ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
ყაბარდო-ბალყარეთში რვა ადამიანი დააკავეს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ფარული ქვედანაყოფის წევრობის ეჭვის საფუძველზე. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ეფესბე) აცხადებს, რომ დაკავებულები სამართალდამცავი ორგანოების შენობებზე თავდასხმებს ამზადებდნენ, რათა იარაღს დაუფლებოდნენ.
ეფესბემ დაკავებების შესახებ გუშინ, 7 ივლისს განაცხადა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფი ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანის რაიონში მოქმედებდა.
ეფესბეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა განაცხადა, რომ ჩატარდა ჩხრეკა ეჭვმიტანილების საცხოვრებელ სახლებსა და იმ სამალავში, რომელიც მათ სავარაუდოდ მოწყობილი ჰქონდათ. უწყების ცნობით, აღმოჩენილი იქნა 10 ცეცხლსასროლი იარაღი, დაახლოებით 500 საბრძოლო ვაზნა, ხუთი კილოგრამი დენთი, ასევე 12 ხელნაკეთი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა და მათი დასამზადებლად საჭირო მასალები. ეფესბე ასევე აცხადებს, რომ ამოღებული იქნა დანები, რადიოსადგურები, მთიან და ტყიან ადგილებში ბანაკის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობა, მედიკამენტები და საკვები მარაგები.
ეფესბეს განცხადებით, ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ ტერორისტული აქტის მომზადებასა და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში ან მასში მონაწილეობაში.
რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებულ ოპერატიულ კადრებში ეფესბეს მიერ ამოღებულ ნივთებს შორის ჩანს შეიარაღებული ჯიჰადისტური ორგანიზაცია „კავკასიის საამიროს“ დროშაც. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ეს ორგანიზაცია პირდაპირ დასახელებული არ ყოფილა.
ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა დაკავებულთა ვინაობის, ასაკისა და თავდასხმების სავარაუდო მომზადების გარემოებების შესახებ.
ბოლო წლებში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში, რეგულარულად იწყება სისხლის სამართლის საქმეების წარმოება, რომლებიც ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობას ეხება. ბრალდებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.
იანვარში ყაბარდო-ბალყარიის ხელისუფლებამ მოზარდი დააკავა „ტერორისტული თავდასხმის მომზადების“ ბრალდებით.
ბოლო წლებში ყაბარდო-ბალყარეთში არაერთი ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ეფესბე და შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდო ტერორისტული ჯგუფების წევრების „განეიტრალების“ შესახებ აცხადებდნენ. ეს ოპერაციები, როგორც წესი, ანტიტერორისტული ოპერაციების სახით ტარდებოდა, თუმცა ხელისუფლებას არც ერთ ცნობილ შემთხვევაში არ წარმოუდგენია დამოუკიდებლად დადასტურებული მტკიცებულებები ეჭვმიტანილების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის შესახებ.
2025 წლის აგვისტოში ყაბარდო-ბალყარეთში უსაფრთხოების ძალებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი მოკლეს. ინციდენტი ყაბარდო-ბალყარიის ბაქსანის რაიონის სოფელ ისლამეიში მოხდა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2022 წლის დეკემბერშიც მოხდა, როცა ნალჩიკის გარეუბანში ორი კაცი მოკლეს. ეფესბე აცხადებდა, რომ ისინი სამხედრო კომისარიატზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ და უკრაინის დაზვერვის დავალებით მოქმედებდნენ. ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ დადასტურებულა, ხოლო დაღუპულთა ვინაობა არ გამჟღავნებულა.
2020 წლის ივლისში ჩეგემის რაიონში ოთხი სავარაუდო მებრძოლი მოკლეს. ხელისუფლების განცხადებით, ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებული, თუმცა რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
2000-იანი წლების დასაწყისში ყაბარდო-ბალყარეთი ჩრდილოეთ კავკასიის იმ რეგიონებს შორის იყო, რომლებიც შეიარაღებული ამბოხებით ყველაზე მეტად დაზარალდა. 2005 წელს რესპუბლიკის დედაქალაქ ნალჩიკში უსაფრთხოების სამსახურების შენობებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, რასაც 50-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის სამართალდამცავებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების, სიცოცხლე შეეწირა.
2010 წელს ისლამეი, სადაც ცოტა ხნის წინ სროლა მოხდა, ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული დივერსიული თავდასხმის ადგილი გახდა. აფეთქებებმა დააზიანა აღჭურვილობა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. ე.წ. კავკასიის საამიროსთან დაკავშირებულმა მებრძოლთა ჯგუფმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.