით შეცვლის განზრახვა გამოუვლენია. მან უბრალოდ გაშალა კარავი ქანდაკების მიმდებარე გაზონზე, რამდენიმე მეტრის დაშორებით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი ქმედება არ შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს ძეგლის ფიზიკური მთლიანობისთვის რაიმე რისკის შემქმნელად და არც დამთვალიერებლების მიერ შეიძლება აღქმულიყო, როგორც მავნე ან უპატივცემულო. ხოლო სახელმწიფოს მტკიცება, თითქოს აქციის დაშლა საახალწლო პიროტექნიკისგან მომჩივნის დაცვას ემსახურებოდა, იყო დაუსაბუთებელი და სპეკულაციური

საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ზურაბ ქარჩავას დაკავებამ და ადმინისტრაციულმა პასუხისმგებლობამ შექმნა გამოხატვის თავისუფლებაზე შემაკავებელი, მსუსხავი ეფექტი, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლება) კონტექსტში.

ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პოლიციამ და სასამართლომ ვერ წარმოადგინეს „რელევანტური და საკმარისი“ მიზეზები, რომლებიც დაასაბუთებდა მსგავსი ჩარევის აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.

სასამართლომ ასევე დაწერა, რომ ჩარევა ასევე გამომდინარეობდა აქციის ადგილზე პოლიციის ქმედებიდან, სადაც მომჩივანი იძულებით გაიყვანეს მისი ერთი კაცის პროტესტის ადგილიდან, დააკავეს და 24 საათის განმავლობაში პატიმრობაში ამყოფეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ ზომებს, ერთობლიობაში, შეეძლოთ მომჩივნის მიერ თავისი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებაზე მსუსხავი ეფექტის მოხდენა.

ამის გამო სახელმწიფოს დაევალა განმცხადებლისთვის ფულადი კომპენსაციის – 1000 ევროს გადახდა არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ამასთან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ ბოლო დროს მკვეთრად მზარდი რეპრესიული და შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებებისა და პრაქტიკის გაუარესების ფონზე საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სახიფათო ტენდენციას წარმოადგენს, რაც ზურაბ ქარჩავას გარდა, სხვა აქტივისტებისთვისაც ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დამაბრკოლებელ, ე.წ. „მსუსხავ“ ეფექტს“.