რუსულმა დრონებმა ოდესასთან აზერბაიჯანელი ეკიპაჟით დაკომპლექტებულ თურქულ გემს დაარტყეს

პუბლიკა

ავტორი: იუსეფ ბარდუკა

რუსულმა დრონებმა უკრაინის შავი ზღვის სანაპიროსთან, ოდესის მახლობლად, იერიში მიიტანეს თურქულ სავაჭრო გემზე, რომელიც ტანზანიის დროშის ქვეშ დაცურავდა და რომლის ეკიპაჟიც აზერბაიჯანელებით იყო დაკომპლექტებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, 14 ივლისს რუსეთის ძალებმა ორი სამოქალაქო სატვირთო გემი დაბომბეს – მათ შორის აზერბაიჯანელი ეკიპაჟით დაკომპლექტებული თურქული გემი და კიდევ ერთი გემი, რომელიც ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა. გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი გემის კაპიტანი დაიღუპა, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ გემზე იმყოფებოდა ის.

გამოცემის თანახმად, მოხდა გემის 11-კაციანი ეკიპაჟის ევაკუაცია, რომლის კაპიტანიც დაიღუპა, ხოლო მათგან სამი ადამიანი დაშავდა.

უკრაინსკა პრავდას“ თავდაპირველ ცნობაში არ იყო მითითებული, რომ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი თურქული იყო. თუმცა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ ოდესის სანაპიროსთან თავდასხმა განხორციელდა სავაჭრო გემ „ატლას ბეიზე“, რომელიც თურქულ კომპანია „ოკეან მარიტაიმს“ ეკუთვნის. „ვესელ ფაინდერის“ მონაცემებით, „ატლას ბეი“ ტანზანიის დროშის ქვეშ დაცურავს.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, „ატლას ბეის“ ეკიპაჟის 11 წევრი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. უწყების ცნობით, „გადარჩა ეკიპაჟის ყველა წევრი, გარდა გემის კაპიტნისა, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა“.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა შავ ზღვაში არაერთ სამოქალაქო გემზე მიიტანა იერიში, მათ შორის ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე, რომელიც 13 ივლისს ოდესაში მინერალურ სასუქს ტვირთავდა. დამოუკიდებელი გამოცემა „კიევ ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, იმ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ 10 დაშავდა.

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი უკრაინაში აზერბაიჯანული ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაბომბვაში.

ივლისის დასაწყისში აზერბაიჯანმა ბაქოში რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი დაიბარა მას შემდეგ, რაც დრონმა უკრაინის მიკოლაივის ოლქში მდებარე აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური დააზიანა.

რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინაში დაზიანდა ასევე აზერბაიჯანის საელჩო კიევში და ქვეყნის მასშტაბით მდებარე „სოკარის“ სხვა ბენზინგასამართი სადგურებიც.

ევდოკიმოვის დაბარებისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „მსგავსი ინციდენტების გაგრძელება, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს თავდასხმები განზრახ ხორციელდება“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.