ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ნიკოლოზ ხურცილავა 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

პუბლიკა

მოსამართლე თამარ ეპიტაშვილმა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ნიკოლოზ ხურცილავა 5000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

პროკურატურა მოითხოვდა საპატიმრო გირაოს 5000 ლარის ოდენობით. გამოძიება აცხადებდა, რომ ხურცილავა უნდა გაეთავისუფლებინათ, ვინაიდან „მან დანაშაული აღიარა და დანაშაულის განმეორების საფრთხე ნაკლებია“.

სწორედ პროკურატურა, ანუ ბრალდების მხარე წარმოადგენდა ონისე ოქრიაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

ადვოკატებმა, რომლებიც ნიკოლოზ ხურცილავას იცავდნენ, სასამართლოს გირაოსთან ერთად ელექტრონული სამაჯურიც შესთავაზეს.

მოსამართლე ეპიტაშვილმა თავდამსხმელს არასაპატიმრო გირაო შეუფარდა და სამაჯური არ დაუნიშნა.

22 ივლისს სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკოლოზ ხურცილავა. თავდასხმის საბაბად ხუმრობა სახელდება. ინციდენტს წინ უძღოდა სამთავრობო პროპაგანდა ოქრიაშვილის წინააღმდეგ.

ოქრიაშვილის თავდამსხმელს გამოექომაგა „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე და თქვა, რომ მზად არის, ხურცილავას თავდებში ჩაუდგეს.

ასევე, პირს – გიორგი ქართველიშვილს, რომელიც პოზიციონირებდა, როგორც ნიკოლოზ ხურცილავას მეგობარი და რომელსაც სამთავრობო მედია აქტიურად აშუქებდა, Facebook-ზე არაერთი ფოტო აქვს, სადაც ის „ქართული ოცნების“ ლიდერებთან პოზირებს.

სამთავრობო პროპაგანდა ონისე ოქრიაშვილის საწინაააღმდეგო კამპანიას აგრძელებს.

ნიკოლოზ ხურცილავას საქმის წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს დაინიშნა.