ირაკლი კობახიძე ეხმაურება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მესამე მხარედ ჩართვას სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. „FARA-ს“ საქმეში.
შეკითხვაზე, თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას, რა პოზიცია ექნება სახელმწიფოს, კობახიძემ თქვა:
„FARA არის ამერიკული კანონის ასლი. არ ვიცი, რამდენად მოხერხდება სტრასბურგის სასამართლოში ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტების მოძიება.
ვნახოთ, დაველოდოთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ამის შესაბამისად, რა თქმა უნდა, მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საიას ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვება.
ამ საქმის წარმოება სტრასბურგის სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2025 წელს დაიწყო 6 მომჩივნის – სამი ორგანიზაციისა და მათი ხელმძღვანელი ფიზიკური პირების სახელით.
მომჩივნები დავობენ იმაზე, თუ როგორ ზღუდავს აღნიშნული კანონი – უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (ქართული FARA) სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
კერძოდ, საჩივარში საია აღნიშნავს, რომ რეალურად ეს კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.
„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 1 აპრილს მიიღო, მათი სიტყვებით, ამერიკაში დღეს მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] ქართული თარგმანი.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, შარშან მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით კანონმდებლის ნება ვერ სრულდება, რადგან ორგანიზაციებმა რეგისტრაციაზე უარი განაცხადეს, „FARA-ს ზუსტი ანალოგი“ კი ამას სათანადოდ უზრუნველყოფს.
„მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებები ადასტურებს საგარეო დახმარებების არაჯეროვნად გამოყენების ფაქტების არსებობას. აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, დესტაბილიზაციის, დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობასა და რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას ემსახურება. აღნიშნული მხილებები გახდა რელევანტური მიზეზი იმისა, რომ გადაიხედოს საქართველოს კანონმდებლობა“, – აცხადებს „ქართული ოცნება“.
ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, აცხადებენ, რომ აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.