ექიმი გიორგი ახობაძე პოლიციამ სახლში დააკავა

პუბლიკა

ექიმ გიორგი ახობაძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. ცოტა ხნის წინ მასთან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი მივიდა. 

დღეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გიორგი ახობაძეს 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა მას სასამართლოს დადგენილება საცხოვრებელ სახლში გააცნეს, რის შემდეგაც დააკავეს.

პოლიციელების განმარტებით, ახობაძე დამნაშავედ არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის შეურაცხყოფა) და 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით. (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა).

სამთავრობო „იმედის” ცნობით, სასამართლომ დღეს ორი ადმინისტრაციული საქმე განიხილა. პატიმრობის საფუძველი შეურაცხმყოფელი ქმედებების განმეორებითი ხასიათი გახდა.

არხის თქმით, საქმე მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს არ ეხებოდა, არამედ ახობაძემ სატელეფონო საუბრის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და კანცელარიის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც საქმეზე მოწმის სტატუსით იყვნენ გამოკითხულები.

როგორც „იმედი” ამბობს, ახობაძე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამოღებული მობილური ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ექიმმა გიორგი ახობაძემაც.

„დამნაშავედ ჩამთვალეს ჩამდები პოლიციელების გინებაში. გაბრაზდნენ, გაცოფდნენ, გამწარდნენ და პლიუს ტელეფონის დაბრუნებას რომ ვთხოდი, ერთი წელია იქ აქვთ და 3 კვირა რომ არც ერთი შემომეხმიანა, ცეკაპედეს კანცელარიის ხაზზე მოვიხსენიე რაც არიან და როგორებიც არიან” – თქვა TV პირველთან ახობაძემ.

ადვოკატ მიხეილ ზაქარეიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალურ ვადას – 60 დღეს, თუმცა მანუჩარ ცაცუამ 25 დღე შეუფარდა. 

„ძირითადად საუბარი იყო იმაზე, რომ არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ გიორგი ახობაძემ კონკრეტულად ვიღაცას მიაყენა შეურაცხყოფა. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ჩამდებ პოლიციელებს აგინებს და შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი ამბობდა, რატომ მიიღო მან საკუთარ თავზე ჩამდები პოლიციელობა…დამატებით იყო ისეთი ტერმინების გამო, როგორიცაა მატყუარა, მოღალატე და მსგავსი ტერმინები” – განაცხადა მედიასთან მიხეილ ზაქარეიშვილმა.

ამ დროისთვის გიორგი ახობაძე ორთაჭალაში, შსს-ს შენობაში გადაჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია, რომელ იზოლატორში მოათავსებენ მას.