სომეხი მოჭიდავეები ბაქოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

პუბლიკა

ავტორი: აითან ფარჰადოვა

სომეხი მოჭიდავეები ბაქოში, 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რაც 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანში გამართულ ღონისძიებებში სომეხი სპორტსმენების მონაწილეობის პირველი შემთხვევა იქნება. ეს ნაბიჯი უკავშირდება ორი ქვეყნის მიერ გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო გაფორმებისკენ, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტს წერტილი უნდა დაუსვას.

სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას თითქმის 20 სპორტსმენი მიიღებს. შეჯიბრება 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაგრძელდება.

აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელმა სარხან მუსაევმა OC Media-ს განუცხადა, რომ სომხეთის ეროვნულმა გუნდმა ბოლო მომენტში შეცვალა გადაწყვეტილება და ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი აღარ თქვა.

„თავდაპირველად სომხეთის გუნდი მონაწილეობას არ აპირებდა. ამის შესახებ სომხურ მედიაშიც ფართოდ იწერებოდა, თუმცა მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და ჩვენ მათ სრულ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა მუსაევმა.

განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ თქვა თავიდან სომხურმა მხარემ უარი ან რატომ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, არ გავრცელებულა.

2023 წელს, სროლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, სომხეთის გუნდმა დარეგისტრირდა ბაქოში გამართულ შეჯიბრზე, თუმცა მოგვიანებით მონაწილეობა უსაფრთხოების მოსაზრებებით გააუქმა.

მანამდე სომეხი სპორტსმენები მონაწილეობდნენ ბაქოში გამართულ უფროსთა მსოფლიო ჩემპიონატში 2007 წელს და 2015 წლის ევროპის თამაშების ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრებებში.

ამ ტურნირებზე საუბრისას მუსაევმა განაცხადა: „ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შეგვხვედრია – არც უსაფრთხოების კუთხით და არც რაიმე სხვა ინციდენტის სახით“.

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის გამო სომხური გვარის მქონე პირებს, ან თუნდაც მათ, ვისი გვარიც სომხურად ჟღერს, შესაძლოა უარი ეთქვათ აზერბაიჯანში შესვლაზე, თუმცა ბაქო უარყოფს, რომ ასეთ პრაქტიკას მიმართავს.

2014 წელს თურქ სპორტსმენ ზაფერ ნოიანს აზერბაიჯანში შესვლაზე უარი უთხრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი მისი გვარის სომხურად ჟღერადობა იყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სომხეთის შესახებ სამოგზაურო რეკომენდაციაში კვლავ აღნიშნულია: „სამართალდამცავ ორგანოებს ზოგჯერ დაუკავებიათ სომხეთიდან ჩამოსული პირები ან სომხური გვარის მქონე ადამიანები დაკითხვის მიზნით, ან უარი უთქვამთ მათთვის ქვეყანაში შესვლაზე“.

სარხან მუსაევმა OC Media-ს განუცხადა, რომ საზღვარზე არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

„რაც შეეხება სომეხ სპორტსმენებს – ყველა აუცილებელი ზომა ტარდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ წარმოიშვას რაიმე გართულება მათი ქვეყანაში შესვლისა თუ ქვეყნიდან გასვლის დროს“, – განაცხადა მუსაევმა და დასძინა, რომ „ყველა სახელმწიფო უწყება და უსაფრთხოების სამსახური ინფორმირებულია ამ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ, ისინი ერთობლივად მოქმედებენ და ამ საკითხში მხარს გვიჭერენ“.

სომეხი სპორტსმენები განთავსდებიან ბაქოს სპორტსმენთა სოფელში, რომელიც აზერბაიჯანში ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეებისთვის არის განკუთვნილი.

სპორტსმენებს შორის შესაძლო ინციდენტების საკითხზე საუბრისას მუსაევმა ხაზი გაუსვა, რომ ფედერაცია ამ თემაზე აზერბაიჯანელ მოჭიდავეებთან რეგულარულად მართავს შეხვედრებს:

„ჩვენ ადგილობრივ სპორტსმენებს, როგორც ზოგადად, ისე უშუალოდ შეჯიბრებების წინ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ აგრესიული ქცევისგან ნებისმიერი მეტოქის მიმართ, იქნება ის სომეხი, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი თუ სხვა ეროვნების სპორტსმენი, და გამარჯვების აღნიშვნას ნუ დაურთავენ პოლიტიკურ განცხადებებს“.

მუსაევმა ასევე განაცხადა, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსი სპორტსმენები, რომლებიც წარმოშობით სომხები არიან.

თუმცა ამერიკელმა მოჭიდავე გალუსტ ტოროსიანმა, რომელიც ასევე სომხური წარმოშობისაა, უსაფრთხოების რისკების გამო უარი თქვა ბაქოში U17 მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.