სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმის განხილვა მიმდინარეობს - რა მოლოდინი აქვთ ადვოკატებს

პუბლიკა

5 ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი, შესაძლოა, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ისევ ციხეში აღმოჩნდეს.

პროკურატურამ 8 პოლიტიკოსს – ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალდება 2025 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა. ეს ის დროა, როცა მათი ნაწილი ჯერ კიდევ იხდიდა სასჯელს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო.

დღეს 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდაა თავისუფალი, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი კი სხვადასხვა საქმეზე იხდიან სასჯელს.

რას ედავება პოლიტიკოსებს პროკურატურა

საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება – ეს არის პროკურატურის ბრალდების ძირითადი შინაარსი.

პროკურატურის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის საპასუხოდ ოპოზიციის ლიდერებმა ელენე ხოშტარიამ, ზურა ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ უცხოელ პარტნიორებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია სანქციების გვერდის ავლის შესახებ და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სიები, რამაც საქართველოს 300-მდე მოქალაქის დასანქცირება გამოიწვია.

ასევე, ბრალდების თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის.

ასევე, ბრალდების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით და მედიაში გავრცელებული ვიდეოებით მხარდამჭერებს მოუწოდებდა „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.

პროკურატურა 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე დემონსტრანტების ქმედებებსაც პოლიტიკოსებთან კოორდინაციას უკავშირებს.

უწყებამ პოლიტიკოსებს ბრალდება ოთხი სხვადასხვა მუხლით წარუდგინა.

კონკრეტულად:

მიხეილ სააკაშვილს:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება – ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს:

  • საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება – მაქსიმალური სასჯელი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

ელენე ხოშტარიას:

  • საბოტაჟი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება – მაქსიმალური სასჯელი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს:

  • საბოტაჟი – ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;

სასამართლოში სხდომები მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულია. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ პროცესი 23 თებერვალს დახურა იმ საბაბით, რომ „დარბაზს ვერ აკონტროლებდა“, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია.

დაახლოებით ერთი თვის წინ დაჩქარდა საქმის განხილვაც. თავდაპირველად შეთანხმებული განრიგით, სხდომები თვეში ერთხელ უნდა გაემართათ, პროკურატურის შუამდგომლობით კი ივნისიდან სხდომები კვირაში ორჯერ დანიშნეს. 

პროკურატურამ არგუმენტად „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება“ დაასახელა.

„როგორც მოგეხსნებათ, აღნიშნული საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, ბრალდების მხარემ ეფექტურად უნდა განახორციელოს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა და ეს არის მიზეზი, რა თქმა უნდა, იმის, რომ დავიწყეთ უშუალოდ მტკიცებულებების გამოკვლევა“, – განუცხადა საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა 11 ივნისს მედიას.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება სწრაფ მართლმსაჯულებას არ უკავშირდება და პოლიტიკური სარჩული აქვს.

ირაკლი ჩომახაშვილი – ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი

„სწრაფი მართლმსაჯულება არის ძირითადად დაცვის მხარის უფლება. იმ პირობებში, როდესაც განსაზღვრული იყო სხვა გრაფიკი, დანიშვნა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლებელია, არსებობდეს პოლიტიკური ინტერესები. ეს არის ერთადერთი მოსაზრება, რაც შეიძლება, მქონდეს, ვინაიდან ამ საქმეს წინასასამართლო სხდომიდან 24 თვის ვადა ჰქონდა და არა მაგალითად 9 თვის… შეუძლებელია, არსებობდეს სწრაფი მართლმსაჯულების არგუმენტი“

არჩილ ჭავჭანიძე – ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი

„პროცესის დაჩქარება, პროკურატურის მიდგომა, მოწმეები და მათი არასანდო ჩვენებები მიგვითითებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების განხორციელებასთან“;

ამ ეტაპზე სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებებს იკვლევს. რა ჩვენებებს აძლევენ მოწმეები პოლიტიკოსების წინააღმდეგ – დახურული სხდომების შინაარსს საზოგადოება მხარეების მიერ პროცესიდან გამოტანილი ინფორმაციით იგებს. 

ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. 

ქეთი ჩომახაშვილი – ნიკა გვარამიას ადვოკატი

„ჩვენ ამ საქმეს დავარქვით „ჟესტების საქმე“ და რეალურად ასეა – ბრალდებულების მიმართ ისინი ამბობენ, რომ მათ არ გაუგონიათ, რაზე საუბრობენ […], უბრალოდ მათი აღქმაა, რომ ისინი ჟესტებით მოუწოდებდნენ, შესულიყვნენ პარლამენტში“;

არჩილ ჭავჭანიძე – ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი

„არის პოლიტიკოსების კონკრეტული განცხადებები ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რომ პოლიტიკური განცხადების გამო გაასამართლო პოლიტიკოსი;

…პროკურატურა ქმნის განცდას, რომ არსებობს 46 ტომი, რაც რამეს ადასტურებს, თუმცა ეს ადასტურებს იმას, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ;

…პროცესში შემოვიდა ტერმინი ჟესტიკულაცია და ხუმრობით ვუწოდებთ ჟესტების საქმეს, პოლიციელები ამბობენ, რომ დაგვრჩა განცდაო და აღვიქვამთ, რომ მოუწოდებდნენ მოქალაქეებსო. ყველამ თქვა, რომ ჟესტიკულაციიდან გამომდინარე ჩამოგვიყალიბდა, რომ ახდენდნენ პროვოცირებასო“;

ადვოკატები მოელიან, რომ ამ ტემპით თვის ბოლოს უკვე განაჩენი დადგება.

ომარ ფურცელაძე – გიორგი ვაშაძის ადვოკატი

„ივლისის ბოლო, აგვისტოს დასაწყისი იქნება ის დრო, როცა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ისევე როგორც დაჩქარების, ასევე შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური მდგენელით განპირობებული“.