აზერბაიჯანმა უკრაინაში SOCAR-ის ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი, მიხაილ ევდოკიმოვი  დაიბარა მას შემდეგ, რაც 5 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დარტყმის შედეგად უკრაინის მიკოლაივის ოლქში დაზიანდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური.

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული იერიშების შედეგად წარსულშიც არაერთხელ დაზიანდა აზერბაიჯანის დიპლომატიური ობიექტები, მათ შორის კიევში მდებარე საელჩო, ასევე უკრაინაში მოქმედი SOCAR-ის სხვა ბენზინგასამართი სადგურები. ბაქომ 6 ივლისს განაცხადა, რომ „მსგავსი შემთხვევების გაგრძელება, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მიუთითებს, რომ ეს თავდასხმები განზრახ ხორციელდება“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩ ევდოკიმოვთან შეხვედრაზე მას „მკაცრი პროტესტი“ გამოუცხადეს და რუსეთს მოუწოდეს, „სრულყოფილად გამოიძიოს ყველა ზემოხსენებული შემთხვევა, წარმოადგინოს შესაბამისი განმარტებები თავდასხმებთან დაკავშირებით და სრულად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებისა და დიპლომატიური მისიების დაცვას შეეხება“.

ამასთან, აზერბაიჯანის პროსამთავრობო გამოცემა Caliber-მა თავდასხმასთან დაკავშირებით სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ SOCAR-ის თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.

სტატიაში ასევე გამეორებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომლის თანახმად, „SOCAR Energy Ukraine-ის ინფრასტრუქტურა შემთხვევით კი არა, მიზანმიმართულად გახდა თავდასხმის სამიზნე“.

„SOCAR აზერბაიჯანული კომპანიაა, რომელიც უკრაინაში ოპერირებს. შესაბამისად, მის ობიექტებზე თავდასხმები შეიძლება შეფასდეს არა მხოლოდ უკრაინაზე ზეწოლის მცდელობად, არამედ ირიბად — აზერბაიჯანზეც“, – წერს Caliber.

მას შემდეგ, რაც 2025 წლის აგვისტოში რუსეთის დრონებმა ოდესის ოლქში მდებარე SOCAR-ის ობიექტი დააზიანეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის „განზრახ“ იყო მიზანში ამოღებული და ეს „თავდასხმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც“ უწოდა.

ცოტა ხნის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამაც მსგავსი შეფასება გააკეთა და განაცხადა:

„მოსკოვი ამას განზრახ აკეთებს და აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.“

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.