გუშინ, 13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, მარატ კამბოლოვს შეხვდა.
კამბოლოვმა პუტინს უთხრა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა „გულწრფელად არის ორიენტირებული რუსეთზე“ და რომ რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მან ასევე თქვა, რომ „არასდროს დაივიწყებს იმას, რაც რუსეთმა ოსეთის რესპუბლიკისთვის 2008 წლის აგვისტოში გააკეთა“.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადაგიხადოთ სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც რუსეთმა ჩვენი რესპუბლიკის ხალხისთვის 2008 წლის აგვისტოში გააკეთა. ჩვენთვის რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ყოველ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ“, – უთხრა კამბოლოვმა პუტინს.
თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა კამბოლოვს საქმიანობაში წარმატება უსურვა და თქვა, რომ მისი კანდიდატურა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა ე.წ პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა შეარჩია, ხოლო ე.წ პარლამენტმა დაამტკიცა.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ კამბოლოვი საქმიანობაში გამოიყენებს გაგლოევის გამოცდილებას, მის მიერ გაწეულ მუშაობასა და გავლენას, რომელიც მას რესპუბლიკაში აქვს.
„მარატ არკადიევიჩ, უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ. პირველ რიგში, თქვენი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პრემიერ-მინისტრად დანიშვნა: რესპუბლიკის პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. შემდეგ კი თქვენმა წინამორბედმა გააკეთა ის, რის გაკეთებასაც გეგმავდა – ჩვენ ამ საკითხზე ადრე ვისაუბრეთ. მან არჩევანი თქვენზე შეაჩერა, ვიდრე ჩემს წინადადებას დათანხმდებოდა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის თანამდებობაზე გადავიდოდა. ალან ედუარდოვიჩმა (გაგლოევმა) სწორედ თქვენ გაგიწიათ რეკომენდაცია.
დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენს საქმიანობაში ასევე გამოიყენებთ მის მიერ დაგროვილ გამოცდილებას, მის მუშაობის შედეგებსა და იმ გავლენას, რომელიც მას რესპუბლიკაში აქვს“, – თქვა ვლადიმირ პუტინმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი 23 ივნისს გადადგა – ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველი გახდა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე, მარატ კამბოლოვი იქნება.