ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო გაუფორმდა - მას 100 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ასევე მიესაჯა ქვეყნიდან გაძევება

პუბლიკა

ბრიტანეთის მოქალაქეს, ომის ვეტერან მეთიუ როი დესმონდს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის საპატიმროს 100 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დატოვებს. დესმონდს ასევე მიესაჯა საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 20 წლის ვადით. ინფორმაციას გამოცემა „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

საპროცესო შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაამტკიცა.

როი დესმონდი დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

ადვოკატების თქმით, როი დესმონდი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების გამო დააკავეს, რომლითაც ხერხემლის ტკივილს იყუჩებდა. ვეტერანმა ხერხემლის ტრავმა სადესანტო ბრიგადაში საქმიანობის დროს მიიღო.

ადვოკატებმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ დესმონდს საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფორმალობები არ ჰქონდა დაცული, მაგალითად, „ფორმა 100“ აპოსტილით არ იყო დამოწმებული.

პროკურატურამ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ როი დესმონდს არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ სამი სხვადასხვა დასახელების და ამ ოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული. მათივე თქმით, დიდ ბრიტანეთში გაცემული სამედიცინო ცნობის ნამდვილობა გამოძიებას დადგენილი არ აქვს.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მეთიუ როი დესმონდის და მისი ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო და ჯარიმის თანხის ოდენობაც მათ მიერვე იყო უწყებისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე შეთავაზებული.


ბრიტანეთის მოქალაქე, ომის ვეტერანი მეთიუ როი დესმონდი საქართველოში მოტოციკლით სამოგზაუროდ ჩამოვიდა.

ადვოკატების განცხადებით, ომის ვეტერანს ექიმის დამოწმებული დანიშნულება ჰქონდა ყველა იმ მედიკამენტზე, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა.

საუბარია სამი დასახელების მედიკამენტზე – პრეგაბალინი, ბუპრენორფინი, კოდეინი.

„რეალურად, ეს ადამიანი სრულიად უდანაშაულოა. ის არის ბრიტანეთის მოქალაქე, არის ომის ვეტერანი, მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთისა და ერაყის ომებში, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

ერთ-ერთი დავლების შესრულების დროს მან მიიღო ხერხემლის სერიოზული დაზიანება, რის გამოც ოფიციალურად მას ექიმის მიერ ინგლისში დაენიშნა ეს მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებლები, რათა ეცხოვრა ამ ადამიანს“, — თქვა დესომნდის უფლებადამცველმა პრესკონფერენციაზე.