რუსეთი კახეთში მომხდარზე საქართველოსგან სამართლებრივ შეფასებას ელოდება

პუბლიკა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოს ორგანოების მხრიდან რუს ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას ელოდება – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

„საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემენ სიტუაციას, მათ შორის, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქის აგრესიულ ქმედებებს, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქის მიმართ, რომლის ვიდეოც მედიაში გავრცელდა“, — განაცხადეს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში.

მათვე აღნიშნეს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის კონფლიქტის შესახებ ცნობილი მედიიდან გახდა, რადგან დაზარალებულს რუსეთის ინტერესების სექციისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.

დაკავებულის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა TASS-ს დაუდასტურა, რომ დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. მას ასევე აქვს თურქეთის მოქალაქეობაც.

შემთხვევასთან დაკავშირებით ორი დღის წინ კომენტარი გააკეთა რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა.

„ადამიანმა, რომელმაც ზიანი მიაყენა სხვა ადამიანს, მიუხედავად მისი ეროვნებისა და მოქალაქეობისა, პასუხი უნდა აგოს, თუკი საქმე მხოლოდ ამას ეხება. ეჭვგარეშეა, რომ ისინი, ვინც მას „თავისიანის არგაცემის“ პრინციპით ამართლებენ, უბრალოდ აზიანებენ თვითონ საქართველოს იმიჯს. თუმცა, ჩემი აზრით, მოძალადის მეგობრების საქციელის განზოგადება თბილისში მცხოვრებ ყველა ადამიანზე ან მთელ საქართველოზე არ ივარგებდა“, — განაცხადა მან.


19 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს გიორგი ჭიღლაძე.

შემთხვევას წინ უძღოდა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მონაწილეებსა და სასტუმროს სტუმარ ქალებს შორის დაპირისპირება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გიორგი ჭიღლაძე სასტუმროს ნომერში მყოფ რუს ქალს ეკამათება, შემდეგ კი სახეში ხელს ურტყამს. ვიდეო რუსეთის მოქალაქეებმა გაავრცელეს და კონფლიქტის დაწყების მიზეზად მათ მიერ რუსულად ლაპარაკი დაასახელეს.

კონფლიქტის დაწყების მიზეზად რუსულ საუბარს უარყოფს დაცვის მხარე. ადვოკატი ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი ქალების პროვოკაციული საქციელი – შეურაცხმყოფელი კომენტარები და სითხის გადმოსხმა – გახდა.

ბრალდებულის ადვოკატის, ლაშა კაპანაძის თქმით, ქალმა ყელის არეში დაზიანება თავად ჭიღლაძესაც მიაყენა.

„გიორგი ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“, – თქვა ადვოკატმა.

პროკურატურამ გიორგი ჭიღლაძეს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით წარუდგინა. ის სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი რუსი ქალი, ალიონა ნესტერიუკი სითხის განზრახ გადასხმას და სიტყვიერ შეურაცხყოფას უარყოფს. 

სასტუმრო „აგარანის მამულის“ განცხადებით, სტუმრებს და ქორწილის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმა.

მათი მტკიცებით, ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმრო საქმეში ჩაერთო და კონფლიქტის განეიტრალებას შეეცადა – სასტუმროს თანამშრომლები ავიდნენ სტუმრებთან და ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ. მათვე ქორწილის მონაწილეებს აცნობეს, რომ გეგმავდნენ სტუმრების სხვა ნომერში გადაყვანას.

სასტუმრო წერს, რომ ეძებდნენ ალტერნატიულ ნომერს და გეგმავდნენ სხვა სასტუმროში გადაყვანასაც, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს – ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე.

ადვოკატ ლაშა კაპანაძის თქმით, სასტუმრომ პოლიცია გამოიძახა „როდესაც უკვე ყველაფერი დასრულდა“.

სასტუმროს განცხადების მიხედვით, პოლიცია სასტუმროში მაშინ მივიდა, როცა ყველაფერი უკვე მომხდარი იყო.