ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული ქვეყნების ლიდერები კიევში ჩავიდნენ

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ეს მისი მე-11 ვიზიტია უკრაინის დედაქალაქში მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო მომენტუმი შექმნა. ვითარება ჩვენს სასარგებლოდ იცვლება. მე გამოვაცხადებ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრიების ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, რათა უფრო მეტი და უფრო სწრაფად ვაწარმოოთ. ასევე განვიხილავთ ევროკავშირში გაწევრების პროცესს და მომავალი ზამთრისთვის მზადებას“, – დაწერა X-ზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კიევში ასევე ჩავიდნენ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი. ვუჩიჩმა თქვა, რომ გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას.

დღეს კიევში ხელი მოეწერება ახალ მრავალმილიარდიან შეთანხმებას, რომელიც დრონების წარმოებას ეხება.

შეთანხმება, რომლის შესახებაც პირველად TVP World-მა გაავრცელა ინფორმაცია და რომელსაც დღეს გაფორმდება, ევროკავშირის თავდაცვითი სესხების პროგრამა SAFE-ში დარჩენილ დაახლოებით 10 მილიარდ ევროს მიმართავს ევროკავშირის აღმოსავლეთ წევრ ქვეყნებში უახლესი ტექნოლოგიის დრონების საწარმოების შესაქმნელად.

მიზანი ორმხრივი სარგებლის მიღებაა. ევროკავშირის ინვესტიციები გააძლიერებს როგორც უკრაინულ, ისე ევროპულ კომპანიებს, რაც შესაძლებელს გახდის დრონების ევროკავშირის ტერიტორიაზე განთავსებას და საჭიროების შემთხვევაში წარმოების სწრაფად გაზრდას. ამასთან, ევროპელი მწარმოებლები უკრაინის საბრძოლო გამოცდილებაზე მიიღებენ წვდომას. სარაკეტო წარმოების განვითარების საკითხი კი ორი წლის შემდეგ იქნება განხილული.

ამავდროულად, გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებმა კვლავ ვერ შეძლეს სანქციების ახალ, 21-ე პაკეტზე შეთანხმება. დღეს დილით Coreper (მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი) კვლავ შეიკრიბება აღნიშნული საკითხის განსახილველად.