ახალი 3 შემთხვევის წყარო ცნობილია, ისინი უკავშირდება ბოლნისის სასწრაფოსა და სვანეთს

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან სამივეს წყარო ცნობილია. ისინი უკავშირდება ბოლნისსა და სვანეთს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დილით ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი და ჯამში ქვეყანაში გამოჯანმრთლებულია 98 ადამიანი. 313 კი კოვიდის სამკურნალო ცენტრებში აგრძელებს მკურნალობას.

ინფექციურ საავადმყოფოში 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა, ეზუგბაის თქმით, ფასდება, როგორც მძიმე.

„ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია. ისინი უკავშირდება ბოლნისის სასწრაფოსა და სვანეთს.

ის ორი მძიმე ავადმყოფი, რომლებზეც მუდმივად ვსაუბრობდით, ერთი კვირაა სტაბილურია და დღეს შეიძლება განვიხილოთ როგორ მძიმე. ამ ეტაპზე გვყავს 16 მძიმე ავადმყოფი.

გუშინდელი შემოსული ორი ახალი პაციენტიდანაც ერთ-ერთს უდასტურდება პნევმონია. სულ 17 მძიმე პაციენტი გვყავს.

მოზარდების მდგომარეობა, რომლებიც ყოველდღე გაინტერესებთ, დამაკმაყოფილებელია. დღეს ახალი შესაძლო შემთხვევა გვყავს ერთი, რომელსაც დღის მეორე ნახევარში ჩაუტარდება ტესტირება და ხვალ გავიგებ პასუხს“,  – განცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 411-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 98 ადამიანი; გარდაცვლილი – 4.