საგარეო რეზოლუციაზე: „ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს“

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით.“

განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

„განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ორგანიზაციის ცალკეული სტრუქტურების მიუკერძოებლობის მიმართ. მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, კანონიერად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული კრიტიკა და იმ პოლიტიკური ჯგუფების წახალისება, რომლებიც არჩევნების გზით მიღებული საზოგადოებრივი მანდატის უგულვებელყოფას ცდილობენ.

მსგავსი მიდგომა არა დემოკრატიის განმტკიცებას, არამედ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებასა და რადიკალური პროცესების წახალისებას ემსახურება. დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება, ასევე ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და კონსტიტუციური პროცედურების სრული დაცვით მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პოლიტიკური ნიშნით შეფასება. შემაშფოთებელია კანონების გაუქმების მოთხოვნა სათანადო სამართლებრივი არგუმენტაციისა და ობიექტური შეფასების გარეშე, რაც სცდება ინსტიტუციური მანდატის ფარგლებს და პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს ატარებს“,- ვკითხულობთ განცახდებაში.

24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია ეყრდნობა საქართველოს შესახებ მომხსენებლების: ედიტა ესტრელას და საბინა კუდიჩის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშს და ასახავს ასამბლეის მზარდ შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობის გამო.

რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ხელისუფლებას არ შეუსრულებია არც ერთი იმ რეკომენდაციებიდან, რომლებიც ორგანიზაციამ ბოლო თვეებში გასცა. დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მზადყოფნას, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე. ​დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ასეთი ნაბიჯი საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურა დამყარებას გამოიწვევს და შეუთავსებელი იქნება როგორც დემოკრატიულ პრინციპებთან, ისე ევროპის საბჭოს წევრობასთან.

ასამბლეა ასევე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფონზე ამჟამად არ არსებობს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შესაბამისმა ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ ყველა ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ სრულად შეასრულოს ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები.