„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
ზვიად კუპრავას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – პროკურატურა მას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა.
მოსამართლემ კუპრავა ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო – დამხობისკენ მოწოდების ნაწილში მას 2 წელი და 6 თვე მიესაჯა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში 5000-ლარიანი ჯარიმა. საბოლოოდ, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქა ნაკლებად მკაცრმა სასჯელმა.
განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლომ დღეს ზვიად კუპრავას დასკვნითი და საბოლოო სიტყვები მოისმინა. დასკვნით სიტყვაში კუპრავამ დეტალურად ისაუბრა ბრალდების შინაარსზე.
„სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამოძიება აწარმოვა გამომძიებელმა ფაფხალიშვილმა და გონაშვილმა. ადამიანებმა, რომლებმაც წინააღმდეგობის საქმეში არაერთი სიცრუე, სიყალბე და სხვა უკანონობა ჩაიდინეს.
აქედან გამომდინარე ისმის კითხვა: შესაძლებელია ვენდოთ ფაფხალიშვილს და გონაშვილს, რომელთაგან ერთმა ხელოვნური მტკიცებულების სახით ტელეფონი შექმნა, ხოლო მეორემ მაისური? აგრეთვე ყალბი დოკუმენტები? შესაძლებელია ეს ადამიანები აკმაყოფილებდნენ 37-ე მუხლის პრინციპს და იყვნენ ობიექტურები?…
აღნიშნულ საქმეში გია გოროზიასთან ერთად ჩემს ადვოკატად წარმოგიდგენთ ქართული გრამატიკის ავტორს აკაკი შანიძეს. მის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს მიხედვით, ზმნა ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც გამოხატავს მოქმედებას ან მდგომარეობას.
შესაბამისად წინადადებაში „ივანიშვილი აუცილებლად დაემხობა“, „დაემხობა“ არის ზმნა. ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, ზმნას აქვს კილო. კილოს რაობა და სახეები… მოწოდება ბრძანებითი კილოს სახე და მისი გამოხატვის საშუალებაა. მოწოდების სახით შეიძლება ებრძანოს პირველ სუბიექტურ პირსაც მრავლობით რიცხვში, მაგალითად: ვწეროთ, გავაკეთოთ, დავამხოთ. ერთპირიანი ზმნა „დაემხობა“ თხრობითია, ის არ წარმოადგენს ბრძანებით კილოს და ამიტომ არ არის ის მოწოდება…
აქედან გამომდინარე, პროკურატურისთვის მოწინააღმდეგე მხარე არა მე, არამედ ქართული გრამატიკის შემქმნელი აკაკი შანიძეა, ხოლო სუს-ის და პროკურატურის მტკიცება, თითქოს „ივანიშვილი აუცილებლად დაემხობა“ არის არა მოწოდება და რეალობა, არამედ მათი დამახინჯებული ინტერპრეტაცია.
ავთანდილ ჩიტოშვილი გამოძიების ერთადერთი მოწმეა ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ეპიზოდში. მან სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ მას შეექმნა შთაბეჭდილება, ასე ჩათვალა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჩემს მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეო იყო მოწოდების შემცველი…
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ივანიშვილი ფორმალურად ხელისუფლების არცერთ შტოს არ წარმოადგენს. აღნიშნული, მათ შორის ბრალდების მოწმეებმაც დაადასტურეს. შესაბამისად, გაუგებარია პროკურატურის ბრალი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
პროკურატურის მცდელობა, ივანიშვილს შეაჩეჩოს ხელისუფლება და გამოკვეთოს, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და არსებულ ვითარებაზე ივანიშვილი არის პასუხისმგებელი, მათივე კარიერისთვის არის საზიანო. რეალობაში კი, ქვეყანაში არსებული კანონებით მოქმედი ოფიციალური ბრძანებებით, ივანიშვილი მართლაც არ წარმოადგენს ხელისუფლების რომელიმე შტოს, ამიტომ პროკურატურის ბრალდება, თითქოს დანაშაული ჩადენილია ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, არის შეცდომა ობიექტში…
რაც შეეხება სიტყვა „გარღვევას“, ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ გარღვევა არის ძალადობა და ამ ძალადობით ვგეგმავდი ივანიშვილის დამხობას…
სიტყვა „გარღვევა“ არ უნდა გავიგოთ, როგორც მაინცდამაინც ძალადობის გამომხატველი მოწოდება. მით უმეტეს, წარსულში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის დროს, არაერთხელ გამირღვევია, ანუ დამიშლია ქოლცენტრები, იგივე სპეცოპერაციის პუნქტები, მაგრამ არასოდეს ჩემთან პრეტენზია არ ჰქონიათ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. პრაქტიკაში ყველგან ვიგებდი საარჩევნო უბნებს, სადაც ქოლცენტრების გარღვევას ვახერხებდი, რადგან იქ უკვე ვეღარ ხდებოდა არჩევნების გაყალბება.
ამრიგად, ფაზლი აწყობილია და ჩემს ვიდეოში სადავო, ბუნდოვან წინადადებას ვაზუსტებ და განვმარტავ შემდეგნაირად: ჩვენ ხელს შევუშლით არჩევნების გაყალბების პროცესს და ივანიშვილი დამარცხდება…
ვასრულებ ჩემს დასკვნით სიტყვას და მასთან ერთად გენიოსი ქართველის სიტყვებით სრულდება ჩემი 9-თვიანი ბრძოლა ტყუილთან და უსამართლობასთან – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, – თქვა კუპრავამ.
პროკურატურის მტკიცებით, ზვიად კუპრავამ 30 სექტემბერს Facebook-ში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, „რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა. ასევე, ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია“.
კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავა.
სუსის ცნობით, დაკავების მიზეზი ზვიად კუპრავას შემდეგი განცხადება გახდა:
„ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი.
ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა…“.