მარიამ მეყანწიშვილის განაჩენი | 24 ივნისი, 2026

4 ოქტომბრის საქმეზე მარიამ მეყანწიშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო, სასჯელი არასაპატიმროა – 5000-ლარიანი ჯარიმა. ის იყო ბოლო ბრალდებული, რომლის განაჩენიც ამ საქმეზე გამოაცხადეს.

მარიამი განაჩენს სასამართლოს ეზოში მეგობრებთან ერთად ელოდა, იქვე შეხვდა დედამისს და შვილს – დანიელას, რომლებმაც მას ხაშურიდან ჩამოაკითხეს.

განაჩენის გამოცხადებამდე „პუბლიკა“ მარიამ მეყანწიშვილს ხაშურში, ოჯახში ესტუმრა და მასთან ერთად იმგზავრა დღესაც, სასამართლომდე.

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ჯამში ბრალდებული იყო 64 ადამიანი. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ნაწილ მათგანს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედებოდა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაში.

64 ბრალდებულიდან თავი უდანაშაულოდ ცნო 30-მა მათგანმა და მოსამართლემ მათი განაჩენი არსებითი განხილვით გამოიტანა. საპროცესო შეთანხმება კი გაუფორმდა 34-ს (ამ 34-დან 22 მსჯავრდებული, საპროცესო შეთანხმების თანახმად, უკვე გათავისუფლებულია, 12 მათგანი კი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს).

საქმეზე 3 მსჯავრდებული მიმალვაშია. ესენი არიან: ირაკლი შაიშმელაშვილი, ანტონ უპერი, ია დარახველიძე. ციხეში ამ დროისთვის სასჯელს იხდის 38 მათგანი (ამ 38-ში შედის 12 მათგანიც, ვისაც საპროცესო რეალური სასჯელით გაუფორმდა).