24 ივნისს ევროსაბჭო განიხილავს და კენჭს უყრის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ 

პუბლიკა

ხვალ, 24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს კენჭს უყრის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

კენჭისყრამდე გაიმართება დებატები სახელწოდებით: დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში.

რეზოლუცია ეყრდნობა საქართველოს შესახებ მომხსენებლების: ედიტა ესტრელას და საბინა კუდიჩის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშს და ასახავს ასამბლეის მზარდ შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობის გამო.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ხელისუფლებას არ შეუსრულებია არც ერთი იმ რეკომენდაციებიდან, რომლებიც ორგანიზაციამ ბოლო თვეებში გასცა. დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მზადყოფნას, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები.

რეზოლუციის პროექტში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე. ​დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ასეთი ნაბიჯი საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიული მმართველობის დამყარებას გამოიწვევს და შეუთავსებელი იქნება როგორც დემოკრატიულ პრინციპებთან, ისე ევროპის საბჭოს წევრობასთან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.

ასამბლეა ასევე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფონზე ამჟამად არ არსებობს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო.

ამ მიზეზით, ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს ფართო, ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლა, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენების გზით სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციისა და ცალკეული დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ასამბლეა მიუთითებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომლის ერთადერთი მიზანიც განსხვავებული აზრის ჩახშობაა, აჩენს პოლიტიკური პატიმრების არსებობის საფრთხეს და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასა და საქართველოს ვალდებულებებთან ევროპის საბჭოს წინაშე.

ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციის ლიდერებისა და სხვა პირების, მათ შორის ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული განაჩენების გამო.

რეზოლუციის პროექტში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალადობისა და შესაძლო წამების ფაქტებს. ასამბლეა მიუთითებს, რომ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დღემდე არ ჩატარებულა სანდო გამოძიება პოლიციის სისასტიკის, დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის, წამებისა და ძალადობის შესახებ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დაკავებისა და პატიმრობის დროს მომიტინგეების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მრავალი ინფორმაცია არსებობს. ასამბლეა იზიარებს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშში გამოთქმულ შეშფოთებას და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ცნობებზე, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დაშლისას შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო აკრძალული ქიმიური საშუალებები. რეზოლუციის ავტორები მოითხოვენ ამ ფაქტებზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას.

რეზოლუციის პროექტი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი ( GEOFARA) და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

ასამბლეა ასევე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, სრულად გააუქმოს ახლახან მიღებული რეპრესიული კანონები, განსაკუთრებით სისხლის სამართლის კოდექსში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი საკამათო ცვლილებები. ასევე კვლავ რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრულად ახალი კანონით ჩანაცვლებას, რომელიც ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს და შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და გაითვალისწინოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის რეკომენდაციები.

ასამბლეა ასევე შეშფოთებულია განათლების სფეროში ბოლო რეფორმების გავლენით აკადემიურ თავისუფლებაზე საქართველოში. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს აკადემიური სფეროს დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, კორუფციის შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მექანიზმი იმ საუნივერსიტეტო ქონების პრივატიზაციის სამართავად, რომელიც შესაძლოა ზედმეტი გახდა რეფორმის „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ შედეგად.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შესაბამისმა ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ ყველა ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ სრულად შეასრულოს ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები.