ვერაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულის დედა: „პოლიციიას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღები-მეთქი“

პუბლიკა

გუშინ ვერაზე 3 ადამიანის დაჭრასა და 1 არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკა კაპანაძის დედამ „ტვ პირველს“ უთხრა, რომ მის შვილს სამი იარაღი ჰქონდა გაფორმებული. რამდენიმე წლის წინ მან პოლიციას თავად სთხოვა, რომ მისი შვილი „კარგად არ იყო და იარაღები წაიღოთ.“

როგორც დედა ჰყვება, მაშინ პოლიციამ ერთთვიანი შემაკავებელი ორდენიც გამოწერა, იარაღები წაიღეს, მაგრამ უკანვე დააბრუნეს.

„იარაღით იყო სულ სახლში, პოლიციას არ უშვებდა. მე გამომიყვანეს საერთოდ. უცებ, ორჯერ ხმა იყო უსაშველო, იარაღის ხმა არ იყო, რაღაც სხვანაირი ხმა იყო. ისინი მოვიდნენ, სპეცრაზმელები იყვნენ. ეშინოდათ, მე ვუთხარი, ნუ მიხვალთ კარებთან, მე მიმიშვით, ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა, თქვენ რომ დაიხოცოთ-მეთქი, მე მესროლოს, მათ გამაჩერეს, არაო… ის ბავშვი არ მომკვდარიყო, ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ, ნეტა ეს მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო“,- უთქრა მან „ტვ პირველს.“

როგორც დედა ჰყვება ბრალდებულს სამი იარაღი ჰქონდა გაფორმებული.

„იარაღი გაფორმებული ჰქონდა. სანამ [მენტალური ჯანმრთელობის] პრობლემები ექნებოდა, მანამდე ჰქონდა გაფორმებული. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა ჩემს მიმართაც დაიწყო … რა გამოვიდა, ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციიას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღები-მეთქი, წაიღეს და უკან დააბრუნეს. 4-5 წელია იმის მერე. ისე სამი იარაღი აქვს, რომელიც გაფორმებული აქვს ძველი, ხმარებაში ახლა ერთი ჰქონდა…“,- ამბობს დედა.

22 ივლისის საღამოს თბილისში, ვერაზე, სროლა იყო. დაიჭრა 4 ადამიანი, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი – 17 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას თითებზე დაზიანება მიიღო, რადგან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალეიშვილმა თქვა, რომ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა. „სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. რითი იყო მიყენებული და სად ჰქონდა [ტრავმა], სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ იქნება დასკვნა“, – თქვა მან.

კიდევ ორი დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი. კლინიკის დირექტორის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. „ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი. ორივეს სჭირდებოდა ოპერაცია. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს – მარცხენა მტევნის არეში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მან.

კიდევ ერთი დაჭრილი ტაქსით გადაადგილდებოდა, მას ბრმა ტყვია მოხვდა. ექიმის ცნობით, ქალს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.