ზელენსკი ფედოროვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე არ დატოვებს — უკრაინელები აპროტესტებენ

პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი მიხაილო ფედოროვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღარ დატოვებს — ამ გადაწყეტილებას უკრაინის ქალაქებში ფედოროვის მხარდამჭერი გამოსვლები მოჰყვა.

ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით: „ფედოროვი თავდაცვის მინისტრია“, „რისთვის?“, „ნუ შეეხებით იმას, რაც მუშაობს“, „ხელები შორს ფედოროვისგან“, „დააბრუნეთ ფედოროვი“, „ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის“.

მონაწილეები ასევე სკანდირებენ: „სირცხვილი!“ და „ფედოროვი თავდაცვის მინისტრია“.

უკრაინული მედიის ცნობით, მსგავსი აქციები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს: ვინიცაში, ლუცკში, დნიპროში, ოდესასა და ლვივში.

ამ დროისთვის არც ფედოროვს და არც პრეზიდენტის ოფისს აქციებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას. აღნიშნული გადაწყვეტილება მთელი მთავრობის გადადგომას ნიშნავდა.

„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, 15 ივლისს ხელისუფლება ახალი მთავრობის შემადგენლობის ფორმირებას გეგმავს – უმაღლესი რადა მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებას დღეს, 16 ივლისს, აპირებს.

„უკრაინსკა პრავდას“ წყაროების ცნობით, ფრაქცია „ხალხის მსახურში“, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის კანდიდატურას აღარ წარადგენს. მის ნაცვლად დასახელდება იგორ კლიმენკო, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

იმავე წყაროების თანახმად, ფედოროვი პრეზიდენტის გუნდში რჩება, თუმცა „რას გააკეთებს მომავალში, ეს მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“.

თავად ფედოროვმა 15 ივლისს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე მუშაობა შეაჯამა, ისაუბრა იმაზე, რის გაკეთება ვერ მოასწრო, და აღნიშნა, რომ აგრძელებს საკუთარ მისიას, რათა „მტერი დაამარცხოს ასიმეტრიული მიდგომით, ინოვაციების სისწრაფითა და ორგანიზების ძალით“.

ფედოროვის გათავისუფლებას წინ უძღოდა გავრცელებული ინფორმაციები უკრაინულ ჯართან მისი უთანხმოების შესახებ.