ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ბრიტანეთის მონარქმა მისი კანდიდატურა უკვე დაამტკიცა.
მანჩესტერის ყოფილი მერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კირ სტარმერს ჩაანაცვლებს.
პრემიერ-მინისტრის რანგში თავის პირველ გამოსვლაში ენდი ბერნემმა აღნიშნა, რომ მთავრობის საქმიანობის საფუძველი სწორი ღირებულებები და მაღალი სტანდარტები უნდა იყოს. მისივე განცხადებით, ადამიანებზე ზრუნვას საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად აქცევს.
ენდი ბერნემი მოსახლეობას ჰპირდება ეკონომიკური მოდელის შეცვლას, სახელმწიფო როლის გაძლიერებას, რეგიონების განვითარებას, სოციალური პრობლემების მოგვარებასა და პოლიტიკური ნდობის აღდგენას.
„ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია, კვლავ დაიბრუნოს სტაბილურობა. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, პოლიტიკა ისე ვაქციოთ, რომ რეალურად მუშაობდეს და ბევრად უკეთ მუშაობდეს.
ვიცი, რომ ხალხი დაიღალა პოლიტიკით, მესმის თქვენი. მინდა, გულწრფელი ვიყო – ჩვენ საკმარისად კარგად ვერ ვიმუშავეთ. უკეთ უნდა ვიმუშაოთ და ასე იქნება კიდეც. ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ბრიტანეთისთვის.
ჩვენ ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს განვახორციელებთ, შევქმნით ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელს. 1980-იან წლებში ბრიტანეთმა არაერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკური ძალაუფლება ცენტრალიზებული იყო, ეკონომიკური – პრივატიზებული, ქვეყნის მრავალი რეგიონი დეინდუსტრიალიზაციას შეეწირა და დღემდე ვერ აღდგა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მათი რეგიონი კვლავაც უკან მიდის და მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ.
სწორედ ამიტომ შევცვლით პოლიტიკას, ის უფრო თანამშრომლობასა და პრობლემების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე პოლიტიკური ქულების დაწერაზე.
ძალაუფლებას მხოლოდ ლონდონში აღარ დავტოვებთ, მას ქვეყნის ყველა რეგიონსა და დასახლებაში გადავანაწილებთ, რათა ადგილობრივმა საზოგადოებებმა მეტი შეძლონ. ამ გზით შევქმნით ახალ ეკონომიკას, სადაც ადამიანებისთვის აუცილებელი სერვისები და რესურსები უფრო მტკიცე სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იქნება, რათა ისინი კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ხელახლა გავაძლიერებთ ბრიტანულ ინდუსტრიას და სახელმწიფო შესყიდვებს ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად გამოვიყენებთ.
წლის ბოლოს წარმოგიდგენთ ბრიტანეთის განვითარების ახალ, 10-წლიან გეგმას, რომელიც აჩვენებს, როგორ უნდა მივიდეთ დღევანდელი მდგომარეობიდან იმ მომავლამდე, სადაც, ჩემი აზრით, ყველას სურს ცხოვრება, მიუხედავად იმისა, საიდან ვართ ან რომელ პარტიას ვუჭერთ მხარს, მაგრამ შემიძლია გავაკეთო, რომ ამ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მივცე.
ჩვენ უფრო მეტ ახალგაზრდას დავეხმარებით დასაქმებაში – განათლების სისტემის შეცვლით, მეტი მხარდაჭერის უზრუნველყოფით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაფართოებით.
ასევე ავაშენებთ მეტ მუნიციპალურ საცხოვრებელ სახლს.
სწორედ ეს არის სამართლიანი და მდგრადი გზა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების შესამცირებლად, ჩვენი ფისკალური წესების შესასრულებლად და თავდაცვის სფეროში საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაცავად.
ჩვენ დავეხმარებით ადამიანებს უკეთ ცხოვრებაში. ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც პრობლემების პრევენციაზე იქნება ორიენტირებული და ადამიანების წარმატებაში ჩადებს ინვესტიციას, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ წარუმატებლობის შედეგების გამოსწორებაზე ხარჯავდეს ფულს.
მთავრობის საქმიანობის საფუძველი სწორი ღირებულებები და მაღალი სტანდარტები უნდა იყოს. ადამიანებზე ზრუნვას ჩემი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად ვაქცევ. ამ საქმეში მთელ ჩემს ძალას ჩავდებ და თქვენც გთხოვთ, ერთად ვიმუშაოთ. მოდით, შევქმნათ ეროვნული ერთიანობის, საერთო მიზნისა და ოპტიმიზმის ახალი განცდა.
მოდით, ეს მომენტი ვაქციოთ იმ მომენტად, როდესაც ბრიტანეთი კვლავ დაიწყებს რწმენას. იმ მომენტად, როდესაც იმედს დავიბრუნებთ“, – აღნიშნა ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა.
ენდი ბერნემი ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერი რამდენიმე დღის წინ გახდა.
ყოფილმა პრემიერმა კირ სტარმერმა 2 წლის წინ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა დაუნინგ-სტრიტზე გადასვლიდან სულ რამდენიმე კვირაში ზოგიერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და პოზიციების შეცვლის საზოგადოების მხარდაჭერის დაკარგვა დაიწყო.
ლეიბორისტი დეპუტატების დიდი ნაწილისთვის გადამწყვეტი მომენტი მაისში გამართული ადგილობრივი არჩევნები აღმოჩნდა, სადაც მემარჯვენე პარტია Reform UK-მა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამის შემდეგ ბევრ ლეიბორისტ დეპუტატს გაუჩნდა შიში, რომ Reform UK-ის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი მომდევნო საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვებდა.
ბერნემს დიდი ხანია, ლეიბორისტული პარტიის ლიდერობის ამბიცია აქვს, თუმცა პარტიის ლიდერის პოსტისთვის ბრძოლა მხოლოდ მოქმედ პარლამენტის წევრს შეუძლია.
ბერნემი ბრიტანეთის პარლამენტში ერთი თვის წინ შუალედური არჩევნების შედეგად დაუბრუნდა. Reform UK-ის კანდიდატზე მისი გამარჯვება ბევრმა ლეიბორისტმა დეპუტატმა იმის დასტურად მიიჩნია, რომ სწორედ ის იყო ყველაზე შესაფერისი კანდიდატი კირ სტარმერის შესაცვლელად.
ლეიბორისტული პარტიის სხვა გავლენიანმა ფიგურებმაც, მათ შორის, ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა საკუთარი ამბიციები გვერდზე გადადეს და ბერნემს დაუჭირეს მხარი. მათ შეუერთდა პარტიის დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობაც.
შედეგად ბერნემი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კონკურენციის გარეშე გახდა.
გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრი ხდება იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც თემთა პალატაში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს.
ბერნემმა განაცხადა, რომ ძირითადად იმ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, რომლის საფუძველზეც ლეიბორისტულმა პარტიამ 2024 წლის არჩევნები მოიგო. განსაკუთრებით ეს ეხება პირადი საშემოსავლო გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) და ეროვნული დაზღვევის ძირითადი განაკვეთების უცვლელად დატოვებას.
ამასთან, მან უკვე დაიწყო საკუთარი პოლიტიკური გეგმების წარმოდგენაც. ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში, ბერნემს სურს, პრემიერ-მინისტრის ოფისის დამატებითი გუნდი ლონდონიდან 150 მილზე (240 კილომეტრზე) მეტი მანძილით ჩრდილოეთით, მანჩესტერში განთავსდეს.
ბერნემმა ასევე მიანიშნა, რა გეგმები აქვს სოციალური დახმარების, სოციალური ზრუნვის, იმიგრაციისა და თავდაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, მან თქვა, რომ შესაძლოა სიმდიდრის გადასახადის შემოღებაც განიხილოს, თუმცა ბევრ სფეროში კონკრეტული პოლიტიკა ჯერ არ წარუდგენია.
მას ასევე მოუწევს თავისი მინისტრთა კაბინეტის უმნიშვნელოვანესი თანამდებობების დაკომპლექტება, მათ შორის ფინანსთა მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტებზე.
ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, თუმცა კაბინეტის არც ერთი წევრი ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.