ჩრდილოეთ ოსური მედია Sapa-ს რედაქტორი პოლიციელის მოსყიდვის საქმეზე ბრალს აღიარებს

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებმა, ადგილობრივი მედია Sapa-ს მთავარმა რედაქტორმა ალინა ჯიკაევამ პოლიციელის მოსყიდვის საქმეზე ბრალი აღიარა. გამოძიების ვერსიით, ის სამართალდამცველს ოფიციალური ინფორმაციის სანაცვლოდ ქრთამს უხდიდა.

ჯიკაევას ადვოკატმა ნვერ გასპარიანმა ბრალის აღიარების შესახებ გუშინ, 8 ივლისს განაცხადა. ჯიკაევას ახლა 1-დან 3 მილიონ რუბლამდე (13 000-40 000 აშშ დოლარი) ჯარიმა ან 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უცნობია, როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს.

იმავე დღეს, მოგვიანებით ,Telegram-ზე გამოქვეყნებულ წერილში ჯიკაევამ განაცხადა, რომ თანამშრომლობდა იმ პოლიციელთან, რომელზეც საქმეა აღძრული, თუმცა „არა ისე, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს“.

„ბევრ ჟურნალისტს აქვს კონტაქტები ძალოვან უწყებებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, ინფორმაცია სხვებზე ოდნავ ადრე მიიღონ. ეს ინფორმაცია არ იყო მიმართული სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ, არ ამხელდა ვინმეს პირადი ცხოვრების დეტალებს და არავის აყენებდა ზიანს. მეტიც, ზუსტად იგივე ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ გვერდებზე ერთი ან საათ-ნახევრის შემდეგ მაინც ქვეყნდებოდა“, – წერს ჯიკაევა.

მისი თქმით, ინფორმაციის უფრო ადრე მოპოვება უზრუნველყოფდა, რომ შესაბამის ამბავს საზოგადოების ყურადღება მიექცია და ის სხვა პუბლიკაციებს შორის არ „დაკარგულიყო“.

ჯიკაევამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიების მსვლელობისას გაიგო, თითქოს ის და Sapa-ს თანამშრომლები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. მისი თქმით, მათ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცველები უთვალთვალებდნენ, ხოლო რედაქციაში მოსასმენი მოწყობილობაც იყო დამონტაჟებული, „თითქოს ჟურნალისტები კი არა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ვყოფილიყავით“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრალი მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც საქმე ჯგუფურად ჩადენილი მოსყიდვიდან ერთი პირის მიერ ჩადენილ მოსყიდვად გადააკვალიფიცირეს.

„თუ დათვლით, რამდენი დაუჯდა სახელმწიფოს „ალინა ჯიკაევას გამოძიების ოპერაცია“, აღმოჩნდება, რომ ეს თანხა მრავალჯერ აღემატება იმ 285 000 რუბლს (3 700 აშშ დოლარი), რომლის გადახდაშიც მადანაშაულებენ“, – იხუმრა ჯიკაევამ.

ჯიკაევა თავდაპირველად 14 აპრილს ვლადიკავკაზში დააკავეს, იმავე დღეს კი მოსკოვში გადაიყვანეს. გამომძიებლების ვერსიით, 2020 წლის ივლისიდან 2025 წლის ივლისამდე პერიოდში ჯიკაევამ მაჰაჩყალის პოლიციის განყოფილების მორიგე თანამშრომელ შამსუტდინ შამსუტდინოვს ოფიციალური ინფორმაციის სანაცვლოდ სულ მცირე 285 000 რუბლი გადაურიცხა. შამსუტდინოვს ცალკე წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების საქმეზე.

წინასწარი პატიმრობის პერიოდში ჯიკაევამ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ პატიმრობაში გატარებული სამი თვის განმავლობაში თავისი ორი მცირეწლოვანი შვილი ერთხელაც არ უნახავს. მისი თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობდა, ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მიაჩნდა, რომ მისი პატიმრობა დაუსაბუთებელი იყო, რადგან ბრალად ძალადობასთან დაუკავშირებელი დანაშაული ედებოდა.

„სამი თვე ისეთ ადგილას, სადაც დრო სხვაგვარად გადის, სადაც ყოველი დღე უბრალოდ კიდევ ერთი დღე კი არა, კიდევ ერთი დღეა ჩემი შვილების გარეშე. ყველა დედა გამიგებს – ეს აუტანელი განსაცდელია“, – წერს ჯიკაევა.

„არავისთვის არაფერი მომიპარავს და ჩემს საქმეში დაზარალებული არ არსებობს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ასეთ ვითარებაში წინასწარი პატიმრობა გამონაკლისი ზომა უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, პატიმრობაში გამამწესეს.

და იცით, რა არის ყველაზე საშინელი? სწორედ იმ დროს, როცა მხოლოდ იმას ევედრები ღმერთს, კიდევ ერთხელ ჩაიკრა შვილები გულში, მოდის ოპერატიული თანამშრომელი, რომელსაც ჰგონია, რომ სხვისი ცხოვრების დანგრევის უფლება აქვს, და გეუბნება: „არავინ დაგეხმარება, სანამ მე არ გადავწყვეტ, რომ შეიძლება. აქ დარჩები, სანამ იმას არ გააკეთებ, რაც მე მინდა“. სწორედ მაშინ ხვდები, რომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიება კი არა, ზეწოლის საშუალებაა“, – დასძინა ჯიკაევამ.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.