ნატა ვიბლიანი 7 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა – როგორც თავად ამბობს, სწორედ აქედან დაიწყო მისი ჯოჯოხეთი. 9 წლის ასაკიდან მრავალი წლის განმავლობაში ნატა ვიბლიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ქალმა თავისი ამბავი პლატფორმა „ვეძებ“-ის დამფუძნებლის, თამუნა მუსერიძის პოდკასტში მოჰყვა.
ნატა იხსენებს, რომ მასზე სისტემატურად ძალადობდა რამდენიმე თანასოფლელი.
კერძოდ, მასზე სექსუალური ძალადობა კარის მეზობელმა მაშინ დაიწყო, როცა ის 9 წლის იყო, ხოლო მოძალადე – „დაახლოებით დედამისის და მამამისის ასაკის“. რამდენიმე წელიწადში მოზარდი დაორსულდა და 13-14 წლის ასაკში შვილიც გააჩინა.
ქალი ამბობს, რომ მოძალადე „სულ მუშტებსა და იარაღზე იყურებოდა“. მისივე თქმით, ის მას იარაღის მუქარით აუპატიურებდა.
„[დაორსულების შემდეგ] მე იარაღით შემაშინეს – უნდა მეთქვა, რომ ბავშვი იყო სხვისი – კონკრეტული ბიჭის. არ ვიცი, ის ბიჭი როგორ იყო შეშინებული. მე 14 წლისაც არ ვიყავი“, – ამბობს ნატა ვიბლიანი.
მოზარდი ზუგდიდის სამშობიაროში წაიყვანეს.
თუმცა, როგორც ამბობს, მანამდე მცენარეებისგან დამზადებულ წამალს ასმევდნენ, რომელმაც „კინაღამ მოკლა“. ერთი კვირის შემდეგ იმშობიარა, თუმცა, ბავშვს მხოლოდ თვალი მოკრა და მერე არასდროს უნახავს.
„ძირები ბიძაჩემმა მოიტანა. ხარშავდნენ ამ ძირებს. კინაღამ მომკლეს, ერთი კვირის განმავლობაში მასმევდნენ. მერე წამიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოში გამიკეთეს ნემსები. მერე ვიმშობიარე, ბავშვის მხოლოდ ხმა გავიგონე და თმა დავინახე, კარებში რომ გაჰყავდათ. ექთანმა იკითხა, ბავშვს რა ვუყოო. ექთანმა იცოდა, რომ ბავშვი მოსაშორებელი იყო, ჩვეულებრივი მშობიარობა არ იყო. მაინც იკითხა. იქ გასცეს პასუხი, მოკალიო. არ ვიცი, ბავშვი ცოცხალია თუ მკვდარია. ხმა მესმოდა, თმაც ჰქონდა. ალბათ 7 თვის ბავშვზეა ლაპარაკი. მე ძალიან დიდი მუცელი მქონდა“, – ამბობს ნატა ვიბლიანი.
მან, სავარაუდოდ, 1997 წელს იმშობიარა.
მშობიარობის შემდეგ ქალი სოფელში დაბრუნდა, სადაც, როგორც ამბობს, მასზე სექსუალურად კიდევ სამმა კაცმა იძალადა.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ მალევე ის და მისი ოჯახი ჭუბერიდან გამოასახლეს – კონკრეტულად, თავად ის, მისი დედა და 3 დედმამიშვილი.
ქალი ყველაფერში, რაც მის თავს მოხდა, „ადანაშაულებს მთელს სოფელს და დედის მხარეს“, თუმცა, დედაზე ლაპარაკი საჯაროდ საუბარი არ სურს და ამბობს, რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის.
ნატა ვიბლიანი ასევე ამბობს, რომ პოლიციაში საქმის შესწავლა მიმდინარეობს მისი ფეისბუქ-ვიდეოების და ანონიმური ზარის საფუძველზე – მას შეურაცხყოფისთვის უჩივიან.
ამავდროულად, ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ იმის გამო, რომ Facebook-ზე აქტიურობს, მას ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ, რაზე რეაგირებასაც ითხოვს.