ბაია პატარაიას თქმით, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს, „საფარი“ პროკურატურას საქმეში ჩართვას სთხოვს

პუბლიკა

უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოში აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ქალი ვარკეთილში ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ფემიციდს, პატარაიას თქმით, ნათესავები გოგოს ადანაშაულებენ ყველაფერში და მკვლელს „ღირსების აღდგენის“ მოტივით ამართლებენ. „საფარი” პროკურატურას საქმეში გადაცვლილის დის სახელით ჩართვას სთხოვს, რათა საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს.  

გთავაზობთ ტექსტს სრულად:

„რამდენიმე დღის წინ რუსი ინფლუენსერი დამიკავშირდა ინსტაგრამზე და მთხოვა გამერკვია და მერე საზოგადოებისთვის მეცნობებინა შემზარავი ფემიციდის შესახებ. ამბავი ასეთია: აზერბაიჯანიდან ერთი ახალგაზრდა, ლამაზი, ობოლი გოგო შეყვარებულმა გამოიტყუა. საქართველოში ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ერთადო. მანამდე ეს გოგო სხვაზე დანიშნეს ნათესავებმა, რომელმაც ამ გოგოსგან ვალი აიღო და აღარ დაუბრუნდა. მოკლედ, ასე სიყვარულს და ახალ ცხოვრებას მინდობილი ჩამოვიდა. შეპირებული სამსახური არ გამოვიდა, როგორც კი ფული გამოელიათ და ამ გოგოს აიფონი დაალომბარდა შეყვარებულმა ბიჭმა, მანამდე მაგრად სცემა ეს გოგო, დააგდო ქუჩაში და მარტო დაბრუნდა აზერბაიჯანში.

ნაცემი და უცხო ქვეყანაში უყველაფროდ დატოვებული აზერბაიჯანელი გოგო ერთმა კეთილმა სომეხმა ქალმა შეიფარა, თავისი აზერბაიჯანელი დაქალიც მოუყვანა კარგად საკომუნიკაციოდ და ნათესავებთან დაარეკვინა. ჩამოვიდა ნათესავი, ახალგაზრდა კაცი, ბინას ვუქირავებო და რამდენიმე თვეში უკან გავაბრუნებ აზერბაიჯანში, როცა სიტუაცია დაწყნარდებაო და წაიყვანა ეს გოგო. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ეს გოგო მალევე გაქრა. აზერბაიჯანიდან უმცროსმა დამ ძებნა რომ დაუწყო, ამ სომეხ ქალს დაურეკა, მეორეა დღეა ვერ ვეკონტაქტები და იქნებ ვარკეთილში ბინაში მიაკითხოო. მივიდა ეს სომეხი ქალი, კარი არავინ გაუღო, მეზობლებში გაარკვია, რომ დიდი ჩხუბის ხმა ისმოდა წინა ღამეს. (ცხადია, პოლიციას არავინ გამოუძახა. ეს ჯერ ვერ ვისწავლეთ ამ ქვეყანაში). დარეკა ამ სომეხმა ქალმა პოლიციაში, პოლიციამ შეამტვრია კარი და მოკლული გოგო იპოვა ბინაში. მკვლელი თურქეთში გაიქცა. გამოცხადებულია ძებნა.

დღეს დილას საფარმა პროკურატურას მიმართა, გაგზავნა ორდერი და მოითხოვა საქმეში ჩართვა. ახლა პროკურორის გადასაწყვეტია, მოგვცემენ თუ არა უფლებას ვიყოთ ამ საქმეში იურისტებად, რადგან მოკლულის ერთადერთი ოჯახის წევრი აზერბაიჯანშია და ჯერ ის უნდა იქნეს აღიარებული უფლებამონაცვლედ. 

რუსი ინფლუენსერი ქალი, რომელსაც აზერბაიჯანელი ქმარი ჰყავს ღელავს, რომ მკვლელი დაუსჯელი დარჩება, ფემიციდის ეს საზარელი დანაშაული კი – შეუმჩნეველი, რადგან აზერბაიჯანში ის უკვე „ღირსების დანაშაულად“ მიიჩნიეს. ანუ ნათესავები გოგოს ადანაშაულებენ ყველაფერში და მკვლელს „ღირსების აღდგენის“ მოტივით ამართლებენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ვიცოდეთ ყველამ: ქართველებმაც, აზერბაიჯანელებმაც, სომხებმაც და თურქებმაც. 

იმისთვის, რომ არაფერი მიჩუმათდეს, არაფერი დაიმალოს და მკვლელი დაუსჯელი არ დარჩეს, ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა! 

მოვუწოდებ ქართულ და არაქართულ მედიებს გამოიძიონ ეს საქმე.  

მოვუწოდებ პროკურატურას, ჩაგვრთოს საქმეში მოკლულის დის სახელით, რათა მოგვცეს საშუალება, შევისწავლოთ საქმის მასალები იმ ფემიციდისა, რომელიც უკვე სამ ქვეყანას ეხება”.