ავტორი: იუსეფ ბარდუკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. მისი ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან. ეს ნიკოლ ფაშინიანის პირველი ვიზიტია რუსეთში მას შემდეგ, რაც მან და მისმა პარტიამ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო მოსკოვს ჯერ კიდევ არ მიულოცავს მისთვის არჩევნებში გამარჯვება.
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში დღეს, 6 ივლისს, გაემგზავრა.
ის გეგმავს მონაწილეობას ინნოპრომის საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში, ეკატერინბურგში.
ფაშინიანი ფორუმზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა დამოუკიდებელი მედია Civilnet-ის ცნობით, მისი სახელი ფორუმის სპიკერების სიიდან ამოღებულია.
მიშუსტინთან მისი შეხვედრის შესახებ დეტალებზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ივლისის დასაწყისში ტელეფონით ისაუბრეს, რაც, როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ ფაშინიანის პირველი კონტაქტი იყო რუს ოფიციალურ პირთან.
ფორუმს არ დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი. ივნისის ბოლოს ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრები დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა, მისივე თქმით, „დარწმუნებულია, რომ ასეთი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“.
რუსეთს არ უღიარებია სომხეთის არჩევნების შედეგები და არც ფაშინიანისთვის მიულოცავს გამარჯვება, რითაც თავის, როგორც სომხეთის დიდი ხნის მოკავშირის ტრადიციას არღვევს. პირიქით, რუსმა ოფიციალურმა პირებმა არჩევნებს „საეჭვო“ უწოდეს, კენჭისყრაში უპრეცედენტო დასავლური ჩარევის შესახებ განაცხადეს და გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მედიას დაავალეს, არჩევნები წარმოეჩინათ, როგორც ფაშინიანის „დამარცხება“ და ეჭვქვეშ დაეყენებინათ მისი ლეგიტიმურობა.
წინასაარჩევნო პერიოდმა ერევანსა და მოსკოვს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ჩაიარა, ვინაიდან რუსეთმა სხვადასხვა სომხური საქონლის ექსპორტზე ეკონომიკური შეზღუდვები დააწესა.
რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა (EAEU) ასევე არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომლითაც სომხეთს მოუწოდა, აირჩიოს, ბლოკში დარჩება თუ ევროკავშირში გაწევრება ურჩევნია.
Civilnet-თან ინტერვიუში სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანისიანმა განაცხადა, რომ ვერ წარმოიდგენს სცენარს, რომელშიც სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს დატოვებს. სომხურ საქონელზე რუსეთის შეზღუდვების ფონზე ჰოვჰანისიანმა დაამატა, რომ სომხეთის ექსპორტი რუსეთში შეადგენს სომხეთის მშპ-ის დაახლოებით 3%-ს და სახელმწიფო მოკლევადიან პერიოდში შეეცდება ზარალის შემცირებას, ხოლო მომავალში ბიზნესებს დაეხმარება „სხვა ბაზრებზე“ გასვლაში.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.