— „გოგოებო, რა შეიძლება 2 თვის ბავშვს ვაჭამო ფორმულას [ხელოვნური რძე] გარდა? ვეღარ ვწვდები, ვერ ვყიდულობ, სულ ვალები დაგვედო…”;
— „დედებო, 6 თვის მყავს და გუშინ მაწონი მივეცი, მთელი დღე გული ერეოდა. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ და არ მაქვს საშუალება, რომ [ხელოვნური] რძე ვუყიდო… მეცოდება მთელი ღამე ცუდად მყავდა…”;
— „ყველაზე ნორმალური საფენი რომელია? ბიუჯეტური რომ იყოს? ჰ****-ს ვხმარობდი და გავიყიდე…”.
ეს სტატუსები ფეისბუკის ერთ-ერთი დახურული ჯგუფიდანაა, სადაც დედები და ორსული ქალები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და ხშირად „ბიუჯეტური” პროდუქტების მოძიებაშიც ეხმარებიან. მსგავსი პოსტები ძირითადად ანონიმურად იწერება.
მშობლები შვილებისთვის ეძებენ „ბიუჯეტურ” საკვებს, სათამაშოებს, ტანსაცმელს, საფენებსა და წამლებს…
„პუბლიკამ“ ჩვილისთვის საჭირო ძირითადი ნივთებისა და მომსახურებების ღირებულება საქართველოში მოქმედი ონლაინმაღაზიებისა და აფთიაქების საჯაროდ ხელმისაწვდომი ფასების მიხედვით დათვალა.
ამ მონაცემების თანახმად, მშობლებს შვილის შეძენის პირველ წელს დაახლოებით სულ მცირე 7.5 ათას ლარზე მეტი ეხარჯებათ, ეს იმ შემთხვევაში თუ შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტს იყიდიან. ეს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ დათვლილი საშუალო ხელფასის თითქმის მესამედია ყოველთვიურად, მედიანური ხელფასის კი [2024 წლის], რომელსაც ეკონომისტთა ნაწილი უფრო რეალურ მაჩვენებლად მიიჩნევს — თითქმის ნახევარი.
პრემიუმ ხარისხის ნივთებისა და საკვების შეძენისას კი, რაც ხშირად უბრალოდ მეტად ჯანსაღ პროდუქტს ნიშნავს, ხარჯები წელიწადში 20 ათას ლარსაც აჭარბებს.
მსოფლიოს 14 ქვეყანაში ახალგაზრდები სწორედ ფინანსურ ბარიერებს ასახელებენ უმეტესად იმის მთავარ მიზეზად, რომ არ ჰყავთ ან ვერ ეყოლებათ იმდენი შვილი, რამდენიც სურთ. ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჩაატარა კვლევა. კვლევა არ მოიცავს საქართველოს, თუმცა ქვეყანა დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე უკვე ორ ათწლეულზე მეტია დგას.
„ქართული ოცნების” მთავრობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე თვის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა და სტაგნაციის მთავარ მიზეზად „ფსევდოლიბერალური იდეოლოგია” დაასახელა. კობახიძე შობადობის კლების მიზეზებში სოციალურ ფაქტორს გამორიცხავს და გამოსავალს „პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაში” ხედავს.
მიუხედავად პოლიტიკური შეფასებებისა, კვლევები მიუთითებს, რომ ადამიანებს ხშირად იმაზე ნაკლები შვილი ჰყავთ, ვიდრე თავად სურთ. რა ქმნის ამ სხვაობას და რა გამოწვევების წინაშე დგანან ოჯახები საქართველოში? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ექსპერტებსა და მშობლებს ესაუბრა.
საქართველოს დემოგრაფიული გამოწვევები
ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის განმსაზღვრელი ოთხი ძირითად ცვლადი არსებობს:
- შობადობა
- სიკვდილიანობა
- მოსახლეობის დაბერება
- მიგრაცია
ბოლო ხუთი წელია საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. გასულ წელს კი ახალშობილთა რაოდენობამ ისტორულ მინიმუმს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 37 867 ბავშვი დაიბადა.

საქსტატის თანახმად, 1994 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა 2024 წლისთვის თითქმის მეოთხედით იყო შემცირებული. ის 3.7 მილიონს უტოლდებოდა.
ამასთან, მოსახლეობაში იმატებს ხანდაზმულთა წილი, ბავშვების წილი კი პრაქტიკულად უცვლელია ბოლო 10 წელია, რაც საქართველოს დაბერებადი მოსახლეობის ქვეყნების სიაში აქცევს.
ქვეყანაში მცხოვრებთა რაოდენობაზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიგრაცია.
ბოლო წლებში საქართველოდან წასულთა რაოდენობა მკვეთრად აღემატება შემოსულთა რიცხვს. მათ შორის მაღალია იმ ახალგაზრდებისა და ბავშვების წილიც, ვინც ქვეყანას ტოვებს.
მაგალითად, სახალხო დამცველის ანგარიშების თანახმად, 2022-2025 წლებში ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მოტივით 21 379 ბავშვმა შეწყვიტა სკოლაში სწავლა.
დემოგრაფიულ გამოწვევებს ისიც ამძიმებს, რომ ემიგრანტებს შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ახალგაზრდებზე მოდის.
მაგალითად, მხოლოდ 2025 წლის მონაცემებით ქვეყანა დატოვა თითქმის 59 ათასზე მეტმა 20-დან 40 წლამდე ახალგაზრდამ.

მშობლების უფლებრივი მდგომარეობა — დამატებითი ცვლადი დემოგრაფიაში
ზემოთ ჩამოთვლილი 4 ძირითადი ცვლადის გარდა, რაც ქვეყანაში დემოგრაფიულ მაჩვენებელს განაპირობებს, მკვლევრები განიხილავენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს — ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, რის საფუძველზეც ისინი იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, იყოლიონ თუ არა მეტი შვილი.
„მიზეზები, თუ რატომ უნდათ ადამიანებს მეტი შვილი, თუმცა აჩენენ ნაკლებს, კომპლექსურია და ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული გარემოება განაპირობებს. ამას სხვადასხვა სექტორის თვალსაზრისით უნდა შევხედოთ.
პირველ რიგში ეს არის სამუშაო ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პირობები, ანუ ეკონომიკური ფაქტორები, რის შედეგადაც მშობლებს არ შეუძლიათ, იყოლიონ მეტი შვილი, რადგან ბავშვის რჩენა დიდ ფუფუნებასთანაა დაკავშირებული”, — გვიხსნის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დირექტორი, მარიამ ბანძელაძე.
ის გვიზიარებს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ საქართველოში უკანასკნელი კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიგნებას, რომელიც ჯერ საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი.
კერძოდ, საქსტატის თანახმად, საქართველოში შობადობის ჯამური კოეფიციენტი 2025 წელს 1.5-მდე შემცირდა — ანუ ერთი ქალი საშუალოდ ცხოვრების განმავლობაში 1.5 ბავშვს
აჩენს, მაშინ როცა სასურველი შვილების რაოდენობა წყვილებში2024 წელს საშუალოდ 2.6-ს შეადგენდა.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დიდ ნაწილს სურს, რომ ჰყავდეს მეტი შვილი, ვიდრე ამას ახერხებს”, — გვიხსნის ბანძელაძე.
იმისთვის, რომ ქვეყანაში დადებითი დემოგრაფიული მაჩვენებელი იყოს, შობადობის ჯამური კოეფიციენტი 2.1 ან მეტს უნდა შეადგენდეს.
ბანძელაძე შობადობის წახალისებაზე საუბრისას ხაზს უსვამს შრომის ბაზრის მოქნილობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ქალებისთვის.
ამასთან მისი თქმით, ახალგაზრდები მეტი შვილის გაჩენის დამაბრკოლებელ ფაქტორად თავად ასახელებენ საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობას, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მშობლებისთვის მოუქნელ გრაფიკს, ასეთი დაწესებულებების სიმცირეს, ან არარსებობას.
რატომ მიდიან მშობლები შვილებით ემიგრაციაში
„გერმანიაში რომ ვცხოვრობდე, არც კი დავფიქრდებოდი დავგეგმავდი მეორე ბავშვს”, — გვეუბნება 8 წლის დაჩის დედა, თამთა ნიგურიანი.
ის ემიგრაციაში მეუღლესთან და შვილთან ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდა. იქ დარჩენასაც გეგმავდა, თუმცა ვიზასთან დაკავშირებული დაბრკოლებების გამო შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნება მოუწია.
„ერთი წელი იარა ჩემმა შვილმა გერმანულ სკოლაში და პირველად მაშინ ვიგრძენი ცხოვრების მაღალი ხარისხი, როგორი დაცული ვიყავი მე, როგორც დედა და როგორი დაცული იყო ჩემი შვილი სკოლაში. ყველაფერი იყო ბავშვებზე ადაპტირებული”, — იხსენებს თამთა გერმანიას, დაჩისთან ერთად საქართველოში ცხოვრების პირველ თვეებზე და აქ შექმნილ ყოველდღიურ დაბრკოლებებზე გვიყვება.
„როცა დაჩი პატარა იყო, ეტლით რომ გაგვესეირნა ქალაქში არ იყო პანდუსები, ტროტუარზე მანქანები იდგნენ და იძულებული ვხდებოდით სამანქანო გზაზე გვევლო”, — გვიყვება თამთა და იხსენებს, რომ დაჩი ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა, გარშემო კი არ იყო საჯარო სივრცეები ისე მოწყობილი, შვილის გამოკვება რომ შესძლებოდა — „ამის გამო ფაქტობრივად სახლში ჩავიკეტეთ ორივე. ეს იყო პირველი პრობლემა, რასაც შევეჩეხე, როგორც მშობელი”, — ამბობს ის.
მას შემდეგ თამთას და მის მეუღლეს კიდევ უამრავ პრობლემასთან მოუწიათ გამკლავება და სწორედ ამიტომაც მიიღეს ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება.
მისი მეუღლე ახლაც ემიგრაციაშია.
თავად თამთა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, დათო დედისერთაა. დაოჯახებისას ფიქრობდნენ, რომ 4 შვილი ეყოლებოდათ, შემდეგ პრობლემების მატებასთან ერთად 2 შვილის ყოლაზე დაიწყეს რეალისტურად ფიქრი, თუმცა ახლა, როგორც თამთა ამბობს მეტი შვილის გაჩენას აღარ აპირებენ:
„ძალიან უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან ამ პატარა ადამიანისადმი, რადგან რასაც ერთ შვილს ვაძლევ, ორი შვილის შემთხვევაში იმის მეოთხედსაც ვერ მივცემთ ალბათ ორივეს, რაც მათ სჭირდებათ…
მინდა ჩემს შვილს ჰქონდეს საბაზისო რაღაცები, თუმცა დღეს საქართველოში იმდენად ძვირია ეს ყველაფერი, რომ ფუფუნებად ითვლება ხორცი, თევზი და სხვა პროდუქტები. და ესეც არ ვიცით, რამდენად შემოწმებული და უსაფრთხოა”, — ამბობს თამთა და განმარტავს, რომ ახლა მხოლოდ საკუთარ და ბავშვის საკვებზე 1000-1500 ლარამდე ეხარჯება, რადგან ცდილობს, რომ მაღალი ხარისხის და ახალი პროდუქცია შეიძინოს შვილისთვის. საერთო ჯამში კი ბავშვთან დაკავშირებული ხარჯები ყოველთვიურად 2000 ლარს სცდება, თუმცა როგორც ის ამბობს, არის თვეები, როდესაც ეს თანხა შეიძლება 3000 ლარსაც ასცდეს, განსაკუთრებით თუ სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ.
შემდეგი შვილის საქართველოში გაჩენას არ ფიქრობენ არც მარიამი და არჩილი. 24 წლის წყვილი წლისა და ოთხი თვის შვილთან ერთად საქართველოდან უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას აქტიურად განიხილავს. მათ ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტიკტოკზე ვიდეოც გამოაქვეყნეს, რომელსაც 10 ათასამდე მოწონება აქვს.
@smurslikebisfamily არ არის მარტივი ეს გადაწყვეტილება მაგრამ ჩვენით არ ვიცით საიდან დავიწყოთ ამიტომ გელოდებით თქვენ თქვენი გამოცდილებით და სიყვარულით🌸 მადლობა წინასწარ🌸 #სმურსლიკები #foryou ♬ original sound – smurslikebisfamily/სმურსლიკები
მარიამ საცერაძე-ქავთარაძე “პუბლიკასთან” წასვლის სურვილის მიზეზად ეკონომიკურ გამოწვევებს, თვითრეალიზების და შვილის უკეთეს გარემოში გაზრდის სურვილს ასახელებს:
„აქ ვერ ვმკვიდრდებით, რადგან ფიზიკურად არ გვეძლევა ამის საშუალება. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ მეც და არჩილმაც ჩვენს პროფესიებში… ორივეს გვიყვარს ჩვენ-ჩვენი საქმე და ვფიქრობთ, რომ ეს შრომა სადღაც უნდა დაფასდეს აუცილებლად. რადგან შენი ქვეყანა ვერ ხედავს ამას, ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა შეეგუო.
წასვლის სურვილი განსაკუთრებით ბავშვის გამოც გაგვიჩნდა. აქ არ ექნება პერსპექტივა, რაც არ უნდა აირჩიოს მაინც საზღვარგარეთ მოუწევს წასვლა, რომ დააფასონ მისი შრომა. ვერ ვხედავ, რომ აქ შეძლებს კარგი განათლების მიღებას და განვითარებას”, — ფიქრობს მარიამი.
@smurslikebisfamily #სმურსლიკები #ჯანსაღიკვება #foryou ♬ original sound – smurslikebisfamily/სმურსლიკები
მარიამი გვიყვება, რომ ყოველთვიურად მის სამსულიან ოჯახს 2 500 ლარამდე ეხარჯება ბაზისურ საჭიროებებზე, იმ პირობებში, როდესაც არ უწევთ ქირის გადახდა.
რა ჯდება ერთ წლამდე ბავშვის გაზრდა საქართველოში
მსოფლიოს რიგ განვითარებულ ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა — სახელმწიფოსგან ახალშობილებს ე.წ. „საბავშვო ყუთი“ გადაეცემათ. ეს პირველად ფინეთში დაინერგა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში.
ყუთი ახლა დაახლოებით 38 ნივთს მოიცავს, მათ შორისაა – ტანსაცმელი, თეთრეული, ჰიგიენის საშუალებები, მატრასი… თავად ყუთი კი ჩვილის უსაფრთხო საწოლადაც გამოიყენება. მასში არსებული ნივთების საბაზრო ღირებულება საშუალოდ 170–225 ევრომდეა. ეს ნივთები საქართველოშიც თითქმის იგივე ჯდება.
საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ახალშობილისთვის მსგავსი პირდაპირი დახმარება არ არსებობს, ამიტომ ჩვილისთვის საჭირო ნივთების შეძენა თავიდანაც და შემდეგაც სრულად მშობლებს უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების ნაწილი მეორად ნივთებს ყიდულობს ან ახლობლებისგან იღებს საჩუქრად, ყველაფერი ერთად სხვა ხარჯების გათვალისწინებით საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახისთვის დიდ ტვირთად შეიძლება იქცეს.
„პუბლიკამ“ ინტერნეტში არსებული ფასების მიხედვით დათვალა, რა დაუჯდებოდა მშობელს საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ჩვილისთვის საჭირო საბაზისო ნივთების — საკვების, პამპერსების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა აუცილებელი პროდუქტების შეძენა.
მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვილისთვის ერთი წყვილი ტანსაცმელი, როგორც წესი, საკმარისი არ არის — მაგალითად, სოციალურ ქსელებში ისინი ერთმანეთს ურჩევენ, შეიძინონ სულ მცირე ხუთი კომპლექტი ყოველდღიური ჩასაცმელი, რადგან ბავშვები ტანსაცმელს ხშირად სვრიან. ამასთან, ჩვილს ტანსაცმელი საშუალოდ ყოველ სამ თვეში ერთხელ უპატარავდება, რაც დამატებით ხარჯებს ქმნის.
ოჯახისთვის ხარჯია სამედიცინო მომსახურებაც. მიუხედავად იმისა, რომ უბნის პოლიკლინიკებში პედიატრთან ვიზიტი, როგორც წესი, უფასოა, ამის მიღმა კვლევებისა და კონსულტაციების შემთხვევაში მშობლებს თანხის გადახდა დამატებით უწევთ.
მაგალითად, „პეტრე ალერგიული აღმოჩნდა, რის გამოც ხშირად გვიწევს პედიატრთან ვიზიტი და წამლები, რაც ცოტა არ ჯდება. სადაც უფასო კონსულტაციები ეკუთვნოდა, შევნიშნე, რომ ექიმი სულ ერთი და იგივე კომპანიის წამლებს უწერდა და მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, ამიტომ გამოვცვალეთ”, — გვეუბნება მარიამი და გვიხსნის, რომ ამჟამინდელ პედიატრთან თითო ვიზიტში ოჯახი 100 ლარს იხდის.
ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება სათამაშოებსაც, რადგან უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი და სანდო წარმოების პროდუქცია, როგორც წესი, უფრო ძვირია.
ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკებზე მოცემულია „პუბლიკის” მიერ დათვლილი ის ძირითადი ხარჯები, რომლებიც ოჯახს ბავშვის ცხოვრების პირველ წელს აქვს. ხარჯებში არ არის გათვალისწინებული საცხოვრებლისა და კომუნალური მომსახურების გადასახადები.
ინფოგრაფიკაზე მოცემულია ფასების ორი კატეგორია: ეკონომიური და პრემიუმი. მათ შორის სხვაობა კი ისაა, რომ ეკონომკლასის პროდუქტის შემთხვევაში ხარისხი შესადებით დაბალია, ხოლო შემადგენლობა, მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტები, ყოველთვის კარგად კონტროლირებული არ არის. მაგალითად, საფენის, ტანსაცმლის თუ ჰიგიენის ეკონომიურმა ნივთებმა შესაძლოა ჩვილებს მარტივად გაუღიზიანოს მეტად მგრძნობიარე კანი, საკვების შემთხვევაში კი — კუჭი. მართალია, ამისგან სრულად არც პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შეძენისას არის ბავშვი დაზღვეული, თუმცა რისკი ნაკლებია. ამასთან გარკვეული ნივთები შესაძლოა, შეიცავდეს მავნე ქიმიკატებს, პრემიუმ ხარისხის პროდუქტებში კი ეს საფრთხე უფრო დაბალია, რადგან უკეთ არის შემოწმებული.

ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ გამოვა, რომ საქართველოში ჩვილისთვის პირველი წლის სრული ბიუჯეტი — ერთჯერადი საჭიროებების, საბაზისო კვლევებისა და ყოველთვიური ხარჯების გათვალისწინებით — საშუალოდ დაახლოებით 7.5 ათასიდან 20.5 ათას ლარამდე მერყეობს.
ანუ ოჯახმა ეს თანხა რომ ერთ წელზე გადაანაწილოს, სულ მცირე 630 ლარის გადადება მოუწევს თვეში ეკონომიური, შედარებით დაბალი ფასის პროდუქტების შესაძენად.
საქართველოში ყოველთვიურად 600 ლარზე დაბალი ხელფასი 120 ათასზე მეტ ადამიანს აქვს პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის თანახმად.
საქართველოში ბავშვის გაზრდის ფინანსურ გამოწვევებთან ერთად, განსაკუთრებით მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის პრობლემა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ბავშვები საქართველოში ყველაზე ღარიბ სოციალურ ფენას წარმოადგენენ. საქსტატთან ერთად გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ბავშვების 37.8%-ს — ანუ მესამედზე მეტს — არ აქვს სრულად დაკმაყოფილებული საბაზისო საჭიროებები. ამასთან, იმავე კვლევის თანახმად, ბავშვების მხოლოდ 27% იკვებება ყოველდღიურად სკოლის პერიოდში, ხოლო 34.9% საერთოდ არ იღებს საკვებს სასკოლო საათებში.
„ეს ქმნის სერიოზულ რისკს, რომ ბავშვის ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარება დაზიანდეს და მან ვერ მიაღწიოს საკუთარ სრულ პოტენციალს“, — განმარტავს „პუბლიკასთან” ქეთი მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი.
რას სთავაზობს სახელმწიფო ოჯახებს
არჩილი და მარიამი „პუბლიკასთან” ახალგაზრდა დამოუკიდებელი მშობლებისთვის სახელმწიფო ხელშეწყობის სიმცირეზეც საუბრობენ.
არჩილი მორაგბეა, თუმცა 5 თვეა ხელფასი არ აუღია და არც ის იცის, როდის აიღებს. მარიამი პროფესიით დირიჟორია, და ორსულობამდე 4 კერძო საბავშვო ბაღში მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად, ორსულობისას კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურების დატოვება მოუწია.
მათი შვილი ახლა წლის და ოთხი თვისაა. ამ პერიოდის განმავლობაში ორსულობისას ექიმთან ჩატარებული რვა უფასო ვიზიტის და მშობიარობის გარდა, სახელმწიფოსგან მხოლოდ 150 ლარის ოდენობის დახმარება და ერთჯერადი 25-ლარიანი ვაუჩერი მიიღო, რომლის გამოყენებაც ორ ქსელურ აფთიაქშია შესაძლებელი.
ამას გარდა, ოფიციალურად დასაქმებულ ქალებს დეკრეტში გასვლისას ერთჯერადად 2000 ლარი ეკუთვნით, თუმცა მარიამმა ამ დახმარებით ვერ ისარგებლა, რადგან ძლიერი ტოქსიკოზის გამო ფეხმძიმობის პირველივე თვეებიდან მოუწია სამსახურის დატოვება და წყვილს დამხმარეც არ ჰყავდა. მარიამმა არ იცოდა შეძლებდა თუ არა ორსულობის შემდეგ სამსახურში დაბრუნებას.
მარიამი სახელმწიფოსგან გამოყოფილ 2 000 ლარს ერთჯერადად აიღებდა იმ შემთხვევაში, თუ დეკრეტულ შვებულებას გააფორმებდა დამსაქმებელთან, თუმცა ეს შვებულება არ იქნებოდა ანაზღაურებადი, თუ მას დამსაქმებელი საკუთარი „კეთილი ნებით” არ შეუნარჩუნებდა ხელფასს.
ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს კანონმდებლობა კერძო სექტორს დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურების გადახდას არ ავალდებულებს. საჯარო სექტორში კი შვებულების დროს ხელფასი უნარჩუნდება მხოლოდ საჯარო სკოლის პედაგოგებსა და საჯარო მოხელის სტატუსი მქონე პირებს.
ეს სტატუსი სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულ ყველა ადამიანს არ აქვს, მაგალითად სტატუსი არ აქვთ საჯარო ბაღის მასწავლებლებსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს. ბოლოს საჯარო მოხელეთა რაოდენობის შესახებ მონაცემები საქსტატმა 2024 წელს გამოაქვეყნა.
მაშინ საჯარო მოხელის სტატუსი ჰქონდა 35 400 ადამიანს, მათ შორის ქალი იყო 12 800, ხოლო რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალი კი — 5 700. ანუ, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით პოტენციურ მოსარგებლეთა რიცხვი, პედაგოგების გარდა, იმ წელს დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 0.41%-ზე ნაკლები იყო.
რაც შეეხება სკოლის პედაგოგებს, მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში აქვეყნებს. 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისში საჯარო სკოლის პედაგოგთა რიცხვი იყო 58 802, რომელთა შორის 51 538 ქალი იყო.
სწორედ ქალები სარგებლობენ უმეტესად დეკრეტული შვებულებით. საქსტატზე ხელმისაწვდომი არაა სკოლის პედაგოგების ასაკი.
სახელმწიფო დახმარებები დეტალურად
რას მოიცავს დეკრეტული შვებულება
საქართველოს კანონმდებლობით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მშობელს ჯამში 730-დღიანი შვებულება ეკუთვნის. საჯარო მოხელეებისთვის ამ პერიოდის ნაწილი ანაზღაურებადია — 183 კალენდარული დღე, ხოლო გართულებული მშობიარობის ან ტყუპების შემთხვევაში 200 დღე.
2021 წლიდან დეკრეტული შვებულებით სარგებლობა ბავშვის მამასაც შეუძლია, თუმცა მხოლოდ იმ დღეების ფარგლებში, რომლებიც დედას არ გამოუყენებია. შესაბამისად, ორივე მშობელი ერთდროულად ამ შვებულებით ვერ ისარგებლებს.
გარდა ამისა, მშობლებს ბავშვის 5 წლის ასაკამდე ყოველწლიურად ეკუთვნით სულ მცირე ორკვირიანი, არაანაზღაურებადი შვებულება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ.
რა შემთხვევაში გაიცემა 2 000-ლარიანი დახმარება
დეკრეტულ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში დასაქმებულ ქალებს სახელმწიფოსგან მაქსიმუმ 2 000-ლარიანი დახმარება ეკუთვნით. თუმცა სრული თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათი შემოსავალი ჯამურად 2 000 ლარი ან მეტი იყო. უფრო დაბალი შემოსავლის შემთხვევაში დახმარებაც მცირდება.
ამ დახმარებით ვერ სარგებლობენ თვითდასაქმებულები — მათ შორის ძიძები, მომვლელები, ოჯახის დამხმარეები, მცირე ონლაინბიზნესის მფლობელები და სხვა.
დახმარებას ვერ იღებენ უმუშევარი ქალები.
ერთი საათით ნაკლები სამუშაო დრო
შრომის კოდექსის მიხედვით, მეძუძურ დედებს, რომლებსაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავთ, უფლება აქვთ სამუშაო დღის განმავლობაში ისარგებლონ ბავშვის კვებისთვის განკუთვნილი მინიმუმ ერთსაათიანი, ანაზღაურებადი შესვენებით.
თუმცა, როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი „პუბლიკასთან” განმარტავს, პრაქტიკაში ქალების უმეტესობა ამ უფლებით ვერ სარგებლობს, რადგან სამუშაო ადგილებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ხოლო სახლში მისვლა და დაბრუნება ხშირად არარეალისტურია.
მისივე თქმით, იშვიათ შემთხვევებში დამსაქმებლები ამ ერთი საათის გამოყენების საშუალებას აძლევენ თანამშრომლებს სამუშაო დღის გვიან დაწყების ან ადრე დასრულების ხარჯზე.
სესხის სუბსიდირება
საქართველოში მოქმედებს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიხედვითაც თუ ოჯახს ან მარტოხელა მშობელს ჰყავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, სახელმწიფო საცხოვრებლის შესაძენად ან ასაშენებლად აღებული იპოთეკური სესხის პროცენტის ნაწილს, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში უფინანსებს.
სუბსიდიის ოდენობა დამოკიდებულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე (ამჟამად 8.25%) და შემდეგნაირად იანგარიშება:
- ერთი ან ორი შვილის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს აკლდება 3.5%. ანუ ამჟამად სახელმწიფო დაფარავს იპოთეკური სესხის 4.75%-ს (პროცენტი შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთის შეცვლის შემთხვევაში);
- სამი ან მეტი შვილის ყოლისას კი რეფინანსირების განაკვეთს დააკლდება 1.5%. ანუ ახლანდელი მაჩვენებლით 6.75%-ს დაასუბსიდირებს.
პროგრამის ფარგლებში სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 000 ლარია და მისი გამოყენება, როგორც წესი, ერთხელ არის შესაძლებელი. გამონაკლისია მრავალშვილიანი ოჯახები, როდესაც მეოთხე ან მეტი შვილის შემთხვევაში ოჯახს პროგრამით სარგებლობა კვლავ შეუძლია.
მიზნობრივი დახმარებები
მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში სახელმწიფო მესამე და მომდევნო შვილისთვის ნიშნავს 150 და 200-ლარიან დახმარებას. 200 ლარი ინიშნება იმ შემთხვევაში თუ ოჯახი მაღალმთიან რაიონში ცხოვრობს, 150 კი ყველა სხვა დასახლებაში. თუმცა ორივე შემთხვევაში დახმარება ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივი მატება დაბალია რეგიონში ან არ აღემატება 200-ს.
მაღალმთიან რეგიონებში ასევე გაიცემა 100 და 200-ლარიანი დახმარებები. კერძოდ, თუ ბავშვის მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში 100 ლარს მიიღებს, მესამე და მომდევნო შვილზე კი 200 ლარს ორი წლის განმავლობაში. ტყუპებზე: ერთ ბავშვს ეძლევა 100 ლარი 1 წლით, მეორეს კი 200 — 2 წლით.
სოციალურად დაუცველი ოჯახის შემთხვევაში ოჯახის თითო წევრს სარეიტინგო ქულის მიხედვით 30-დან 60 ლარამდე დახმარება ეძლევა. ხოლო ბავშვების შემთხვევაში ოჯახები, რომლებიც ყველაზე დაბალი სოციალური მდგომარეობის ჯგუფში ხვდებიან (ანუ სახელმწიფო შეფასებით ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას), იღებენ საარსებო შემწეობას — 200 ლარს ოჯახის თითოეულ იმ წევრზე, რომელსაც 16 წელი არ შესრულებია.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო გასცემს 470 ლარს, ხოლო თუ ოჯახის წევრი ომში დაიღუპა და ბავშვი შშმ პირია — 514 ლარი.
ორსულობა და მშობიარობა
2023 წლის 1 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. დაფინანსება მოიცავს არჩევითი ექიმის აყვანის, გაუტკივარების, მედიკამენტების, კვების, პალატისა და სხვა ხარჯებს.
სახელმწიფო არ აფინანსებს იმ შემთხვევებს, როდესაც პაციენტი საკეისრო კვეთის ჩატარებას სამედიცინო ჩვენების გარეშე მოითხოვს. ასევე არ ფინანსდება, ე.წ. VIP პალატის მომსახურება.
რაც შეეხება ორსულობას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხვაზე მყოფი ქალებისთვის ფინანსდება 8 უფასო გეგმური ვიზიტი ექიმთან და შესაბამისი ბაზისური გამოკვლევები.
რას გვეუბნება „ქართული ოცნება” და რას გვთავაზობს რეალურად
იმაზე, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული გამოწვევებია, „ქართული ოცნებაც” საუბრობს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 18 თებერვალს, როდესაც ის მისმა პარტიამ მიგრაციის თემაზე სასაუბროდ ინტერპელაციის წესით მიიწვა პარლამენტში, სწორედ დემოგრაფია დაასახელა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად.
თუმცა მან ეკონომიკური ფაქტორი დემოგრაფიული კრიზისის არა გამოსწორების გზად, არამედ ხელისშემშლელად განიხილა:
„ერთი შეხედვით, შეიძლება არსებობდეს ასეთი განცდა, რომ თუ ეკონომიკა სწრაფად იზრდება ეს პირდაპირ უნდა აისახოს დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ამას გვიჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკაც.
როგორც წესი, პირიქით არის ხოლმე, როგორც კი უმჯობესდება კეთილდღეობის დონე ამა თუ იმ საზოგადოებაში, ეს პირიქით განაპირობებს ხოლმე დემოგრაფიული ტენდენციების გაუარესებას”, — თქვა მან.
ამასთან, იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოში დემოგრაფიულ კრიზისს არ აქვს სოციალური საფუძველი, კობახიძემ მესამე და მეოთხე შვილის დაბადების მაჩვენებელი მოიყვანა და თქვა, რომ ეს რიცხვი 2014 წლიდან მატულობს.
თუ საქსტატის მონაცემებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2014-2020 წლებში მართლაც მოიმატა მესამე და მეტი შვილის გაჩენის მაჩვენებელმა რამდენიმე ასეულით, მაშინ, როცა 10 ათასზე მეტით დაიკლო როგორც პირველი, ასევე მეორე შვილის გაჩენის მაჩვენებელმა.

კობახიძე ამ სტატისტიკით მანიპულირებს და აცხადებს, რომ:
„…სადაც არის კეთილდღეობის მაღალი დონე და სადაც აქტიურად ვრცელდებოდა ეს ლიბერალური, სინამდვილეში ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის ძალიან მძიმე პროცესები დაწყებული”.
გამოსავლის სახით კი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას სთავაზობს მოსახლეობას:
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას”.
„სახელმწიფო გვადანაშაულებს ჩვენ და ერთგვარად გვავალდებულებს, რომ თუ მეტ შვილს არ გავაჩენთ, ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება ერის გაჩანაგება. ამას მიგვანიშნებს და მეორე მხრივ არ ამბობს, რომ აიღებს პასუხისმგებლობას, თუნდაც 2 წლამდე ბავშვის კვებასა და მოვლის საშუალებებზე”, — გვეუბნება თაია მახარაშვილი.
მას მთელი ცხოვრება 4 შვილის ყოლა სურდა, ერთი შვილი დაბადებიდან ერთ თვეში დაეღუპა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ახლა ორ შვილს ზრდის და ფიქრობს, რომ მეტს აღარ გააჩენს, რადგან როგორც გვიხსნის საქართველოში შვილების გაზრდა მისთვის დაკავშირებულია ყოველდღიურ საფიქრალთან, თუ რა ელოდებათ ბავშვებს.
თაია ერთ-ერთია იმ საჯარო მოხელეთა შორის, ვინც 2024 წელს „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, დაუპირისპირდა და ამ განცხადებასაც მოაწერა ხელი. ის მაშინ თბილისის მერიაში მუშაობდა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს სამსახურიდან. მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების” პოლიტიკისგან გამიჯვნას საბოტაჟის მცდელობა უწოდა, თანამშრომლების პროტესტი, როგორც თავად დააანონსა „უპასუხოდ არ დატოვა” და სამსახურიდან გაათავისუფლა ათობით თანამშრომელი, მათ შორის თაიაც.
თაია ფიქრობს, რომ მშობლებისთვის ხელისშემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ დასაქმების მხრივ არასტაბილური და პრობლემური გარემოა. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო ქალებს აკისრებს ვალდებულებას, გააჩინონ მეტი შვილი, პირველ რიგში ქვეყანა მზად უნდა იყოს ამისთვის, რათა მშობლებმა შვილების ღირსეულ პირობებში აღზრდა შეძლონ.
„ქართული ოცნების” მხრიდან რეალობის გადაფარვის მცდელობად აფასებს დემოგრაფიულ კრიზისზე საუბრისას იდეოლოგიური ნაწილის შემოტანას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.
„ეს არის საკუთარი პასუხისმგებლობიდან რეფოკუსირება რაღაც კულტურულ საკითხზე, რომელიც ქალს და იდეოლოგიას მარტივად აქცევს მტრად.
მათ ურჩევნიათ პასუხისმგებლობა არ აიღონ საკუთარ თავზე, სტრუქტურებზე, სახელმწიფოზე, არსებულ ეკონომიკურ წესრიგზე, კეთილდღეობის სისტემაზე და მოქალაქეებს, უფრო მეტად კი ქალებს დააბრალონ ეს პრობლემა”, — ამბობს მიქელაძე „პუბლიკასთან”.
მისი თქმით, დემოგრაფიული სტატისტიკა და საერთაშორისო კვლევები ღიად აჩვენებს, რომ ეს საკითხი არის მრავალშრიანი და შეუძლებელია მისი მხოლოდ იდეოლოგიური ცვლილებებით ახსნა.
დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ნაწილში განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად აფასებენ ქალების გაძლიერებასა და ხელშეწყობას „პუბლიკის” სხვა რესპონდენტებიც.
„საქართველოში ქალების დიდ ნაწილს უწევს იყოს დასაქმებული, იზრუნოს ბავშვებზე, ოჯახზე და ხშირად ოჯახში მყოფ მოხუცებზეც.
დედებს ხშირად არ აქვთ სტაბილური შემოსავალი, არ აქვთ ცალკე საცხოვრებელი, ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე, დეკრეტული პოლიტიკა არ არის მათზე მორგებული, და ასეთ პირობებში მათთვის ბავშვის გაჩენა ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული”, — განმარტავს სოფო მენადიშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ქალების ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობის დეფიციტი მათ ნაწილს აყენებს არჩევანის წინაშე: ჰქონდეთ კარიერა თუ იყვნენ დედები.
„თუ ჩვენ დემოგრაფიულ გამოწვევებს არ დავუკავშირებთ გენდერულ როლს და მთელ რიგ გამოწვევებს, რაც ქალებს თავისი გენდერული როლიდან გამომდინარე აქვთ, ვერ შევაფასებთ ცალკე აღებულ დემოგრაფიულ სტატისტიკას”, — ამბობს მენაბდიშვილი და განმარტავს, რომ ხშირად საქართველოში, ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ქალებს არ ეძლევათ რეალური არჩევანის შესაძლებლობა, გააჩინონ იმდენი შვილი რამდენიც სურთ.
დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარების მთავარ გზად რეალურად თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაა დასახელებული გაეროს მოსახლეობის ფონდის 2024 წელს ჩატარებულ კვლევაშიც, რომელიც 14 ქვეყანას მოიცავს და მსოფლიო მოსახლეობის მესამედს წარმოადგენს. კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში დემოგრაფიული კრიზისის გადაჭრისთვის რეალური გზა არის „სამართლიანი, მდგრადი და მზრუნველი გარემოს შექმნა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას, ჰყავდეთ ისეთი ოჯახი, როგორსაც თავად ისურვებდნენ”. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ანუ მთავრობებს კი აფრთხილებენ, რომ მოუსმინონ ახალგაზრდებს და მათ საჭიროებებს.
ახალგაზრდები მნიშვნელოვან გამოწვევად სწორედ ეკონომიკურ საკითხებს ასახელებენ. ეს ფაქტორი ერთნაირად ხელისშემშლელია, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიასა თუ კენიაში.
აღნიშნული საკითხი პრობლემურია რეგიონშიც, სადაც ბოლო ორი ათწლეულია შობადობის მაჩვენებელი დაბალია, ხოლო უკანასკნელი ათი წელია ახალშობილების რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად იკლებს თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
რეგიონის მასშტაბით ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო სომხეთში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია აქ მეზობლებისგან განსხვავებით შობადობა მცირედად იმატებს, სომხეთში მაინც აქტიურად საუბრობენ დემოგრაფიულ კრიზისზე.
როგორ იცვლება დემოგრაფია სომხეთში
სომხეთსა და საქართველოს რეგიონულ ჭრილში მეტ-ნაკლებად მსგავსი დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება აქვთ. საქართველოს მსგავსად, სომხეთის მოსახლეობაც დაახლოებით 3 მილიონს შეადგენს, ხოლო ორივე ქვეყანაში მაღალია ემიგრაციის მაჩვენებელი. ამასთან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025 წლისთვის ქალების ეკონომიკური აქტივობის დონეც ერთმანეთთან ახლოს იყო — სომხეთში ეს მაჩვენებელი 51%-ს აღწევდა, საქართველოში კი — 56.7%-ს.
მსგავსი ტენდენცია იკვეთება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაშიც: 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 74.66 წელს შეადგენდა, ხოლო სომხეთში — 78.32 წელს.
ეკონომიკური პარამეტრებიც მეტ-ნაკლებად მსგავსია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი ორივე ქვეყანაში დაახლოებით ერთ დიაპაზონში მერყეობს — სომხეთში გასულ წელს დაახლოებით 2,200 ლარის ეკვივალენტი იყო, საქართველოში კი 2,466 ლარი.
საქართველოს მსგავსად, სომხეთშიც მოქმედებს სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები მშობლებისთვის, თუმცა მათი ეფექტიანობა ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო, 2025 წლის მონაცემებით ქვეყანაში 3 076 200 ადამიანი ცხოვრობს. ეს რიცხვი 2021 წლიდან მცირედით მატულობს. მაგალითად, 2021 წელს სომხეთში მცხოვრებთა რაოდენობა 3 მილიონს ჩამორჩებოდა და 2 962 300 იყო.
მიუხედავად იმისა, რომ შობადობის ჯამური კოეფიციენტი იქ მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაინც 0.4 პუნქტით ჩამორჩება დემოგრაფიული ზრდისთვის საჭირო ზღვარს.
ამასთან, 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს სომხეთში 4.6%-ით ნაკლები ახალშობილი დაიბადა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 0.5%-ით გაიზარდა.
საერთო ჯამში საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთში ახალდაბადებულთა რიცხვი აღემატება სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ერთადერთი წელი, როდესაც სომხეთში მეტი სიკვდილიანობა დაფიქსირდა, ვიდრე შობადობა, იყო 2020 წელი — ყარაბაღის ომისა და კორონავირუსის პანდემიის პირველი წელი.
სწორედ ამ პერიოდიდან სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა დამატებით სხვადასხვა პროგრამა შობადობის წასახალისებლად. მათ შორის გაიზარდა შვილების გაჩენის შემთხვევაში სახელმწიფოსგან გამოყოფილი დახმარებები. მაგალითად, პირველი შვილის გაჩენის შემთხვევაში გაექვსმაგდა, ხოლო მეორეზე გაორმაგდა მანამდე ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობა და 300 ათასი დრამი შეადგინა, რაც დაახლოებით 2 100 ლარზე მეტია.
მესამე და მეოთხე შვილის შემთხვევაში კი ოჯახი იღებს 1 მილიონ სომხურ დრამს, რაც 7 200 ლარამდეა, ხოლო მეხუთე და შემდეგი შვილისთვის 1.5 მლიონ სომხურ დრამს, რაც 10 800 ლარამდეა.
ამასთან, მესამე და მეტი შვილის ყოლისას ოჯახები ყოველთვიურად 50 000 დრამს იღებენ, რაც დაახლოებით 360 ლარამდეა. ამ დახმარებას მშობლები ყოველთვიურად მიიღებენ, სანამ ბავშვი 6 წლის არ გახდება.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის სხვა პროგრამებს, ამჟამად სომხეთში ანაზღაურებადი სამთვიანი შვებულება ეძლევათ როგორც სახელმწიფო სტრუქტურაში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ და ოფიციალურად რეგისტრირებულ თვითდასაქმებულ დედებს. ანაზღაურებადი შვებულება გულისხმობს დამსაქმებლის მიერ ამ პერიოდში დეკრეტში მყოფი დედისთვის ანაზღაურების 100%-ით გადახდას.
დეკრეტული შვებულების აღება შეუძლიათ მამებსაც, თუმცა ეს არ არის ანაზღაურებადი.
ამასთან, 2023 წლის პირველი იანვრიდან უმუშევარი დედები სახელმწიფოსგან იღებენ 230 ლარამდე თანხას, მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში, ხოლო სოფლად მცხოვრები დედები,
ვინც პარალელურად მუშაობს – 500 ლარამდე, ქალაქში მცხოვრები დედები კი 270 ლარამდე.
მშობიარობა საქართველოს მსგავსად სომხეთშიც უფასოა, ასევე ანაზღაურებულია ორსულობისას საჭირო გამოკვლევები და ექიმთან ვიზიტები სახელმწიფო კლინიკებში. ხოლო 7 წლამდე ბავშვებისთვის ექიმთან ვიზიტი და საბაზისო ხარჯებს, მათ შორის ვაქცინაციასაც, სახელმწიფო ფარავს, დამატებითი კვლევებისა და მედიკამენტების ფინანსური ხარჯის დაფარვა მშობლებს უწევთ.
გარდა ამისა, საქართველოს მსგავსად სომხეთშიც მოქმედებს იპოთეკური სესხის თანადაფინანსების პროგრამა. კერძოდ ფინანსური მხარდაჭერა ეძლევათ იმ ოჯახებს, რომლებმაც ბინის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად იპოთეკური სესხი აიღეს. განსაკუთრებით შეღავათიანი პირობებია რეგიონებში მცხოვრებლებისთვის, ისინი იღებენ როგორც ერთჯერად დახმარებას, ასევე მათთვის ქალაქთან მიმართებით დაბალია იპოთეკური სესხის პროცენტიც.
თუმცა მეტი შვილის გაჩენისთვის სახელმწიფო დახმარებები არასაკმარის სტიმულად მიაჩნიათ თავად მშობლებს.
„პუბლიკასთან” საუბარში სომხეთში მცხოვრები ორი შვილის დედა, ჟურნალისტი ანი პაიტიანი გვიყვება, რომ მართალია სახელმწიფოს გარკვეულწილად ხელს უწყობს მშობლებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამ დახმარების იმედად ადამიანებმა შვილები გააჩინონ.
„ხელისუფლებას უნდა, რომ მეტი შვილი გავაჩინოთ, თუმცა რეალურად ჩვენზე მორგებული ცვლილებები არ ტარდება.
მაგალითად, მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვინდა გვყავდეს მეტი შვილი, თუმცა ვიცით, რომ ფინანსურად ეს ძალიან რთული იქნება ჩვენი ოჯახისთვის. ახლაც კი იმისთვის, რომ ახლანდელი ფინანსური საჭიროებები დავფაროთ, ძირითადი 8-საათიანი სამუშაოს შემდეგ დამატებით გვიწევს მუშაობა ორივეს”, — გვეუბნება ანი.
ანი ფიქრობს, რომ თუ სახელმწიფოს მართლაც სურს შობადობის ზრდა, ხელი უნდა შეუწყოს მშობლებს სამი მიმართულებით: ახალბედა მშობლებს პირდაპირი ფინანსური დახმარების გარდა სხვა, მათზე მორგებული კანონები უნდა შესთავაზონ. ასევე მნიშვნელოვანია დედებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების შეთავაზებაც, რადგან არცთუ იშვიათია პოსტსამშობიარო დეპრესია, რაც შეიძლება მოქმედებდეს სამომავლოდ მათ გადაწყვეტილებაზე, გააჩინონ მეტი შვილი; დაბოლოს, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ფინანსური დახმარების უკეთესი სქემები, რაც მშობლებს რეალურად შეუმსუბუქებს ეკონომიკურ ტვირთს.
ფინანსური დახმარების გარდა, მშობლების ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობენ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც. ქართველი მშობლებიც მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, სახელმწიფომ მოუსმინოს მათ და უპასუხოს მათ საჭიროებებს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მსგავსი დემოგრაფიული ტენდენცია გაგრძელდება, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 4%-ით შემცირდება.
ამასთან, ქვეყანაში გაუარესდება დაბერებადი მოსახლეობის მაჩვენებელი, რაც ქვეყანაში ნაკლებ სამუშაო ძალას და შესაბამისად მეტ ეკონომიკურ პრობლემას გააჩენს.