ორშაბათს გორში მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მძღოლს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გორში ავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, 3 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი მეორე დილით გავრცელდა.
პროკურატურის განცხადებით, მძღოლს, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ბრალდება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით წარედგინა.
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილი (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქართლის ამბების“ ცნობით, პროკურორმა განაცხადა, რომ „ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბებაზე”.
ბრალდებული 1991 წელს დაბადებული რევაზ ელიზბარაშვილია. TV პირველის ინფორმაციით, ბრალდებული ბრალს აღიარებს და მას პროცესზე ადვოკატი არ ჰყოლია.