„უნდა დავრწმუნდეთ, რომ „ტროას ცხენებს“ არ შემოვუშვებთ“ - კოსმა გაფართოების 4 პრიორიტეტი დაასახელა

პუბლიკა

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ხორვატიაში გამართულ კონფერენციაზე ევროკავშირის გაფართოების ახალ გეოპოლიტიკურ როლზე, არსებულ გამოწვევებსა და მოსალოდნელ რეფორმებზე ისაუბრა.

კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის მომავალი გაფართოება მხოლოდ ახალი წევრი ქვეყნების მიღებას აღარ გულისხმობს და ის ევროპის პოლიტიკური და უსაფრთხოების გაძლიერების ინსტრუმენტად უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირის გაფართოება „ევროპის გეოპოლიტიკურ სტაბილიზატორის როლს“ იბრუნებს.

კოსის შეფასებით, ევროპაში „ნაცრისფერი ზონების“ არსებობა ზრდის გაურკვევლობასა და მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის გაფართოება, კოსის თქმით, აღარ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ინსტიტუციური ან ეკონომიკური ინტეგრაციის ჭრილში.

კოსმა განსაკუთრებით გამოყო კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირთან დაახლოებისთვის გატარებული რეფორმები. მისი თქმით, 2026 წელი გაფართოების პროცესში ბოლო 25 წლის განმავლობაში პროგრესის თვალსაზრისით რეკორდული უნდა იყოს.

ევროკომისრის შეფასებით, კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონმდებლობის მიღება, არამედ მათი სტრატეგიული არჩევანიც – ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ამასთან, კოსი მიიჩნევს, რომ გაფართოებისთვის მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების მომზადება საკმარისი არ არის და თავად ევროკავშირმაც უნდა მოამზადოს საკუთარი ინსტიტუტები ახალი წევრების მისაღებად.

კოსის თქმით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს გადაწყვეტილების მიღების უფრო მოქნილი სისტემა, მათ შორის იმ სფეროების შემცირება, სადაც ერთ წევრ სახელმწიფოს შეუძლია საერთო გადაწყვეტილების დაბლოკვა. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის ინსტიტუტების შესაძლო შემცირებაზე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყველა წევრი ქვეყანა მზად არ არის კონკრეტულ საკითხზე ერთობლივად წინსვლისთვის, შესაძლებელია უფრო მცირე ჯგუფებმა აიღონ ლიდერობა, როგორც ეს შენგენისა და ევროს შემთხვევაში მოხდა.

კოსმა ევროკავშირის გაფართოების პროცესში ერთ-ერთ მთავარ საკითხად ასევე დაასახელა ახალი წევრების მიერ ევროკავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების გაძლიერება. ამ კონტექსტში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კანონის უზენაესობაზე და ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გარანტიებზე.

„დღეს ევროკავშირის გაფართოება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩვენი კავშირის გაფართოება.

ევროკავშირის გაფართოება ეხება იმას, თუ როგორი ევროპის შექმნა გვსურს ხვალ.

მსოფლიოში, სადაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ზეწოლას ვაწყდებით, სადაც ძველი ალიანსები ქრება და ახალი ალიანსები ჩნდება, სადაც დამოკიდებულებები იარაღად გამოიყენება და სადაც პირდაპირი თავდასხმების სამიზნე ხდება ჩვენი დემოკრატია და ცხოვრების წესი, ერთად გაძლიერება ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობაა.

ჩვენს კონტინენტზე „ნაცრისფერი ზონების“ დატოვება საფრთხეს უქმნის ყველა ჩვენგანს; ისინი ზრდის გაურკვევლობას და უფრო მოწყვლადებს გვხდის.

სწორედ ამიტომ, დღევანდელი გაფართოება არ გულისხმობს ჩვენი კავშირის უბრალოდ გაზრდას.

გაფართოება ჩვენი გაძლიერების შესახებ არის.

ეს არის ისეთი ევროპის შექმნა, რომელსაც მზარდი კონკურენციის პირობებში სხვა გლობალურ ძალებთან ურთიერთობისას საკუთარი ინტერესების დაცვა დამოუკიდებლად შეუძლია.

ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ ჩვენს კონტინენტს დავასტაბილურებთ და ევროკავშირში შევიყვანთ იმ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ ვალდებულებებს ასრულებენ. რადგან არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ შეუძლია ამ გზის დამოუკიდებლად გავლა.

დღეს ევროპის დროა. და გაფართოება კვლავ იბრუნებს თავის როლს, როგორც ევროპის გეოპოლიტიკური სტაბილიზატორისა. და ჩვენ კონკრეტულ შედეგებს ვაღწევთ. 2026 წელი ევროკავშირის გაფართოების პროცესში პროგრესის რეკორდული წელი უნდა გახდეს.

წლის რვა თვის თავზე უკვე უფრო მეტი მოლაპარაკების თავი გავხსენით და დავხურეთ, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში რომელიმე სხვა წელს.

ამ ახალ იმპულსს დიდწილად ხორვატიის უშუალო სამეზობლო განაპირობებს.

მონტენეგრომ უკვე დახურა მოლაპარაკებების თავების ნახევარზე მეტი და წევრმა სახელმწიფოებმა მისი გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება დაიწყეს.

ალბანეთმაც სულ ახლახან გადალახა სამართლის უზენაესობის სფეროში უმნიშვნელოვანესი შუალედური ეტაპი და მოლაპარაკებების თავების დახურვა დაიწყო.

უკრაინამ და მოლდოვამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის კანონმდებლობის მთელ სპექტრში მნიშვნელოვანი ტექნიკური პროგრესი მიაღწიეს. ახლა დროა, ჩვენმა წევრმა სახელმწიფოებმაც უპასუხონ ორივე ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და უზრუნველყონ დარჩენილი ყველა მოლაპარაკების კლასტერის ოფიციალური გახსნა.

ამ კვირის ბოლოს კი ისლანდიაში კენჭისყრა გაიმართება გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების საკითხზე. როგორც ერთიანი ბაზრის უკვე წევრ ქვეყანას, ისლანდიას გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულება შესაძლოა ერთიდან ორ წელიწადში შეეძლოს.

მსურს, სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ ამ მოწინავე ჯგუფს. და მათ ამის გაკეთება შეუძლიათ, თუკი ისეთივე გადაწყვეტილებას გამოიჩენენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებისა და ჩვენი ყველა წევრი სახელმწიფოსთან ნდობის ჩამოყალიბების მიმართულებით.

თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ეს ნდობა მხოლოდ ევროპული კანონმდებლობის მიღებით აღარ ყალიბდება.

დღეს, როგორც არასდროს, ეს ასევე ეხება იმ სტრატეგიულ არჩევანს, რომელსაც ქვეყნები ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში აკეთებენ.

კანდიდატმა ქვეყნებმა გულწრფელად უნდა აირჩიონ ევროპა. ჩვენი საერთო უსაფრთხოება. ჩვენი საერთო ღირებულებები.

გაფართოება, რა თქმა უნდა, მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების მომზადებას არ ეხება. ის თანაბრად ეხება ჩვენი კავშირის მომზადებასაც. ამისთვის საჭიროა ჩვენი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის გაძლიერება.

[…] ოქტომბერში ევროპელი ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე გაფართოების საკითხს განიხილავენ. სწორედ ამიტომ, სექტემბერში, ევროპელი ლიდერების ამ დისკუსიის მოსამზადებლად, კომისია წარადგენს საკუთარ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი იმ ეტაპისთვის, როდესაც კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების ფინიშის ხაზს მიუახლოვდებიან. ჩემი აზრით, უმაღლეს დონეზე კონსენსუსის შესაქმნელად და ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, ოთხ საკითხს უნდა მივმართოთ.

პირველი — უნდა გავიაზროთ, რა გავლენას მოახდენენ ახალი წევრები.

იქ, სადაც არსებობს რისკი, რომ მათი გავლენა ჩვენი წევრი სახელმწიფოებისთვის საზიანო აღმოჩნდეს, უნდა ვიმოქმედოთ მათი ინტერესების დასაცავად.

ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი გარდამავალი ზომების გამოყენების გამოცდილება, რათა ახალი წევრების ინტეგრაცია შეუფერხებლად წარიმართოს. ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტს კვლავ შეუძლია ჩვენი პრიორიტეტების დაფინანსება.

მეორე — უნდა განვიხილოთ უფრო დიდი კავშირისთვის საჭირო შიდა რეფორმები.

ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მოქმედების უნარი და კრიზისების ფონზე სწრაფად ადაპტირების შესაძლებლობა.

კარგი ამბავი ის არის, რომ მოქმედი ხელშეკრულებები უკვე გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, გავაუმჯობესოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ჩვენი ინსტიტუტების მუშაობა.

ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მოქნილი და ეფექტიანი გავხადოთ.

ეს შეიძლება გულისხმობდეს იმ სფეროების რაოდენობის შემცირებასაც, სადაც ერთ წევრ სახელმწიფოს შეუძლია ყველას გადაწყვეტილების დაბლოკვა.

ეს შეიძლება ასევე გულისხმობდეს ჩვენი ინსტიტუტების შემცირებას.

ხოლო როდესაც ყველა მზად არ არის, ერთად წავიდეს წინ, წევრ სახელმწიფოთა უფრო მცირე ჯგუფებს შეუძლიათ ლიდერობა იკისრონ — როგორც ეს უკვე ვნახეთ შენგენის სივრცისა და ევროს შემთხვევაში.

მესამე — თითოეულმა ახალმა წევრმა ევროპა უფრო ძლიერი უნდა გახადოს — პოლიტიკურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საფუძველი კანონის უზენაესობაა.

ჩვენ გვჭირდება რეფორმებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულების დამტკიცებული და მდგრადი შედეგები.

მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

უნდა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი.

უნდა დავრწმუნდეთ, რომ „ტროას ცხენებს“ არ შევუშვებთ. არც დღეს, არც 10 ან 20 წლის შემდეგ.

ბოლო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო ძლიერი დამცავი მექანიზმები, რათა წინასწარ ავიცილოთ — და საჭიროების შემთხვევაში გამოვასწოროთ — ჩვენი კავშირის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების დარღვევები.

ასეთი ზომები აუცილებლობაა და არა უბრალოდ სასურველი შესაძლებლობა.

ეს გადამწყვეტია იმისთვის, რომ ჩვენს კავშირში ახალი წევრების მიღების მიმართ ნდობა და ერთიანობა ჩამოყალიბდეს.

მეოთხე — ევროკავშირის გაფართოება უნდა განვითარდეს ისე, რომ უპასუხოს დღევანდელ რეალობას.

ევროკავშირის წევრობისთვის მომზადებას დრო სჭირდება.

მაგრამ დრო არის ის, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები კანდიდატ ქვეყნებს აღარ აძლევენ.

ისინი მოთმინებით არ დაელოდებიან, სანამ კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანების ოცწლიან პროცესს დაასრულებენ.

ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს.

ისინი ახდენენ პოლიტიკურ ზეწოლას.

ისინი ქმნიან დამოკიდებულებებს.

ისინი იყენებენ გაურკვევლობას. ამიტომ ჩვენ გაფართოების პროცესში უნდა დავშორდეთ მიდგომას — „ყველაფერი ან არაფერი“. გვჭირდება უფრო სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც შეავსებს იმ დროის დეფიციტს, რომელიც უკვე აღარ გვაქვს. უნდა ვეძებოთ ეტაპობრივი ინტეგრაციის უფრო ამბიციური გზები. ჩვენ გვსურს, კანდიდატ ქვეყნებს წევრობის სარგებელი გაწევრიანებამდე მივაწოდოთ, რათა მათ უკეთ შეძლონ გარე ზეწოლისგან თავის დაცვა.

ეს სარგებელი უნდა იყოს მიმართული სტრატეგიულ სექტორებზე, რომლებიც ემსახურება როგორც მოქმედ, ისე მომავალ წევრებს. თუმცა პრინციპი უცვლელი რჩება: სარგებელი ვალდებულებებისა და რეფორმების შესრულებას უნდა მოჰყვეს. უკვე არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის წევრობის გარკვეული სარგებლით გაწევრიანებამდეც სარგებლობენ. უკვე დღეს სკოპიეში, პოდგორიცასა და ბელგრადში მოქმედ კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანი ევრო გადახდების სივრცე (SEPA) და თანხები საკომისიოს გარეშე გადარიცხონ.

უკრაინა და მოლდოვა კი უკვე სრულად არიან სინქრონიზებული ევროკავშირის ელექტროენერგიის ქსელთან. ეს პოზიტიური ნაბიჯებია. მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია დაველოდოთ გაწევრიანების დღეს, რათა მხოლოდ მაშინ დავიწყოთ ჩვენი მომავალი წევრების დაკავშირება იმ სისტემებთან, რომლებზეც ჩვენი კავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები არიან დამოკიდებული. სამყარო შეიცვალა. და მასთან ერთად გაფართოებაც უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა კოსმა გამოსვლაში.