ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ვერსიით, 29 ნოემბრის ღამეს ნიღბიანმა და შეიარაღებულმა ალეკო ელისაშვილმა ჩაამსხვრია საქალაქო სასამართლოს მინა, შეაღწია შენობაში, იქაურობას აალებადი ნივთიერება დაასხა და ხანძრის გაჩენა სცადა.
პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს. ინფორმაციას დე ფაქტო გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით აფხაზური სააგენტო ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახით 6 ივლისს პატიმრობა შეუფარდეს.
ეუთოს კრიტიკული რეზოლუცია საქართველოზე
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც მოიცავს კონგრესმენ ჯო ვილსონის ინიციატივით მომზადებულ რეზოლუციასაც „საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“. დოკუმენტი თბილისს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას – არ აღიაროს არადემოკრატიული არჩევნების შედეგები.
„ქართული ოცნების“ დელეგაციამ კენჭისყრას პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოუცხადა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დოკუმენტი განზრახ ამახინჯებს რეალობას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
ივანიშვილის პირადი მცველი სუსის მინისტრის მოადგილეა
ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი, გიორგი ბახუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. ირაკლი კობახიძის მიერ 6 ივლისს ხელმოწერილ ბრძანებამდე, ბახუაშვილს შსს–ს მინისტრის მოადგილის თანამდებობა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ეკავა, მანამდე კი შსს–ს გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.
5 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შესაძლოა, ისევ ციხეში აღმოჩნდეს
ოპოზიციის ხუთ წევრს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა ისევ პატიმრობა დაემუქროს. საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება – ეს არის იმ ბრალდების ძირითადი შინაარსი, რომელიც პროკურატურამ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და მიხეილ სააკაშვილს 2025 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.
ბრალდებულებიდან ხუთი ამჟამად გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, ხოლო ელენე ხოშტარია, ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სხვადასხვა საქმეზე უკვე იხდიან.
დგებუაძე შსს–ში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ირაკლი დგებუაძე 2025 წლის სექტემბრიდან აღარ იკავებს ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტს.
დგებუაძე გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია. გამოძიება ამაღლობელს სწორედ დგებუაძისთვის სილის გარტყმას ედავებოდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ცნო დამნაშავედ და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
ცაგერის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს განცხადებით ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს
ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტს სახელმწიფო „ლენდლორდის“ მოდელით ააშენებს. ინფრასტრუქტურის ძირითადი მესაკუთრე სახელმწიფო იქნება, ხოლო ტერმინალებს კერძო ოპერატორები და საერთაშორისო ინვესტორები დააფინანსებენ. ქვრივიშვილის თქმით, მთავრობა განსაკუთრებით მიესალმება ინვესტიციებს ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან.
დეპუტატ ოდიშარიას სიძე რუსთაველის გამზირს რეაბილიტაციას ჩაუტარებს
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლის, ლევან გოგსაძის კუთვნილი კომპანია შპს „სმარტ სოლუშენი“ ჩაიბარებს. შესყიდვების ჯამური ღირებულება თითქმის 20 მილიონ (19 954 650) ლარს შეადგენს.
უცხოეთი
აშშ–ის იერიში ირანზე
7 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის 80-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა. ამას წინ უძღოდა ჰორმუზის სრუტეში სამ კომერციულ ტანკერზე თავდასხმა. ვაშინგტონმა პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა და მომხდარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევად შეაფასა.
8 ივლისს ანკარაში მყოფმა ტრამპა განაცხადა, რომ ირანთან გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „დასრულებულია“. მან დასძინა, რომ თეირანთან ურთიერთობა არ სურს, ხოლო ირანის ხელმძღვანელობას „ავადმყოფი ხალხი“ უწოდა.
NATO-ს სამიტი ანკარაში
მიმდინარე კვირაში თურქეთმა NATO-ს სამიტს უმასპინძლა. ალიანსის ქვეყნების ლიდერების შეხვედრების შემდეგ გამოქვეყნდა სამიტის დოკუმენტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ NATO-ს წევრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი ურყევ ერთგულებას და რუსეთს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს უწოდებენ. სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპელი მოკავშირეები თავდაცვის კუთხით საკუთარ თავზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ.
„ჩვენ ვაშენებთ მომავალს: უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერი NATO-ს ფარგლებში – მოდერნიზებულ ალიანსს“, – წერია დოკუმენტში.
ალიანსი 2026 წლისთვის უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის პირობას დებს და ალიანსისთვის 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალ თავდაცვით შესყიდვებს აცხადებს.
ტრამპისა და ერდოღანის მეგობრული შეხვედრა
ანკარაში ჩასულ დონალდ ტრაპმს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი განსაკუთრებული პატივით დახვდა. დონალდ ტრამპმა NATO-ს მიმართ თავისი გულგრილი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. მისი განცხადებით, სამიტს მხოლოდ იმიტომ ესწრება, რომ მასპინძელი თურქეთის პრეზიდენტია.
ტრამპის თქმით, F-35 ტიპის გამანადგურებლების თურქეთისთვის მიყიდვის საკითხსაც მალე გადაწყვეტს და სანქციებს მოხსნის.
2019 წელს თურქეთმა რუსეთისგან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, S-400-ები შეიძინა. პასუხად აშშ–მა თურქეთი F-35 ტიპის მეხუთე თაობის გამანადგურებლების პროგრამიდან გარიცხა და სანქციები (CAATSA) დაუწესა, როგორც სადამსჯელო მექანიზმი იმ ქვეყნისთვის, რომელიც მსხვილ გარიგებებს დებს რუსეთთან, ირანთან ან ჩრდილოეთ კორეასთან.
F-35-ის პროგრამა არის აშშ–ისა და მისი მოკავშირეების ერთობლივი სამხედრო პროექტი, რომელიც მსოფლიოში მოწინავე გამანადგურებელი თვითმფრინავების წარმოებასა და შესყიდვას გულისხმობს. ამ პროგრამაში თურქეთი ერთ–ერთი წამყვანი პარტნიორი და თვითმფრინავის ნაწილების თანამწარმოებელი იყო.
ტრამპის განცხადებები სამიტზე
როგორც CNN წერს, პრეზიდენტმა ტრამპმა სამიტის განმავლობაში არაერთი „ცრუ და ხმაურიანი“ განცხადება გააკეთა – მან მოითხოვა გრენლანდიის აშშ–ს კონტროლქვეშ გადასვლა და აღნიშნა, რომ, თითქოს, გრენლანდია რუსული და ჩინური გემებით არის გარშემორტყმული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ესპანეთთან ყველა სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტა სურს. ესპანეთის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ პასუხი არ დააყოვნა. მათი განცხადებით, ესპანეთი არის ევროკავშირის წევრი, საიდანაც რომელიმე ქვეყნის გამოყოფა და სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტა აშშ–ს არ შეუძლია. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მადრიდი ტრამპის კომენტარებს მშვიდად ხვდება და ამგვარ განცხადებებს ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს.
ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა და ახალი შეთანხმებები
საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა NATO-ს სამიტი უკრაინისთვის. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც, უკრაინა საკუთარი ანტიბალისტიკური საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Patriot-ის წარმოების შესაძლებლობას მიიღებს.
„პატარა ჩიტმა მითხრა, რომ უკრაინელებს Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ. ვასწავლით, როგორ უნდა აწარმოონ ისინი. ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ თავად აწარმოოთ ისინი. ეს საკმაოდ კარგი იქნება. ასე რომ, ვეღარ იტყვით, რომ მათ არ გაწვდით“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
სამიტის შემდეგ მალევე ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა მოკავშირეებისგან Patriot-ის რაკეტებს მიიღებს, თუმცა თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.
ანკარაში გამართულ შეხვედრაზე, აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან უარყო ვლადიმერ პუტინის წინადადება, მოსკოვში შეხვედრის შესახებ.
„პუტინმა მითხრა, რომ მოსკოვში შეხვედრას ისურვებდა. მე ვუპასუხე, რომ თქვენს (ზელენსკის) პოზიციაში უნდა ჩავაყენო თავი და არ ვიცი, წახვიდოდით თუ არა თქვენ იქ. წახვიდოდით მოსკოვში?“, – ჰკითხა ტრამპმა ზელენსკის. შეკითხვას ზელენსკიმ ირონიით უპასუხა: „რთულია, იქ ამჟამად ძალიან ბევრი უკრაინული დრონია და საშიშია“.
სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრ სამ ქვეყანასთან – დანიასთან, ესტონეთსა და ნიდერლანდებთან უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვის შესახებ ახალი შეთანხმებები გააფორმა. სამიტის დასკვნითი დოკუმენტის მიღების შემდეგ, როდესაც ალიანსის წევრებმა აიღეს ვალდებულება, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადონ უპილოტო ტექნოლოგიებში, დონალდ ტრამპმაც გამოხატა ინტერესი უკრაინული დრონებზე და თქვა, რომ აშშ უკრაინულ დრონებს შეიძენს.
„ჩვენ შევიძენთ მათ დრონებს… თუ ამ გარიგებას დავდებთ, ჩვენ გვექნება შესანიშნავი დაცვა. მე მიყვარს დაცვა“, — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
პოლონეთისა და უკრაინის ლიდერების პირველი შეხვედრა უთანხმოების შემდეგ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი პოლონელი კოლეგა, კაროლ ნავროცკი ანკარაში, NATO-ს სამიტის ფარგლებში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც ლიდერებს შორის ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება მოხდა. ზელენსკიმ 26 მაისს ერთ–ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის (უპა) გმირების“ სახელი მიანიჭა. პასუხად ვარშავამ უკრაინის ლიდერს „თეთრი არწივის ორდენი“ ჩამოართვა და ორდენი ზელენსკიმ ფოსტით გააგზავნა ვარშავაში.
პოლონეთი „უკრაინის მეამბოხე არმიას“ (უპა) მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვა–ჟლეტაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, კიევი ხაზს უსვამს უპა–ს ბრძოლას ნაცისტური და საბჭოთა რეჟიმების წინააღმდეგ და გამოხატავს მზადყოფნას ისტორიული დიალოგისთვის, თუმცა აცხადებს, რომ გარეშე პირებმა არ უნდა განსაზღვრონ უკრაინის მიერ საკუთარი ისტორიის განმარტება.
ზელენსკიმ შეხვედრას „მნიშვნელოვანი და აუცილებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსული საფრთხის ფონზე ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. თავის მხრივ, ნავროცკიმ განაცხადა, რომ ისტორიული უთანხმოებები არ მოგვარებულა და უპა–ს განდიდებამ შესაძლოა კიევს ევროკავშირში ინტეგრაციაში შეუშალოს ხელი, თუმცა დაადასტურა, რომ რუსეთს საერთო საფრთხედ მიიჩნევს და მზად არის სამომავლო თანამშრომლობისთვის.
„პუტინი ესკალაციას გეგმავს, შესაძლოა უკრაინის საზღვრებს გარეთაც“
Reuters კრემლთან დაახლოებული წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინი უარყოფს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების იდეას და მომდევნო თვეებში კონფლიქტის ესკალაციას გეგმავს. უკრაინული დაზვერვა შიშობს, რომ რუსეთი ახალ ოპერაციებს უკრაინის საზღვრებს მიღმაც ამზადებს.
დარტყმა რუსულ ფლოტსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე
აზოვისა და შავ ზღვებში უკრაინულმა დრონებმა მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც რუსული ტანკერები დაზიანდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გემები საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსულ არმიას საწვავით ამარაგებდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო გასული დღეების განმავლობაში დაზიანებული გემების საერთო რაოდენობამ 36-ს მიაღწია.
ამ მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც დაადასტურა, რომ უკრაინა „შორ მანძილზე მოქმედების სანქციების გეგმას“ ასრულებს. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და თავდაცვის ძალებმა წარმატებული დარტყმები მიაყენეს ფრონტის ხაზიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ ნავთობბაზებს სტავროპოლსა და ტვერში, ასევე საწვავის სარეზერვო საცავსა და ნავთობსაქაჩ სადგურს უფაში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან თითქმის 1500 კილომეტრში მდებარეობს.
ბოლო კვირებში ყირიმში ლოჯისტიკური და ენერგო თავდასხმების გამო რუსეთი იძულებული გახდა ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.
რუსული იერიშების შედეგად ათეულობით დაღუპული და გლოვის დღე კიევში
გასულ კვირაში უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად ათეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა. დანგრეულია და დაზიანებულია ათობით შენობა.
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინის მასშტაბით რუსეთის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა და 77 დაშავდა. სიტუაცია მძიმე იყო გასულ დღეებშიც – 9 ივლისს 12, ხოლო 6 ივლისს 19 ადამიანი დაიღუპა. გასული 10 დღის განმავლობაში კიევში გლოვის დღე მეორედ გამოცხადდა.