შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა.
უწყება წერს, რომ ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა და ანგარიშებზე არსებული თანხები ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო. აღნიშნულის თავიდან აცილების საბაბით, მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილ 48 983 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.