სამხრეთ კავკასიის მარშრუტი: როგორ აღწევს სანქცირებული საქონელი რუსეთამდე

პუბლიკა

ავტორი: ნიგარ ჰასანოვა

გეოგრაფიული მდებარეობა, მრავალწლიანი საქმიანი და პირადი კავშირები, ასევე ღრმად ინტეგრირებული სავაჭრო ქსელები რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

ათწლეულების განმავლობაში მოსკოვის ბაზარი „გორბუშკა“ საბჭოთა კავშირში ელექტრონიკისა და მუსიკალური ჩანაწერების შესაძენად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი იყო. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სსრკ-ის დაშლიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ იქ გამყიდველები გაცილებით უჩვეულო საქონელსაც შესთავაზებდნენ მომხმარებლებს, მათ შორის Starlink-ის 45 მოწყობილობას, რომელიც სავარაუდოდ რუსული არმიის მხარდამჭერ ჩეჩნურ ქვედანაყოფ „ახმატთან“ დაკავშირებულმა პირმა შეიძინა.

ამავე დროს, ასობით კილომეტრის მოშორებით, ლატვიის დედაქალაქ რიგის სასამართლოში დაძაბული ვითარება იყო – ოთხ მამაკაცს, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, ბრალად ედებოდა საერთაშორისო სანქციების დარღვევა​ და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად SpaceX-ის მიერ წარმოებული Starlink Mini-ის 60 კომპლექტის შეძენისა და ტრანსპორტირების ორგანიზება. 

ევროკავშირმა აკრძალა ამ მოწყობილობების ექსპორტი რუსეთში, რადგან ეს კომპლექტები უზრუნველყოფენ თანამგზავრულ ინტერნეტს შორეულ რეგიონებში, რაც სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობისაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომში. კონტრაბანდული საქონლის მთლიანმა ღირებულებამ დაახლოებით 200,000 ევრო ($230,000) შეადგინა.

რუსი ჯარისკაცები ცხენებს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალებით აღჭურვავენ. ფოტოები სოციალური მედიიდან.

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სქემის მთავარი ორგანიზატორი იყო რიგაში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქე ალი ხალილოვი. 2026 წლის მარტში ხალილოვს Starlink-ის მოწყობილობების რუსეთში კონტრაბანდულად გაგზავნის სქემის ორგანიზებისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასჯელს დაემატა სამწლიანი პირობითი ვადა, ლატვიიდან დეპორტაცია და ქვეყანაში ხუთი წლის განმავლობაში შესვლის აკრძალვა.

ეს ცალკეული შემთხვევა არ არის. მოსკოვის სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საკუთარი პოლიტიკის ადაპტირებას, რათა სანქცირებული საქონელი მესამე ქვეყნების გავლით მიიღოს. უკვე ნათელია, რომ სამხრეთ კავკასიაში ადრე არსებული ტრანსნაციონალური კრიმინალური ქსელები და ადამიანები, რომლებსაც ევროპასა და აზიას შორის კავშირები აქვთ და რუსულ ენას ფლობენ, სწრაფად მოერგნენ ახალ რეალობას. ისინი იყენებენ სანქციების გვერდის ავლის მარშრუტებსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ სუსტი მმართველობას.

სომხური ოქრო და საქართველოდან ექსპორტირებული მეორადი ავტომობილები

სამხრეთ კავკასიაში არალეგალურ სავაჭრო ქსელებზე საუბრისას, ლონდონის კინგსის კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის უფროსი ლექტორი, დოქტორი ალექსანდრე კუპატაძე ხაზს უსვამს, თუ როგორ იხეირეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა იმ გამოცდილებითა და ნიშური სექტორებით, რომლებიც ომამდე და სანქციების დაწესებამდე უკვე არსებობდა.

„მაგალითად, ომამდეც საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მეორადი ავტომობილები იყო, თუმცა მოგვიანებით ეს ვაჭრობა დასავლეთში წარმოებული, სანქცირებული ავტომობილების რუსეთში გაყვანაზე გადაეწყო. სომხეთს კი დიდი ხანია განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოქროსა და საიუველირო ნაწარმით ვაჭრობაში, რომელიც ასევე სანქციების გვერდის ავლის ინსტრუმენტად იქცა“, – უთხრა მან OC Media-ს.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რეგიონული და ანალიტიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი დოქტორი ერიკა მარატი კუპატაძის შეფასებას ეთანხმება. მისი თქმით, სომხეთი რუსული ოქროსა და საიუველირო ნაწარმის უკანონო რეექსპორტის მნიშვნელოვან შუამავლად ჩამოყალიბდა, ხოლო საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსული ნავთობის რეექსპორტსა და ავტომობილების რუსეთში შეყვანაში, რაც საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს.

ერიკა მარატი საქართველოს მაგალითს Transparency International Georgia-ის კვლევითაც განმარტავს, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რუსეთში არსებულ ქსელს ეხება და აღწერს, თუ როგორ უწყობს ეს ქსელი ხელს ბიზნესურთიერთობებს მისი ოჯახის წევრებსა და სხვა რუს ბიზნესმენებს შორის.

„ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის“ (OCCRP) ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე მოსკოვში სამ არადეკლარირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელთაგან ერთი სულ ახლახან, 2024 წელს არის შეძენილი. ფოტო: ტაბულა.

მარატის შეფასებით, სწორედ ამ კავშირებმა შეიძლება განაპირობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა ივანიშვილის ძმისთვის, ბიძაშვილისა და მისი მეუღლისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაადგინა, რომ ამ პირებს ბიზნესურთიერთობები აქვთ აშშ-ის მიერ სანქცირებულ კგბ-ს ყოფილ გენერალთან და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორთან, გიორგი პოლტავჩენკოსთან, ასევე ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსანთან, როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატია“, – ამბობს ერიკა მარატი.

მისი შეფასებით, ივანიშვილისა და რუს ბიზნესწრეებს შორის არსებული კავშირები, მათ შორის იმ პირებთან, რომლებიც ახლახან სანქციების ქვეშ მოექცნენ, ასევე 2023 წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესება, აჩენს ვარაუდს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს მნიშვნელოვანი ფარული ვაჭრობა, რომელიც გვერდს უვლის დასავლურ სანქციებს. 

სამხრეთ კავკასია დასავლეთს ატყუებს (აგაზლაითებს)

ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი და უფროსი მკვლევარი ლორა ლინდერმანი მიიჩნევს, რომ რომ პრობლემა მხოლოდ ერთი დამნაშავის ძიებას სცილდება.

„საბაჟო სისტემების სისუსტე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება. დიასპორული და საქმიანი კავშირებიც სურათის ნაწილია, თუმცა მათი მნიშვნელობის გადაჭარბებას მოვერიდებოდი“, – ამბობს იგი.

ამასთან, მისი თქმით, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმის გასაგებად პირველ რიგში გეოგრაფიას უნდა შევხედოთ, რადგან რეგიონში ყველა მიმართულებით უკვე არსებობს ჩამოყალიბებული სავაჭრო ინფრასტრუქტურა.

ტრაილერების რიგი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – მანქანებმა საქართველოსა და რუსეთის საზღვარი უნდა გადაკვეთონ. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

ერიკა მარატიც ამბობს, რომ საერთო საზღვრებმა კავკასიაში ეს რეგიონი, ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან ერთად, სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო ზონად აქცია.

„ჩვენი კვლევის – „კრიმინალური გეოგრაფია: როგორ შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური კრიმინალური ქსელები“ (Criminal Geographies: How the Russia–Ukraine War has Reshaped Global Crime Networks) შედეგები აჩვენებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი არა მხოლოდ ორგანიზებული დანაშაულის გეოგრაფიას ცვლის, არამედ მის ფუნქციურ რეორგანიზაციასაც იწვევს, რაც მეზობელ რეგიონებში, მათ შორის კავკასიაში, ზრდის მოწყვლადობას საზღვრისპირა კონტრაბანდის, ადამიანებით ვაჭრობისა და ვაჭრობაზე დაფუძნებული ფულის გათეთრების მიმართულებით“, – ამბობს მარატი. 

მისი თქმით, გაზრდილი სავაჭრო ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი უკანონო მეთოდებით არის შენიღბული, მათ შორის, საქონლის წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის განზრახ არასწორად მითითებით, ვაჭრობის მოცულობისა და ღირებულების შემცირებულად დეკლარირებით და მომწოდებლებისა და იმპორტიორების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვით.

„ზოგ შემთხვევაში სატრანზიტო საქონელი სავარაუდოდ რუსეთში თავიდან გადის ექსპორტზე დასავლელი მწარმოებლების ჩუმი თანხმობით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ოფიციალურად აიღეს ვალდებულება, რომ დაწესებულ სავაჭრო შეზღუდვებს შეასრულებდნენ. რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები ან თვალს ხუჭავენ, ან აქტიურად ფარავენ საკუთარი ტერიტორიების გავლით სანქცირებული ბრენდებისა და სერვისების ტრანზიტს“. 

ალექსანდრე კუპატაძეც ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ამ რეგიონს რუსეთის არალეგალური სავაჭრო ქსელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.

„პრობლემა ის არის, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ხშირად თვალს ხუჭავს ამ პროცესებზე და დასავლეთს „გაზლაითინგს“ უკეთებს. ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორებია გეოგრაფია, სომხეთის შემთხვევაში ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობა და ღრმად ინტეგრირებული სავაჭრო ქსელები, რომლებიც დიდწილად დიასპორულ კავშირებს ეყრდნობა“, – ამბობს ალექსანდრე კუპატაძე. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს (EAEU) სხდომას ონლაინ ესწრება. ოფიციალური ფოტო

მისი განმარტებით, სხვა რეგიონებთან შედარებით, სამხრეთ კავკასიას, განსაკუთრებით კი საქართველოს, ევროპასთან გაცილებით უფრო განვითარებული სავაჭრო კავშირები, ინტეგრაცია და სახელშეკრულებო ჩარჩოები აქვს.

„შესაძლოა, ყაზახეთი და ყირგიზეთი სანქციების გვერდის ავლაში უფრო დიდ როლს ასრულებდნენ, მაგრამ ევროპასთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და სანქციების გვერდის ავლის თვალსაზრისით საქართველო და სომხეთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – ამბობს კუპატაძე. მისი თქმით, ამის შედეგად, ერთი მხრივ, ევროპაში წარმოებული საქონელი რეექსპორტით რუსეთში ხვდება, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთში წარმოებული საქონელი – ევროპაში.

ცალკეული ოპორტუნისტები თუ ფართო ორგანიზებული ქსელები?

ალექსანდრე კუპატაძის თქმით, რთულია, ზუსტად განისაზღვროს, კონტრაბანდულ ოპერაციებში ჩართული ადამიანები ინდივიდუალური ოპორტუნისტები არიან თუ რუსეთის საომარი ეკონომიკის მომსახურე უფრო ფართო ქსელების ნაწილი.

„შეიძლება, ორივეც იყოს. არსებობს სავაჭრო ქსელები, რომლებმაც ომი შესაძლებლობად აღიქვეს, და ასევე ისეთი ქსელები, რომლებსაც რუსეთში მოქმედი ბიზნესელიტა შეგნებულად იყენებს სანქციების გვერდის ასავლელად“. 

ერიკა მარატის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ბევრმა მეწარმემ რუსეთთან ვაჭრობაში ახალი შესაძლებლობები დაინახა, ხოლო სამხედრო გაწვევას გაქცეულმა რუსებმა ახალ საცხოვრებელ ქვეყნებში, მათ შორის კავკასიაში საკუთარი ბიზნესებიც დააფუძნეს.

„რუსი მეწარმეები და სახელმწიფო კომპანიებიც ცდილობენ, სამხრეთ კავკასიის გავლით იპოვონ სანქციების გვერდის ავლის გზები“, – ამბობს იგი.

რუსების ჯგუფი კვეთს საქართველოს საზღვარს, 2022 წლის სექტემბერი. ფოტო: ზურაბ ცერცვაძე/AP Photo.

ლორა ლინდერმანი კი ხაზს უსვამს, რომ უფრო ფართო სურათის დანახვაა საჭირო და არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების დადანაშაულება, როგორც მაგალითად, ზემოთხსენებული Starlink-ის საქმეში.

მისი თქმით, წვრილი მოვაჭრეები, ფიქტიური კომპანიების დამფუძნებლები და მძღოლები, რომლებსაც საქონელი საზღვრებზე გადააქვთ, ამ ჯაჭვის ყველაზე ქვედა რგოლს წარმოადგენენ. ქვედა ფენა მხოლოდ იმიტომ ფუნქციონირებს, რომ ის ეყრდნობა ბევრად უფრო მიზანმიმართულ ძალას: პროფესიონალ ხელშემწყობებს — იურისტებს, სატრასტო მომსახურების სფეროს, ლოგისტიკურ ფირმებსა და ბანკირებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რას აკეთებენ. რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური არქიტექტურაც, რომელიც ამ ხარვეზებს ღიას ტოვებს.

მისი თქმით, მცირე მოვაჭრეები, ფიქტიური კომპანიების რეგისტრატორები და მძღოლები, რომლებიც საქონელი საზღვრებზე გადააქვთ, ამ ჯაჭვის ყველაზე ქვედა რგოლს წარმოადგენენ. ეს ქვედა დონე მხოლოდ იმიტომ ფუნქციონირებს, რომ მის ზემოთ გაცილებით ორგანიზებული სისტემა დგას – პროფესიონალი შუამავლები: იურისტები, ტრასტების მომსახურების მიმწოდებლები, ლოჯისტიკური კომპანიები და ბანკირები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას აკეთებენ. ამასთან, არსებობს პოლიტიკური სისტემაც, რომელიც ამ ხარვეზებს შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ და გაერთიანებულმა სამეფომ ამგვარი შუამავლების ასზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირეს, ხოლო ევროკავშირი გადადის სანქციების გვერდის ავლის პირდაპირ კრიმინალიზაციაზე. ასე რომ, სიტყვა „ოპორტუნისტი“ მხოლოდ ყველაზე დაბალი რგოლის წარმომადგენლებს შეესაბამება, ხოლო „ქსელი, რომელიც რუსეთის საომარ ეკონომიკას ემსახურება“ გაცილებით ზუსტად აღწერს, როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა“, – ასკვნის იგი.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.