ქუთაისში მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა და მოიყოლა მუშა, რომელიც გარდაიცვალა

პუბლიკა

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, მშენებლობაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუშის ცხედარი მაშველებმა კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.

„ქუთაისიპოსტს“ თვითმხილველები ეუბნებიან, რომ ბეტონის დასხმაზე ორი მუშა მუშაობდა.

„საშინელი ხმა იყო, ორი მუშა იყო ბეტონის ჩასხმაზე. ერთი გადარჩა და მეორის გამოყვანას ამ დრომდე ცდილობებენ”, – ამბობენ თვითმხილველები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

„ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ კომპლექსს სამშენებლო კომპანია „მაუდი რეზიდენსი“ აშენებს.