ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები (Animal Project, Zero Strays Georgia, Peteasy, „ცუკა“ ფონდი, „საქმართალო ცხოველებისთვის”) მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ პრობლემებსა და მოქალაქეთა მზრუნველობაში მყოფი ცხოველების გაუჩინარების შემთხვევებზე საუბრობენ.
ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, 2025 წლიდან მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და თბილისში სისტემატურად ავრცელებენ ინფორმაციას მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების შესახებ. მათ შორის არიან უკვე სტერილიზებული, ვაქცინირებული, საჭდით მონიშნული, ჯანმრთელი და ადამიანებთან ადაპტირებული ცხოველები.
Animal Project-ის თანადამფუძნებლის, ნათია ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში მიუსაფარი ძაღლებისა და კატების რაოდენობის ზრდის მთავარი მიზეზი პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლება და მათი ქუჩაში მიტოვებაა.
მისი თქმით, პრობლემის ჰუმანურად და ეფექტიანად მოსაგვარებლად აუცილებელია ხუთი კომპონენტის ერთდროულად ამოქმედება:
- მიუსაფარი ცხოველების დათვლა და CNVR მეთოდით (დაჭერა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია და პირვანდელ გარემოში დაბრუნებ) პროგრამის განხორციელება;
- პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა;
- ცხოველების ქუჩაში მიტოვების მკაცრი კონტროლი;
- პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია;
- მოსახლეობისთვის სტერილიზაცია-კასტრაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება.
როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ აღირიცხება ცხოველის სტერილიზაციისა და ვაქცინაციის თარიღი, მიმკედლებლის ინფორმაცია, აყვანისა და დაბრუნების ზუსტი ადგილები. შესაბამისად, მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაამოწმონ, სად გადაიყვანეს ცხოველი და დაბრუნდა თუ არა ის კანონითა და პროგრამის პირობებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე.
როგორც Animal Project-ის წარმომადგენლმა, მარიამ ცერცვაძემ განმარტა, 2026 წლის აპრილში, აქტივისტების პროტესტის შემდეგ, შესაბამის რეგულაციებში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ ცხოველი აყვანის ადგილზე უნდა დაბრუნდეს, ხოლო უკვე სტერილიზებული ცხოველის ვაქცინაცია ადგილზე უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, მისი განცხადებით, მიუსაფრების გაუჩინარების შემთხვევები კვლავ გრძელდება როგორც რეგიონებში, ისე თბილისში.
„ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო მაგალითია 24 ივნისს გაუჩინარებული 35-ზე მეტი ცხოველი, რომლებიც საჩხერის ტერიტორიაზე, უღელტეხილთან ცხოვრობდნენ.
უკვე მეხუთე წელია, მოქალაქე სოფო აბაიშვილი და მისი მეგობრები საჩხერის უღელტეხილზე, მოქალაქეების მიერ მიტოვებულ ძაღლებს უვლიან. ეს გზა ქვეყანაში ცნობილია, როგორც ცხოველების მიტოვების ადგილი. ამ ცხოველების რაოდენობა 60-მდე მერყეობდა.
ხუთი წლის განმავლობაში მათ აჭმევდნენ, საკუთარი ძალებით ასტერილებდნენ, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობდნენ და გამოჯანმრთელებამდე დროებით შეფარებასაც უზრუნველყოფდნენ. ამ ყველაფერს ეს ადამიანები მოხალისეობრივად აკეთებდნენ. 21 ივნისს ყველა ძაღლი ადგილზე იყო.
24 ივნისს კი მათი გარკვეული რაოდენობა უბრალოდ გაქრა, 29 ივნისისთვის ნახევარი უღელტეხილი მთლიანად გაწმენდილი იყო. ჯამში გაუჩინარებულია 25-ზე მეტი ზრდასრული ძაღლი და 10-ზე მეტი ლეკვი. მას შემდეგ გავიდა ერთი თვე და ამ ცხოველების კვალს ვერავინ მიაკვლია.
ცხადია სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს რომ მათ ეს ცხოველები არსად წაუყვანიათ, თუმა 2025 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ სტერილიზაციის პროგრამა დაიწყო, ასობით ადამიანი იმავე ისტორიას ყვება, რაც სრულიად საფუძვლიან და ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურა გამიზნულად ცრუობს“, – თქვა Zero Strays Georgia-ს წარმომადგენელმა მარიამ შეყილაძემ.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მოთხოვნებია:
- ყველა საეჭვო გაუჩინარების შემთხვევაზე დაიწყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, ხოლო შესაძლო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ;
- სრულად გაიცეს კანონით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ცხოველების აყვანის, მკურნალობის, სტერილიზაციის, ვაქცინაციის, გარდაცვალებისა და დაბრუნების შესახებ მონაცემები;
- მოქალაქეებსა და უფლებამოსილ დამკვირვებლებს მიეცეთ თავშესაფრებში ვიზიტისა და პირობების შემოწმების შესაძლებლობა;
- შეიქმნას და რეალურად ამოქმედდეს ცხოველთა ერთიანი, გამჭვირვალე ელექტრონული ბაზა, სადაც თითოეული ცხოველის საჭდის ან მიკროჩიპის ნომრით შესაძლებელი იქნება მისი ისტორიის გადამოწმება;
- გადაყვანილი ცხოველი დაბრუნდეს იმ ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს;
- შესყიდვებისა და ტენდერების შესახებ გამოქვეყნდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის კომპანიების გამოცდილება, ვეტერინარული პერსონალის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს შედეგები.