ავტორი: OC Media
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟმა, ადამმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო – ამჯერად აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ თავდაცვის სამინისტროსგან. 18 წლის ადამ კადიროვის თქმით, „სამინისტრომ“ მას მედალი „საბრძოლო ძმობისთვის“ გადასცა „ურთიერთქმედების მაღალი დონისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“.
უცნობია, კონკრეტულად რას მოიცავდა ადამ კადიროვის „თანამშრომლობა“ აფხაზეთთან. დაჯილდოებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია არც „ოფიციალურ“ აფხაზურ საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ს.
ადამ კადიროვი რამზან კადიროვის მესამე ვაჟია. 2023 წელს მან საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს იგი გროზნოს საპატიმროში ნიკიტა ჟურაველს. ჟურაველს ყურანის ასლის დაწვაში ადანაშაულებდნენ. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შვილის ქმედებებით ამაყობს. რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს ადამ კადიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ.
ამის შემდეგ ადამ კადიროვმა ჩეჩნეთისა და რუსეთის სხვადასხვა უწყებისა და ინსტიტუტისგან არაერთი ჯილდო მიიღო. მათ შორის იყო ახმატ კადიროვის ორდენი, რომლითაც ის 2024 წლის აგვისტოში დააჯილდოვეს. მას ასევე მიღებული აქვს სხვა რეგიონული ჯილდოებიც.
ბოლო წლებში ადამ კადიროვი რეგულარულად ჩნდება ოფიციალურ ღონისძიებებზე რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად. 2024 წელს იგი გუდერმესში უსაფრთხოების ძალებისა და OMON-ის სკოლის კურატორად დანიშნეს და ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაც მიიღო.
2026 წლის დასაწყისში მას „ჩეჩნეთის გმირის“ წოდება მიენიჭა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.